აიეტი (მითოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აიეტი (ძვ. ბერძნ. Αἰήτης) — ძველი კოლხეთის მითიური მეფე. ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე" ვაჟი, პასიფაესა და კირკეს ძმა, იდიას ქმარი, მედეას, ქალკიოპესა და აფსირტეს მამა.

სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა.

ოქროს საწმისი[რედაქტირება]

აიეტი იყო ძლიერი და მკაცრი მეფე. რამდენიმე ხნის შემდეგ აიეტის ქვეყანას მიადგა ფრიქსე ოქროს ვერძით. მეფის თანხმობით ვერძი ზევსს შესწირა, ოქროსბეწვიანი ტყავი კი აიეტს მიართვა, რომელმაც იგი არესის ჭალაში ხეზე ჩამოაკიდებინა.

სხვა მითის მიხედვით, ფრიქსე კოლხეთში ოქროს ვერძით კი არ მივიდა, არამედ გემით. გემზე მას ჰქონდა საბერძნეთიდან წამოღებული ოქროს ქანდაკება და ის უძღვნა აიეტის ქალიშვილის — ქალკიოპეს მითხოვების სამაგიეროდ. ამის შემდეგ აიეტს სამისნომ უწინასწარმეტყველა, რომ აღესრულებოდა მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში უცხოელები მივიდოდნენ და ფრიქსეს მირთმეულ საჩუქარს უკან წაიღებდნენ. ამ მიზეზითა და თავისი სისასტიკის წყალობითაცო, გადმოგვცემენ ძველი ისტორიკოსები — აიეტმა გასცა განკარგულება: — ყველა უცხოელი, ვინც კი კოლხეთში რაიმე მიზეზით გამოჩნდებოდა, განუკითხავად შეეწირად მსხვერპლად. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი სისასტიკის ამბავი შორს წასულიყო და ვერავის გაებედა კოლხეთში მისვლა ოქროს საწმისის წამოსაღებადო, გადმოგვცემენ ძველი კომენტატორები.

ყოველივე ამის მიუხედავად, გარკვეული დროის შემდეგ აიას მიადგნენ არგონავტები. მედეას მეშვეობით ისინი გადაურჩნენ მსხვერპლად შეწირვას, აიეტის სასახლეში მივიდნენ და ოქროს საწმისი მოითხოვეს. აიეტმა იასონს რამდენიმე ძნელი, თითქმის შეუსრულებელი დავალება მისცა, მაგრამ მედეას დახმარებით, რომელსაც შეუყვარდა ელინი ვაჟკაცი, მან ყველა დავალება შეასრულა და კვლავ აიეტს წარუდგა. გაოცებულმა, დაეჭვებულმა და განრისხებულმა აიეტმა გმირები ვახშამზე მიიწვია და მათი ამოხოცვა (ზოგი ვარიანტით არგოს დაწვა) განიზრახა. იმ ღამეს აიეტი აფროდიტემ ცოლის სარეცელზე ჩააძინა, ამასობაში მედეამ იასონს ყველაფერი უამბო, მერე მასთან ერთად არესის ჭალაში წავიდა, საწმისის მცველი დრაკონი რაღაც წამლისა და ლოცვის მეშვეობით დააძინა (ზოგი ვარიანტით რაღაც ხერხების საშუალებით მოაკვლევინა იასონს), არგონავტებმა საწმისი მოიტაცეს და მედეაც თან გაიყოლიეს. სხვა მითები გადმოგვცემენ, რომ აიეტმა მათ მიუსწრო ზღვის სანაპიროზე, შეებრძოლა, პირადად მან მოკლა იფიტე, მისი ამალიდანაც ბევრი დაიხოცა. ცხარე ბრძოლაში, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, აიეტი დაიღუპა მელეაგროსის ხელით. აიეტი ითვლება ჰელიოსის (მზის) ვაჟად. აიეტმა კოლხეტი იმ დროის უძლიერესსახელმწიფოდ აქცია.[წყარო არ არის მითითებული 66 დღე]}}

ვერსიები[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ აიეტს გააჩნია მრავალი, ზებუნებრივი თვისება, შესაძლებელია იგი მაინც იყოს რეალური, ისტორიული პიროვნება, რომელსაც დროთა მსვლელობაში დიდი სიძლიერის, სიმკაცრისა და გავლენიანობის გამო ახალ-ახალი თვისებები და ეპითეტები მოარგეს, ნახევარ ღმერთად აღიარეს და მითოლოგიის ლამაზი სამოსით შემოსეს.

წყაროები[რედაქტირება]