ჟანა დ’არკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟანა დ'არკი)
ჟანა დ’არკი

ჟანა დ’არკი (ფრანგ. Jeanne d’Arc), ორლეანელი ქალწული (ფრანგ. la Pucelle d’Orléans)[1] (დ. 6 იანვარი, 1412, სოფ. დომრემი, ზემო მაასი — გ. 30 მაისი, 1431, რუანი) — საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ, დაიბადა გლეხის ოჯახში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფანატიკურად მორწმუნე ჟანა დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, ორლეანს, რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. 1429 წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟანა გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟანა დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს მან თავისი ჯარით შეაღწია გარემოცულ ორლეანში. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟანა დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები ჟარჟო, ბოჟანსი და სხვა.

1429 წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟანა დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები ოსერი, ტრუა, შალონი, რეიმსი, სადაც 1429 წლის 17 ივლისს შარლ VII მეფედ აკურთხეს.

მისმა უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟანას დასახსნელად, ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.

1456 წლის 7 ივლისს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 — წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა 8 მაისი, ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟანა დ’არკის მეტსახელი, რომლითაც მას მოიხსენიებდნენ ასწლიანი ომის დროს ორლეანის ინგლისელების ხელიდან გათავისუფლების შემდგომ.