ალტიპლანო
ალტიპლანო (ესპ. მაღალი ვაკე) — მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ანდები ყველაზე განიერია. წარმოადგენს დედამიწაზე ყველაზე განიერ, მაღლა მდებარე პლატოს ტიბეტის შემდეგ. ტიტიკაკას ტბა სწორედ ალტიპლანოში მდებარეობს.
სექციების სია |
მდებარეობა[რედაქტირება]
ალტიპლანო ცენტრალური ანდების შიგა ნაწილია, რომელიც იკავებს ჩრდილოეთი არგენტინისა და ჩილეს, დასავლეთ ბოლივიისა და სამხრეთ პერუს ტერიტორიებს. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 3 750 მეტრია,[1] ოდნავ ნაკლები, ვიდრე ტიბეტის მთიანეთი. ტიბეტისგან განსხვავებით, ალტიპლანო გამოირჩევა აქტიური ვულკანების მთლი მასივით, ძირითადად დასავლეთ ნაწილში, ცენტრალურ ვულკანურ ზონაში. აქ მდებარეობს ისეთი ვულკანები, როგორებიცაა: ამპატო (6288 მ), ნევადო-სახამა (6542 მ), პარინაკოტა (6348 მ), გუალიატირი (6071 მ), უტურუნკუ (6008 მ), ლიკანკაბური (5916 მ).[2] ვულკანებით ასევე გამოირჩევა ალტიპლანოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი კორდილიერა-რეალი. ალტიპლანოს სამხრეთ დასდავლეთით მდებარეობს ატაკამა, მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო, ხოლო აღმოსავლეთით - ამაზონის ჯუნგლები.
ისტორია[რედაქტირება]
პლეისტოცენის ეპოქის სხვადასხვა დროს, სამხრეთი და ჩრდილოეთი ალტიპლანო დაფარული იყო ვრცელი ტბებით. დღეს მათი ნარჩენებია ტიტიკაკა პერუ-ბოლივიის საზღვარზე, მინერალების მაღალი შემცველობის ტბები პოოპო, სალარ-დე-უიუნი და კოიპასა სამხრეთ ბოლივიის ორუროს დეპარტამენტში. ეს სამი უკანასკნელი მსოფლიოში უდიდესი მარილის აუზებია.
კლიმატი[რედაქტირება]
ალტიპლანოში კლიმატი ცივი, ნახევრად-მშრალიდან მშრალში გარდამავალია. საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 3°C-დან (დასავლეთით) 12°C-მდე (ტიტიკაკას ტბის სიახლოვეს). ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელიც 200 მმ-დან (სამხრეთ-დასავლეთით) 800 მმ-მდე (ტიტიკაკას სიახლოვეს) მერყეობს. მაქსიმალური ტემპერატურა 12 - 24°C-ია, მინიმალური -20°C.
ალტიპლანოში მდებარე მთავარი, ყველაზე ცნობილი ქალაქია ბოლივიის ფაქტიური დედაქალაქი ლა-პასი.