ფრიქსე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიქსე და ჰელე

ფრიქსეათამანტისა და ნეფელეს ვაჟი, ჰელეს ძმა. როდესაც ათამანტმა შეირთო ინო, ნეფელე გაუჩინარდა. ინომ თავიდანვე შეიძულა გერები და მზაკვრულ გეგმებს აწყობდა მათ დასაღუპავად. ამ მიზნით ის ქალებს მოელაპარაკა, თესლი ჩუმად მოხალეს, არ გაღვივდა და ქვეყანას შიმშილი დაატყდა. ინომ მოსყიდული ორაკული დაიმოწმა და ქმარს დააჯერა, რომ ფრიქსე და ჰელე მსხვერპლად უნდა შეეწირა. კიდეც დაუპირეს და-ძმას მსხვერპლად შეწირვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნეფელემ იხსნა შვილები. მათ ოქროს ვერძი მოუვლინა და კოლხეთში გაისტუმრა, მაგრამ ჰელემ ვერძძე თავი ვერ შეიმაგრა და ზღვაში გადავარდა, რომელსაც ჰელეს ზღვა – ჰელესპონტი ეწოდა. ფრიქსე კი კოლხეთში ჩავიდა, სადაც ჰელიოსის ვაჟმა აიეტმა მიიღო და თავისი შვილი ქალკიოპე მიათხოვა ცოლად. ფრიქსემ ოქროს საწმისი აიეტს გადასცა, რომელმაც ის არესის ველზე მუხაზე დაკიდა და მცვეად გველეშაპი მიუჩინა. ფრიქსეს ქალკიოპესაგან ჰყავდა ოთხი შვილი: არგოსი, მელასი, ფრონტოსი, და კიტისორე. ისინი მამის ქონებისათვის მიემგზავრებოდნენ, როდესაც გემი ჩაეძირათ და არესის კუნძულზე გაირიყნენ. შემდეგ ისინი არგონავტებმა გადაარჩინეს და კოლხეთში დააბრუნეს. არგონავტებს თვითონაც ეხმარებოდნენ ოქროს საწმისის მოპარვასა და მედეას მოტაცებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 506, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983