არგონავტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არგონავტთა ლაშქრობა
Lorenzo Costa 001.jpg
მდებარეობა კოლხეთი
დაგეგმა იასონმა
მიზანი ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება
თარიღი ძვ. წ. 1350–1300.
ძვ. წ. 1263–1257.
ძვ. წ. 1189–1180
განახორციელა არგონავტებმა
შედეგი არგონავტებმა მოიპოვეს ოქროს საწმისი

არგონავტები (ძვ. ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“.

სასწაულმოქმედი ოქროს ვერძი

ორქომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს - ფრიქსესა და ჰელეს - დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როდესაც ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

არგონავტების შეკრება

არგონავტების შეკრება

იოლკოსის მეფე კრეთევსმა ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგანაც შეეძინა სამი შვილი: ესონი, ამითაონი და ფერესი. ტიროს მანამდეც ჰყავდა პოსეიდონისაგან ორი შვილი: ნელევსი და პელიასი. პელიასმა ჯერ საკუთარი ძმა განდევნა, ხოლო კრეთევსის სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმას, ესონს, წაართვა კანონიერი ტახტი. ესონი მხოლოდ დედის ვედრებამ გადაარჩინა სიკვდილს. პელიასს ძალიან ეშინოდა ორი წინასწარმეტყველების. ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მას ეოლოსის შთამომავალი მოკლავდა, მეორეს მიხევით კი, საფრთხე ცალსანდლიანი კაცისაგან ელოდა. ესონმა ცოლად შეირთო ალკიმედე და მათ ვაჟიშვილი ეყოლათ, რომელსაც პელიასი მოკლავდა, რომ არა ბავშვის მშობლები, რომლებმაც ხმა გაავრცელეს თითქოს ბავშვი დაიღუპა. სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელმაც ბავშვს იასონი ანუ „განმკურნებელი“ უწოდა.

იასონმა ქირონის გამოქვაბულში გაატარა სიყმაწვილის წლები. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც იასონმა მიატოვა ქირონი და გაემართა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად, გზად მიადგა მდინარე ანავროსს. ხშირი წვიმების გამო მდინარე საოცრად ადიდებულიყო. ესონის ძეს მდინარესთან შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვანა მეორე ნაპირზე. ამ გადასვლის დროს, იასონმა სრულიად შემთხვევით დაკარგა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის სახე თავად ქალღმერთ ჰერას ჰქონდა მიღებული, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.

არგონავტებთან წასასვლელად გამზადებული პელევსი თავის ვაჟს, აქილევსს აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ ქირონს უტოვებს. შავფიგურიანი ლეკითოსი. დაახლ. ძვ.წ. 500წ.

იასონის იოლკოსში შესვლა დაემთხვა დიდ რელიგიურ დღესასწაულს. თავად პელიასი ასრულებდა პოსეიდონის საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვას. იასონმა ქალაქში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. როდესაც ეტლით მისულმა პელიასმა დაინახა ცალსანდლიანი ჭაბუკი, შიშმა მოიცვა. მან იასონს ვინაობა გამოკითხა და შეიტყო, რომ ესონის ძე ტახტის დასაბრუნებლად იყო მისული. პელიასი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო. მან იასონთან სპეციალურად ჩამოაგდო საუბარი ოქროს საწმისზე და დაარწმუნდა ძმისშვილი, თითქოს ფრიქსეს სულმა მოუწოდა ოქროს საწმისის დაბრუნება. თუკი იასონი შესძლებდა ამ დავალების შესრულებას, მაშინ ის ტახტს მიიღებდა. პელიასი დაწმუნებული იყო დავალების განუხორციელებაში, მაგრამ იასონმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. იასონის თხოვნით, არესტორის ვაჟმა, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელსაც „არგო“ ეწოდა. მის ცხვირში თავად ათენამ ჩაარჭო მეტყველი მორი. ეს იყო აქაველთა პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ექსპედიცია, რომლის მეთაურად არგონავტებმა იასონი აირჩიეს. დანარჩენი არგონავტების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. აპოლოდორეს მიხედვით მათი რიცხვი ორმოცდახუთია.[1]. დიოდორე კი მათ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა ორმოცდათოთხმეტია.[2]. თეოკრიტე ამბობს, რომ ისინი იყვნენ 60 [3], სხვა ავტორების აზრით არგოზე 50 არგონავტი იმყოფებოდა [4]. საბოლოოდ, ყველა ბერძენი მწერალი ერთად ასახელებს 90–მდე არგონავტის სახელს.

კოლხეთისაკენ მიმავალი ფათერაკებიანი გზა

არგონავტების ლაშქრობა

ლემნოსელი ქალები

პაგასის სანაპიროდან არგონავტებმა დაიწყეს მათი ხანგძლივი გზა და კუნძულ ლემნოსზე გადაწყვიტეს გაჩერება. მათ ჩამოსვლამდე კუნძულზე საშინელი ამბები დატრიალდა. აფროდიტემ დასაჯა ლემნოსელი ქალები და მათ ისეთი უსიამოვნო სუნი აუვიდათ, რომ მათმა ქმრებმა თრაკიიდან შემოსული ქალებით გადწყვიტეს მათი შეცვლა. ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეში ამოწყვიტეს კუნძულზე მყოფი ყველა მამაკაცი. მხოლოდ დედოფალ ჰიფსიპილემ დაინდო თავისი მამა თოასი და დამალვით გადაარჩინა სიკვდილს.

ლემნოსელმა ქალებმა „არგო“ თრაკიელების ხომალდად მიიჩნიეს და მათთან საბრძველად გაემზადნენ. არგონავტებმა მათთან ეთალიდესი გაგზავნეს და მცირე ხნით კუნძულზე შეფარება სთხოვეს. ჰიფსიპილემ ქალები სათათბიროდ მიიწვია . თათბირის შედეგად გადაწყვიტეს, რომ ისინი კუნძულზე დაეტოვებინათ, მაგრამ დაუმალეს მამაკაცთა არ ყოფნის ნამდვილი მიზეზი. მათ უკვე აღარ ასდიოდათ უსიამოვნო სუნი და შეეძლოთ მოსულ ვაჟკაცებთან მისცემოდნენ სასიყვარულო განცხრომას. არგონავტებს ეამათ ლემნოსელ ქალებთან დარჩენა. თვით იასონმა შეიყვარა დედოფალი ჰიფსიპილე, რომელმაც მას შემდგომ ორი ძე, ევნეოსი და თოასი უშვა. არგონავტების ლაშქრობა დიდი ხნით გადაიდებოდა, რომ არა ჰერაკლე, რომელმაც არგონავტები სასტიკი სიტყვებით გაკიცხა. მიუხედავად ლემნოსელი ქალების მუდარისა, მათ დატოვეს კუნძული.

მეფე კიზიკოსი

ბერძნული მითოლოგია
ღმერთები
გმირები
სხვები

არგონავტები მთელი დღის ცურვის შემდეგ, საღამოს, ორფევსის რჩევით, ატლასის ასულ ელექტრას კუნძულს, სამოთრაკეს მიადგნენ, სადაც კაბირების მისტერიას ეზიარნენ. დილით მათ განაგრძეს გზა, გაიარეს ჰელესპონტი და მიადგნენ მთაგორიან კუნძულ არქტოსს, სადაც გეას ნაშიერები, საზარელი გიგანტები ცხოვრობდნენ. კუნძულის დანარჩენი ნაწილი დოლიონებს ეკავათ, რომელთა მეფეც ახალგაზრდა კიზიკოსი იყო. არგონავტები კიზიკოსს ესტუმრნენ, დოლიონები მათ მეგობრულად შეხვდნენ და კარგად გაუმასპინძლდნენ. „არგოსთან“ დარჩენილ მეზღვაურებს თავს დაესხნენ გიგანტები, თუმცა ჰერაკლეს ისრებმა მათ მუსრი გაავლო. არგონავტებმა გზა განაგრძეს, თუმცა მძლავრი ქარის გამო არგო კვლავ დოლიონების ქვეყანაში აღმოჩდნენ. სიბნელეში ვერც არგონავტებმა გაარჩიეს ის ადგილი, სადაც იყვნენ და დოლიონებსაც ისინი მტრები ეგონათ და მათ შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. შეტაკებისას იასონმა მეფე კიზიკოსი მოკლა. მეორე დილით ყველამ ერთად გამოიტირა მეფე და სხვა დაღუპულები. დამწუხრებულმა დედოფალმა კლიტემ ეს უბედურება ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო.

არგონავტები ცოტა ხანი კიდევ დარჩნენ ამ კუნძულზე. როდესაც ალკუნმა ჭიკჭიკით გადაუფრინა მათ, მოპსოსმა მეგობრებს აუხსნა, რომ ეს ქარის ჩადგომის ნიშნი იყო. გასვლამდე იასონს მხოლოდ დინდიმონის მთის ტაძარში შესვლა და რეასთან ვედრება დარჩენოდა. არგონავტებმა ყოველივე ეს აღასრულეს და მგზავრობა გააგრძელეს.

ჰილასი

მშვიდ ზღვაში არგონავტები აღენთნენ შეჯიბრის სურვილით; ვინ შეძლებდა მათ შორის ყველაზე დიდიხანს ნიჩბის მოსმას. როდესაც მოსაღამოვდა, მხოლოდ ჰერაკლეს ჰქონდა ნიჩბის მოსმის ძალა შერჩენილი, მაგრამ როდესაც არგონავტები მიზიის ნაპირებს მიადგნენ ჰერაკლეს ნიჩაბი გაუტყდა. ისისნი იძელებულნი გახდნენ ნაოირზე გადასულიყვნენ, რადგანაც ჰერაკლეს უქმად ყოფნა არ უყვარდა. ადგილობრივები მათ კარგად შეხვდნენ, მაგრამ არგონავტებს ბედი ახალ ფათერაკს უმზადებდა.

ჰერალეს ლაშქრობაში ჰყავდა წამოყვანილი მშვენიერი ჭაბუკი ჰილასი, რომელსაც იგი გვერდიდან არ იშორებდა. იმ საღამოს, როდესაც ყველა ვახშმობდა, ჰილასი წყლის მოსატანად გაემართა. მან ერთ წყაროეს მიაგნო, სადაც ნიმფები ფერხულს უვლიდნენ ხოლმე. ერთ-ერთ ნიმფას ძალიან მოეწონა ჰილასი, კისერზე ხელი მოხვია და მორევში ჩაითრია. ჰილასმა მხოლოდ საშველას დაძახებაღა მოასწრო. მისი ხმა შემოესმა მის საძებნად წამოსულ პოლიფემეს, მაგრამ თვითონ რადგანაც ვერ მიაგნო, მან ყველაფერი ეს ჰერაკლეს უამბო, რომელმაც ნიჩბის გასაკეთებლად გამოსადეგარ ხეს მიაგნო და უკან ბრუნდებოდა. მთელი ღამე ამაოდ ეძებდნენ ჰერაკლეს და პოლიფემე ჰილასს.

მეორე დილით არგონავტებმა ხომალდი სასწრაფოდ შეაცურეს ზღვაში და მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ შენიშნეს, რომ მათ შორის არ იყვნენ ჰერაკლე, პოლიფემე და ჰილასი. მათ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ ძეტემ და კალაისმა ისინი შეაჩერს. არგონავტების კამათი ჩააცხრო გლავკოსმაც, რომელიც წყლიდან ამოიმართა და აუწყა მათ, რომ ჰერაკლეს აიეტის სამეფოში მისვლა არ ეწერა. არგონავტები უკან აღარ დაბრუნდნენ და გზა განაგრძეს.

ამიკოსი

პოლიდევკესის მიერ დამარცხებული ამიკოსის მოსულიერების სცენა. ლუკანური წითელფიგურიანი ჰიდრია. ძვ.წ. 420-400წწ.

შემდეგ არგონავტები ბებრიკთა მხარეში შეჩერდნენ, რომელთა მეფე იყო ამიკოსი, პოსეიდონისა და ნიმფა მელიას ძე. მეფე ამიკოსი არავის აძლევდა თავისი ქვეყნის დატოვების უფლებას, თუ მას კრივში არ შეეჯიბრებოდა. მეფეს საშინელი ძალა ჰქონდა და ბევრი უცხოელი ჰყავდა მოკლული. მან არგონავტებს მისვლისთანავე აუწყა ამ წესის შესახებ. მისი გამოწვევა პოლიდევკესმა მიიღო. შერკინება სანაპიროზევე გაიმართა. თავდაპირველად ამიკოსი იგებდა, თუმცა პოლიდევკესი მას უსხლტებოდა, ბოლოს თვითონაც გადავიდა შეტევაზე, ერთი მუშტის დარტყმით მეფეს ძვლები ჩაულეწა და სიცოცხლეს გამოასალმა. განრისხებული ბებრიკები არგონავტებს დაესივნენ, მაგრამ მინიებმა ისინი დაამარცხეს. ღამით ღმერთებს მსხვერპილი შესწირეს და ნადიმი გამართეს.

ფინევსი

არგონავტებმა გზა გააგრძელს და მეორე დღეს ბითვინის მიწის პირდაპირ შეჩერდნენ, სადაც მეფობდა ფინევსი, აგენორის ძე. იმის გამო რომ მან აპოლონის მიერ მონიჭებული მისნობის ნიჭი არასწორად გამოიყენა, ღმერთების საიდუმლოებები ხალხს გაუმხილა, ის ადამიანებს შორის ყველაზე მეტად იტანჯებოდა. ღმერთებმა ის დააბრმავეს და სამუდამოდ დააბერეს. ასევე არ შეეძლო საკვების მიღება, რადგანაც ყოველ ჯერზე ჩიტები უკენკავდნენ საჭმელს და მხოლოდ ნამცეცებითღა იკვებებოდა. მას ეგონა, რომ არგონავტების სახით მხსნელები მოევლინენ. მისი დახმარება, ბორეასის ვაჟებს, კალაისს და ძეტესს შეეძლოთ და სანაცვლოდ ფინევსი დაჰპირდათ გზის დარჩენილი ნაწილის წინასწარმეტყველებას. სადილის დროს, როდესაც ჰარპიები მოფრინდნენ ბორეასის ფრთოსანმა ვაჟებმა ისინი განდევნეს სტროფადების კუნძულებზე. ამის შემდეგ ჰარპიები ფინევსს საკვებს აღარ ართმევდნენ. მეფემ მეზღვაურებს განსაცდელი და უბედურება უწინასწარმეტველა და აფროდიტესგან დახმარება აღუთქვა. როგორც კი ხელსაყრელი ამინდი დადგა არგონავტებმა გზა განაგრძეს.

სიმპლეგადები

„არგო“ სიმპლეგადებს შორის. კადრი სატელევიზიო სერიალიდან იასონი და არგონავტები

ფინევსმა მათ უწინასწარმეტყველა, რომ გზაზე შეხვდებოდათ ორი კლდე, რომელთაც კიანეები ან სიმპლეგადები ეწოდებოდათ. ეს კლდეები ერთმანეთს გამუდმებით უახლოვბოდნენ და სცილდებოდნენ. თუ მათ შორის მტრედი გაივლიდა უვნებლად, მაშინ არგონავტებსაც შეეძლებოდათ გაღწევა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ. მათმა მტრედმა კლდეებს შორის გაიფრინა, ისე რომ, მხოლოდ კუდი მოეგლიჯა. არგონავტები ამან გაამხნევა და ათენას დახმარებითა და ორფევსის ჩანგის წყალობით მათ გასაოცარი სისწრაფით გადაცურეს ეს ადგილი. მხოლოდ კიჩოს უკიდურესი ნაწილი ჩამოეგლიჯა „არგოს“. ღმერთებისგან დადგენილი იყო, რომ თუ ვინმე კლდეებს შორის გასცურავდა, სიმპლეგადები ერთ ადგილას გაქვავდებოდნენ და ასეც მოხდა. ამ დაბრკოლების გადალახვის შემდეგ არგონავტებს წინ გადაეშალათ შავი ზღვა.

მარიანდინები

შემდეგ არგონავტები შეჩერდნენ მარიანდინების მხარეში, რომელიც ცნობილი იყო ჰადესის მღვიმით. სწორედ ამ ღვიმით ჩავიდა ჰერაკლე ჰადესში კერბერის ამოსაყვანად. მარიანდინები ბებრიკების მტრები იყვნენ და რადგანც პოლიდევკემ მოკლა მეფე ამიკოსი, ისინი არგონავტებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. მეფე ლიკოსმა არგონავტებს თავისი შვილის, დასკილოსი გაყოლებაც კი შესთავაზა ლაშქრობაში. თუმცა არგონავტებმა აქ მაინც დაკარგეს ორი მეგობარი: იდმონი და ტიფისი. იდმონი საშინელმა ტახმა დაგლიჯა, რომელიც იდასმა კი განგმირა შუბით, მაგრამ მეგობრის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. არგონავტების მესაჭე ტიფისი კი ავმა სენმა იმსხვერპლა. მინიები კოლხეთამდე ვერ მიაღწევდნენ, რომ არა ანკეოსი, რომელმაც ღმერთების ჩაგონებით ხომალდის მართვა იკისრა.

მარიანდინებიდან კოლხეთამდე

მარიანდენებიდან წამოსულმა არგონავტებმა გაიარეს კალიქოროსის შესართავი, მდინარე პართენიოსი და მიადგნენ სინოპეს. ამ ადგილას არგონავტებს შეხვდა სამი ძმა: დელიონი, ავტოლიკოსი და ფლოგიოსი, რომლებიც ამაძონებთან ლაშქრობისას ჩამორჩნენ ჰერაკლეს. ისინი არგონავტებს შეუერთდნენ და „არგოს “ ნიჩბებთან განთავისუფლებული სამი ადგილი დაიკავეს.

მათ გაიარეს ამაძონების მიწა, ხალიბების ქვეყანა და კუნძულ არეტიასს მიადგნენ. აქ მათ შენიშნეს სტიმფალიდები, რომელთაც ბასრი ფრთები ჰქონდათ. როდესაც ფრინველისაგან ნატყორცნმა ბასრმა ფრთამ დაჭრა ოილევსი, არგონავტებმა ამფიდამასის რჩევით ხერხს მიმართეს – თავებზე მუზარადები ჩამოიფხატეს, გემი ფარებითა და შუბებით დაფარეს და საშინელი ყვირილი იწყეს. ფრინველებმა საიმედოდ დაცულ „არგოს“ ვერაფერი დააკლეს და სხვა ქვეყნებისაკენ გაფრინდნენ. ამის შემდეგ ისინი ნაპირს მიადგნენ, სადაც შეხვდნენ ფრიქსესა და ქალკიოპეს ვაჟებს: კიტისორეს, ფრონტისს, მელასსა და არგოსს, რომელთაგანც მინიებმა შეიტყვეს, თუ რაოდენ ძნელი იყო საწმისის წამოღება, რომელსაც მუდამ დარაჯობდა უკვდავი გველეშაპი. მათგან ასევე გაიგეს, თუ რამდენად ძლიერი და მრისხანე იყო კოლხთა მეფე აიეტი. ფრიქსეს ვაჯებმა არგონავტებს დახმარება აღუთქვეს და ერთად განაგრძეს გზა. მათ ჩაუარეს ფილირისეს კუნძულს, მაკრონების, ბექირების, საპეირების, ბიძერების მიწას და კავკასიონის მთებს მიაღწიეს, სადაც პრომეთე იყო მიჯაჭვული. მათ არწივი იხილეს, რომელიც ტიტანისკენ მიფრინავდა და პრომეთეს კვნესაც შემოესმათ. მინიებმა მიაღწიეს მდინარე ფასისს, შემდეგ ხომალდი ლერწმით დაფარულ ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს.

კოლხეთში ჩასვლა

არგონავტებმა გადაწყვიტეს ხომალდზე იარაღასხმულებმა დარჩენა, ხოლო იასონი ფრიქსეს ვაჟებთან და ორ მეზღვაურთან, ტელამონთან და ავგეასთან ერთად აიეტის სასახლისაკენ გაემართა, რათა გაეგოთ დათმობდა თუ არა აიეტი ოქროს საწმისს. მათ გაიარეს კირკეიონის ველი და მალე მიაღწიეს აიეტის სასახლეს, რომელსაც გარშემო ფართო ჭიშკრებით დამშვენებული გალავანი ჰქონდა შემორტყმული. იასონი და მისი თანამგზავრები ჯერ ქალკიოპეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ თვით აიეტსა და მის მეუღლეს. აქვე იყო მედეაც. ამასობაში ეროსმა დედის, აფროდეტესა და ჰერას დავალება შეასრულა და მედეას ისარი სტყორცნა. მედეას გულში ისრის სტყორცნით, საოცარი ვნება აღეძრა იასონისადმი. შვილიშვილებმა აიეტს უამბეს მინიელებისაგან მიღებული დახმარების შესახებ და ასევე იასონისა და არგონავტების მოსვლის მიზეზიც. აიეტი განარისხა ამ განზრახვამ, თუმცა იასონს ოქროს საწმისის მიცემა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მეფეს თავის სიმამაცესა და ძალაში დაარწმუნებდა და გააკეთებდა იმას რასაც აიეტი ზოგჯერ საკუთარი ხელით ასრულებდა ხოლმე. იასონს მიეცა ასეთი დავალება: უღელში უნდა შეება ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გაერეკა, ხოდაბუნი სწრაფად მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო. იასონი შეაშფოთა მეფის სიტყვებმა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. ის დანარჩენებთან დაბრუნდა, რათა დავალების შესასრულებლად მომზადებულიყო. მას ფრიქსეს შვილებიდან მხოლოდ არგოსი გაჰყვა. არგოსმა არგონავტები გაამხვნევა. ის ქალაქში დაბრუნდა, სადაც განრისხებულ მეფე აიეტს ყრილობა ჰქონდა მოწვეული. ის უკმაყოფილო იყო თავისი შვილიშვილების საქციელით. მას ახსოვდა მამის, ჰელიოსის სიტყვები, რომ მორიდებოდა საკუთარი ნათესავებისგან მზაკვრობას. არგოსი დედას შეხვდა და სთხოვა მედეა დაეწმუნებინა, რომ ის არგონავტებს დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ არგოსმა დედა დაიყოლია. ქალკიოპე მედეას შეხვა, რომელმაც დას აღუთქვა, რომ ჰეკატეს ტაძარში შეხვდებოდა იასონს და გადასცემა პრომეთეს წამალს, რომელიც ადამიანს ცეცხლისა და იარაღისაგან იცავდა. ეს წამალი მზადდებოდა პრომეთეს სისხლისაგან აღმოცენებული მცენარისაგან. ქალკიოპემ ეს შვილებს აუწყა, რომელთაც თავისთავად არგონავტები დააიმედეს.

საწმისის მოპარვა

მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. იასონი მიხვდა, რომ ქალწული ღვთის მოვლენილი გრძნობით იყო შეძრული და ალერსიანი სიტყვებით შეეცადა აეხსნა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოლხი ასულისგან დახმარება. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა თუ როგორ უნდა მოეხმარა. ქალის სილამაზემ და მისადმი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღეძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა იგი მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა.

იასონს ყლაპავს საწმისის დარაჯი ურჩხული. ათენა, ბუთი ხელში, დასახმარებლად მოევლინა მას.[5]

იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. მან აიღო აიეტისაგან გველეშაპის კბილები დასათესად და შუა ღამით თაფლის ზედაშე დაუქცია ჰეკატეს. ქალღმერთმა ისმინა ვედრება. დილით ადრე წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გასცურეს არგოთი არესის ველისაკენ. აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, თვალი მოავლოხოდაბუნს, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისთან და ანდამატის გუთანთან. მიწიდან ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი ამოიჭრა. მათი გამონაქშენი ცეცხლი იაზონს ვერაფერს აკლებდა. მან დაიმორჩილა ისინი და უღელში შეაბა. მთელი ხოდაბუნი დაამუშვა და გველეშაპის კბილებიც დათესა. მათგან თავით ფეხებამდე შეიარაღებული გოლიათები აღმოცენდნენ. იასონმა მათ ლოდი ესროლა, ისინი კი ლოდს შემოეხვივნენ და ერთმანეთშ დაუწყეს ჟლეტა. ამით ისარგებლა იასონმა მათში გაერია და ყველა ჩახოცა. თუმცა დავალება შესრულდა, აიეტმა მაინც არ დათმო საწმისი და ახალი მზაკვრობა მოიფიქრა.

ჰერამ მედეას საოცარი შიში ჩაუნერგა გულში. იმ ღამით ის არგონავტებისაკენ გაემართა და შეატყობინა მათ, რომ მეფე მასაც და მინიებსაც მოკვლას უპირებდა. არგონავტები გარარჩენისთვის უნდა გაქცეულიყვნენ. იასონმა ზევს შეჰფიცა, რომ მედეას ცოლად შეირთავდა. ამის შემდეგ არგოსის რჩევით მედეამ იასონი არესის ველზე მიიყვანა, სადაც დიდ მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, რომელსაც საზარელი გველი იცავდა. როდესაც გველმა ისინი იხილა, მან საშინელი ხმით მთელი კოლხიდა შეძრა. გრძნეულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველი დააძინა. იასონმა საწმისი მოიპარა, შემდეგ ორივე არგოსკენ გაეშურნენ და მინებმა უმალვე დატოვეს იქაურობა.

დევნა და დაბრუნება

აფსირტეს მკვლელობა

აიეტმა შეიტყო თუ არა ყოველივე, მაშინვე „არგოს“ დაადევნა უამრავი ხომალდი და თავად აფსირტე, მედეას ძმა. მინიელები ისტროსის სანაპიროს აუყვნენ და ადრიატიკის ზღვაში შესცურეს, მაგრამ არტემის ბრიგეისის კუნძულებთან მათ კოლხები წამოეწივნენ. არგონავტები შეტაკებას მოერიდნენ და კუნძულზე გადავიდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ოქროს საწმისის თავისთან დატოვება, ხოლო მედეა კი იქვე არტემიდას ტაძარში უნდა გადაეყვანათ და რომელიმე იქვემდებარე ქვეყნის მეფეს უნდა გადაეწყვიტა მისი ბედი. მედეამ ეს გაიგო და ისევ ვერაგობას მიმართა. მან საკუთარი ძმა დაარწმუნა, თითქოს არგონავტებმა ძალით გაიტაცეს და მასთან მარტოდმარტო სურდა საუბარი. აფსირტე მოტყუვდა და დასთან მარტო მივიდა, მაგრამ იქ იგი იასონმა მოკლა. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტები მარტივად გაუსწორდნენ და გზა განაგრძეს, ხოლო გადარჩენილმა კოლხებმა კი აიეტის შიშით უკან დაბრუნება ვერ გაბედეს და იქვე დასახლდნენ.

ისტროსიდან ფეაკებამდე

არგონავტების ლაშქრობის მარშრუტი

არგონავტებმა მიაღწიეს კუნძულს ელექტრისს, საიდანაც მშვიდობიანად გასცდნენ ზღვაში ამოზიდულ მრავლარიცხოვან კუნძულებს. ჰილეელების დახმარებით მათ ჩაუარეს ლიბირნიდის კუნძულებს, კერკირას, მელიტეს, კეროსოსს და ნიმფაეს. მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ ისინი ელექტრისის კუნძულზე დააბრუნა და ათენას მიერ გემზე ჩარჭობილი მეტყველი მორის საშუალებით გმირებს აუწყა, რომ ისინი სამუდამოდ ზღვაში იხეტიალებდნენ თუ კირკე არ განწმენდდა იასონსა და მედეას აფსირტეს მკვლელობისაგან. მინიელები მდინარე ერიდამოსის შესართვისკენ გაემართნენ და მის ერთ-ერთ ტოტში შესცურეს, რომელიც ოკეანოსის უბისაკენ მიედინებოდა, მაგრამ არგონავტები ჰერამ იხსნა, უკან დააბრუნა და ის გზაც ასწავლა, რომლითაც შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ. არგონავტებმა, ჰერას დახმარებით, ჩაუარეს კელტებს, ლიგიებს, სტოიქადების კუნძულებს და გადავიდნენ კუნძულ ეთალიდეზე, საიდანაც ავსონიის ზღვის ტალღებში შესცურეს და მიადგნენ აიას განთქმულ ნავსადგურს, სადაც აიეტის და კირკე მეფობდა. გმირები „არგოსთან“ დარჩნენ, მხოლოდ იასონი და მედეა გაემართნენ კირკეს სასახლისკენ. კირკემ შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ ზევსის შიშით მაინც ჩაატარა განწმენდის რიტუალი. შემდეგ დაწვირლებით დაუწყო ვინაობის გამოკითხვა. მედეამ მამიდას კოლხურ ენაზე ყველაფერი მოუყვა, აფსირტეს მკვლელობა გარდა. ეს არ გამოპარვია კირკეს, მაგრამ ძმისშვილი შეებრალა და ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა.

ჰერამ ზეციური ღმერთები დაარწმუნა, რომ არგონავტებს დახმარებოდნენ. თეტისმა ქალღმერთის დავალებით, სხვებისაგან შეუმჩნევლად გააფრთხილა პელევსი, რომ აიას სასწრაფოდ გასცლოდა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ, გზა განაგრძეს და მიადგნენ კუნძულს, სადაც სირინოზები ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი ჯადოსნური ხმით აჯადოებდნენ და ღუპავდნენ ყველა მეზღვაურს. ახლაც წამოიწყეს სიმღერა, მაგრამ მხოლოდ ბუტე მოაჯადოვეს, რომელიც ზღვაში გადაეშვა. აფროდიტემ შეიბრალა გმირი, ზღვიდან აიტაცა და იქვე ლილიბეას კონცხზე დაასახლა. დანარჩენი არგონავტები კი ორფევსმა გადაარჩინა, რომელმაც თავისი სიმღერით ჩაახშო სირინოზების ხმა.

არგონავტებმა ნერეიდების დახმარებით გაიარეს სკილას სალი კლდე, ჩაუარეს თრინაკიას და მიადგნენ ფეაკთა კუნძულს, სადაც მეფობდა ალკინოოსი. ალკინოოსმა მინიელები კარგად მიიღო, მაგრამ ამ დროს კუნძულს კოლხთა არმია მიადგა, რომელიც მედეას დაბრუნებას ითხოვდა. ფეაკთა მეფემ გადაწყვიტა, რომ მედეას იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა კოლხებს, თუკი იგი ქალწული აღმოჩნდებოდა, ხოლო თუკი უკვე ექნებოდა იასონთან გაზიარებული საწოლი, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ მოაცილებდა ქმარს. არგონავტებმა ეს წინასწარ გაიგეს და იმ ღამესვა შეასრულეს საქორწინო რიტუალი. ალკინოოსმა პირობა შეასრულა და მედეა მინიელებთან დატოვა. კოლხებმა კი უკან გაბრუნება ვერ გაბედეს და ფეაკთა კუნძულს შეაფარეს თავი.

საბერძნეთში დაბრუნება

„არგო“ პელოპონესს მიუახლოვდა, მაგრამ ძლიერი ქარიშხლის გამო ლიბიის ზღვით სირტისის უბეში აღმოჩნდნენ, საიდანაც გემები უკან ვერ ბრუნდებოდნენ. სასოწარკვეთილებაში ჩაგდებული მინიელები ლიბიის მფარველმა ღმერთებმა შეიწყალეს და იასონს აუწყეს:

ვიკიციტატა
„წამოაყენე შენი მეგობრები! როგორც კი გამოხსნის ამფიტრიტე პოსეიდონის მალ ეტლს, მაშინ თქვენს დედას, რომელმაც დიდხანს გატარათ მუცლით, მისი ღვაწლის სამაგიერო გადაუხადეთ და ღვთაებრივ ელადაშიც დაბრუნდებით“
სამი არგონავტის თათბირი „არგოსთან“ კრეტის სანაპიროზე. წითელფიგურიანი კრატერის დეტალი.

იასონმა ვერაფერი გაიგო, ამიტომ ყველაფერი თავის მეგობრებს მოუყვა. უეცრად ზღვიდან ცხენი ამოხტა და ქარივით მალი ფეხებით გაჭენდა. დაინახა თუ არა ეს პელევსმა, მიხვდა, რომ მათი დედა „არგო“ იყო, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე ატარა მუცლით. არგონავტებმა გემი ასწიეს და თორმეტი დღის განმავლობაში ატარეს ტრიტონის ტბამდე. აქ მათ ორი მეგობარი დაკარგეს: კანთოსი მოკლა კეფავროსმა, ვისი ფარის გატაცებაც უნდოდა გმირს და მოპსოსი, რომელიც ლიბიური გველის ნაკბენისაგან გარდაიცვალა. აქ მინიელებს გამოეცხადათ ღმერთი ტრიტონი, რომელმაც გმირებს გადასცა მიწის ბელტი და სამშობლოში დასაბრუნებელი გზა მიასწავლა. შემდეგ ისინი კრეტას მიადგნენ, მაგრამ ნაპირზე გადასვლა ვერ მოახერხეს, რადგანაც სპილენძის ბუმბერაზმა ტალოსმა ხომალდს ლოდები დაუშინა. აქაც მედეამ იხსნა არგონავტები. მან მოაჯადოვა ტალოსი, რომელმაც ლოდის წვერს ქუსლი წამოსდო და სისხლისგან დაიცალა. არგონავტები კვლავ ზღვაში გავიდნენ. მათ ევფემეს სიზმრის თანახმად, ზღვაში ტრიტონისაგან ნაჩუქარი ბელტი ისროლეს, საიდანაც შემდეგ კუნძული წამოიმართა. გმირებმა აქედან მიაღწიეს ეგინის ნაპირებს, ხოლო შემდეგ პაგასის ნაპირებამდე ისე იმგზავრეს, რომ გზად არანაირი ხიფათი არ შეხვედრიათ.

პელიასის აღსასრული

იასონს პელიასისთვის მიაქვს ოქროს საწმისი, აპულიური წითელი თიხის კრატერი, ძვ.წ. 340, ლუვრი

თესალიაში არ ეგონათ არგონავტები თუ დაბრუნდებოდნენ. ამით გათამამებულმა პელიასმა ტახტის ყველა მოცილე თავიდან მოიშორა. მან მოკლა იასონის უმცროსი ძმა პრომაქოსი, ხოლო მშობლებს აიძულა რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ. იასონი იოლკოსს, რომ მიადგა ეს ამბავი გაიგო და შურისძიება გადაწყვიტა. არგონავტებმა გადაწყვიტეს, რომ ყველა საშობლოში დაბრუნდებოდა და შემდეგ ერთიანი ძალებით შეუტევდნენ პელიასს. მაგრამ მედეას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, რაც არგონავტებმა მოიწონეს. მედეამ არტემიდეს ქანდაკებაში წამლები ჩამალა და შემდეგ რაღაც საშუალებით თავი დაიბერა. ასე შევიდა მედეა პელიასის ქალაქში და თვით სასახლეშიც. მან მეფე დაარწმუნა, რომ განზრახული ჰქონდა მისი სრული გაახალგაზრდევება. პელიასის ქალიშვილების დასარწმუნებლად, მან ჩამოირეცხა ის წამლები, რომლებიც მოხუცის იერს აძლევდნენ. მედეამ პელიასი დაარწმუნა, თავისი ასულებისთვის ებრძანებინა, რომ მისი ყველა მითითება შეესრულებინათ. დაღამებისას, როდესაც პელიასი დასაძინებლად წავიდა, მედეამ ქალიშვილები დაარწმუნა მეფე უნდა მოვხარშოთო. მათი ეჭვის გასაფანტად, ერთი ბებერე ცხვარი ასო-ასოდ დაჭრა და მოხარშა. შემდეგ კი წამლების დახმარებით, ქვაბიდან კრავის სახება ამოიყვანა. პელიადები დარწმუნდნენ და დაიწყეს მახვილით მამის დაკვლა. მხოლოდ ალკეტისმა ვერ აღმართა მამაზე ხელი. პელიასის სიკვდილის შემდეგ, მედეამ არგონავტებს ნიშანი მისცა. მათაც არ დააყოვნეს და ქალაქში შემოიჭრნენ. იასონმა ლმობიერი მოპყრობა აღუთქვა მეფის სანათესაოს და ტახტი პელიასის ვაჟს აკასტოსს გადასცა. ხომალდი „არგო“ იასონმა ღმერთ პოსეიდონს უძღვნა, ხოლო ოქროს საწმისი ზევსის ტაძარში დაკიდა. თვითონ კი მედეასთან ერთად კორინთოში გადასახლდა.

არგონავტები ლიტერატურაში

არგონავტები ტელევიზიასა და ვიდეო თამაშებში

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • რისმაგ გორდეზიანი (2007). რედ. რისმაგ გორდეზიანი: არგონავტები (125X200 მმ), მე-3, ბერძნული მითების სამყარო, თბილისი: ლოგოსი, გვ. 155. 
  • აკაკი გელოვანი (1983). რედ. პროფ. ლევან სანიკიძე: მითოლოგიური ლექსიკონი (30სმ), ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, გვ. 719. 

სქოლიო

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека I 9, 18 далее
  2. დიოდორე სიცილიელი – ისტორიული ბიბლიოთეკა, IV 41, 2
  3. Феокрит. Идиллии XIII 74
  4. Лукиан. О пляске 52; Орфическая аргонавтика 118-129; Цец. Комментарий к «Александре» Ликофрона 175
  5. ლიტერატურული წყაროები არ იცნობენ ასეთ ვერსიას
Dragon template.gif მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე.