ტიბეტის მთიანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიბეტის მთიანეთი
Himalayas-Lhasa15.JPG
ტიბეტის მთიანეთი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აზია
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
მდებარეობა ტიბეტის ავტონომიური რეგიონი
ცინხაი (ჩინეთი)
ჯამუ და ქაშმირი (ინდოეთი)
კოორდინატები 33°00′ ჩ. გ. 88°00′ ა. გ. / 33.000° ჩ. გ. 88.000° ა. გ. / 33.000; 88.000
გეოგრაფია
ფართობი 2 მლნ. კმ². კმ²
სიგრძე 1000 კმ (ჩრდილოეთიდან სამხრეთსაკენ) 2500 კმ (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ) კმ
სიმაღლე 6000 მ 
მყინვარი ძირითადად სამხრეთ ნაწილში

ტიბეტის მთიანეთი (ჩინ. 青藏高原) — მთიანეთი ცენტრალურ აზიაში, უმთავრესად ჩინეთში. ფართობი დაახლოებით 2 მლნ. კმ². საშუალო სიმაღლე 4-5 ათ. მ. დასავლეთით ესაზღვრება ყარაყორუმი, ჩრდილოეთით კუნლუნი, აღმოსავლეთით ჩინეთ-ტიბეტის მთები (ზოგჯერ ამ მთათა სისტემებსაც აერთიანებენ ტიბეტის მთიანეთში), სამხრეთით — ჰიმალაის მთები. ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში (ადგილობრივი სახელწოდება ჩანგტანი) 4600-5200 მ სიმაღლეზე მდებარე სუსტად ბორცვოვან და ბრტყელ ვაკეებს ცვლის განედური და სუბგანედური მიმართულების მოკლე ქედები (სიმაღლე 6000 მ-მდე). მიუხედავად დიდი სიმაღლისა, ჩანგტანს აქვს საშუალომთიანეთის სახე. ცალკეული მწვერვალები აღმართულია თოვლის მიჯნაზე მაღლა, სადაც განვითარებულია რელიეფის ალპური ფორმები და მყინვარები. ტროგული ხეობები, მორენები და კარები 4500 მ სიმაღლემდე ეშვება. ტიბეტის მთიანეთის კიდეებზე პერიფერიული ქედების კალთები ციცაბოა და ხეობებით არის დანაწევრებული.

ტიბეტის მთიანეთი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში. წარმოადგენს შუალედი მასივის იერის წარმონაქმნს. ტიბეტის მთიანეთში გამოყოფენ სხვადასხვა გეოლოგიური განვითარების ისტორიის მქონე რაიონებს. ჩრდილო ტიბეტი უმთავრესად აგებულია ზედა პალეოზოური კარბონატული და ცარცული წითელი ფერის ქანებით; ყარაყორუმ-ტანგლის რაიონში გავრცელებულია პერმული და ტრიასული ასაკის ზღვიური ნალექები; დიდი ტბების რაიონში ვრცელი ფართობი უკავია იურულ, კონტინენტურსა და ცარცულ ზღვიურ ნალექებს; განდისიშანის რაიონი (ტრანსჰიმალაი) აგებულია კარბონული და პერმული ქვიშა-ფიქლოვანი ქანებით, ცარცული ვულკანური ქანებითა და გრანიტებით; ცანგპოსა და ინდის ზემოთის რაიონი აგებულია ცარცულ-პალეოგენური ქვიშა-ფიქლიანი ქვიშით. კაინოზოური ერის შუა ხანამდე ტიბეტის მთანეთი უმთავრესად განიცდიდა დაძირვას და მისი დიდი ნაწილი ზღვას ეკავა. აზევება მან გვიანდელ კაინოზოურ ერაში განიცადა. ამჟამად ტიბეტის მთიანეთი ახალგაზრდა ვულკანიზმის არეა, ბევრია თერმული წყარო, ახასიათებს დიდი სეისმურობა. ტიბეტის მთიანეთში არის ოქროს, კასიტერიტის, პოლიმეტალური მადნებისა და ქვანახშირის საბადოები. გაუმდინარე ტბებში სოდისა და ბორაკის დიდი მარაგია.

ტიბეტის მთიანეთის ჰავა მკაცრია და მშრალი. ზამთარი ხანგრძლივია და მცირეთოვლიანი, ყინვები — 32°C-მდე აღწევს. ზაფხული გრილია. ხშირია წაყინვები. ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში უფრო თბილი ჰავაა. ტიბეტის მთიანეთის დიდ ნაწილზე 100-200 მმ ნალექი მოდის წელიწადში, კიდეებზე — 500 მმ, სამხრეთში — 700-1000 მმ. ჩანგტანში თოვლის მიჯნა დაახლოებით 6000 მ სიმაღლეზე გადის. განსაკუთრებით ბევრი მყინვარია ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.

ტიბეტის მთიანეთი უმთავრესად დახშული აუზია. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე სათავე აქვს მდინარეებს: ხუანხეს, იანძის, მეკონგს, სალუინს, ბრაჰმაპუტრას და სხვა. ტექნონიკური ღრმულების ძირზე ბევრია წყალმცირე მლაშე ტბა, მათ შორის ნამცო, სელინგი და სხვა, რომელთაც დაბალი და დაჭაობებული ნაპირები აქვთ. ტბები ნოემბრიდან მაისამდე გაყინულია.

ტიბეტის მთიანეთში განვითარებულა მაღალმთიანეთის სტეპისა და უდაბნოს ნიადაგები, კიდეებზე — მდელოსტეპისა და მთის მდელოს ნიადაგები. ჭარბობს მაღალმთიანეთის ცივი უდაბნო და ნახევარუდაბნო მეჩხერი ბალახებითა და ბუჩქბალახებით, გვხვდება მარცვლოვანებიც. ჩანგტანის ჩრდილოეთ ნაწილში ხავსები და მღიერებია, ადგილ-ადგილ — მდელოები. ტიბეტის მთიანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ კიდეზე მთის სტეპია, მდინარეთა ხეობების გასწვრივ — ბუჩქნარი და ტუგაის ტყე.

ცხოველებიდან ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობენ გარეული ჩლიქოსნები: იაკი, ანტილოპები — ორონგო და ადა, კიანგი, კუკუიამანი, არხარი; ბევრია კურდღელი, მგლინავა, მემინდვრია. მტაცებლებიდან გვხვდება დათვი, მგელი, მელა, ტურა, ჯიქი; ფრინველებიდან — შურთხი, საჯა, მთიულა, ჰიმალაიური ორბი, გრძელკუდა ფსოვი და სხვა. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე მდელოსტეპის ცხოველებია — კაბარგუ, მუშკი; ფრინველებიდან — ხოხობი, მტრედი, ძერა, შავარდენი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]