ჯიმითის სკვითურინვენტარიანი სამარხები
ჯიმითის სკვითურინვენტარიანი სამარხები — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, სადუღას ტბის ჩრდილოეთით 600-ოდე მეტრზე. განეკუთვნება ძვ. წ. V-VI საუკუნეებს.
1974 წელს სადრენაჟო თხრილის გავლებისას 1,50 მეტრის სიღრმეზე ექსკავატორმა მთლიანად გაანადგურა სკვითური ინვენტარის შემცველი ერთი და ნაწილობრივ დააზიანა პირველისგან რამდენიმე მეტრით დაცილებული მეორე სამარხი. სამარხები შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური.
ერთ სამარხში მიცვალებული და ცხენი იყო დაკრძალული, მათი დაკრძალვის პოზა ვერ დადგინდა ყველა ძვალი ამოყრილი იყო. სამარხის ფსკერზე დაცული იყო თიხის ორი ჭურჭელი, დანარჩენთა ნატეხები სამარხის სხვა მასალასთან ერთად იყო ამოყრილი. სამარხის ინვენტარი: წმინდა მარცვლოვანი თიხისგან დამზადებული, გამომწვარი ორყურა დერგი და ლიტრა: მოყავისფროდ გამომწვარი თიხის ცალყურა სასმისი და ჯიმი: ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ბალთა, რომელიც წარმოადგენს თავშებრუნებული ცხოველის სტილიზებულ გამოსახულებას: მრგვალგანივკუთხიანი, მოგრძო, ბოლოებდაწვრილებული სალესი ქვა.
მეორე ორმოსამარხი მიწის ზედაპირიდან 0,5 მეტრის სიღრმეზე, აღმოჩნდა მიცვალებული დაკრძალული იყო ზურგზე, თავით დასისკენ. სადირიჟორო არხის გაჭრისას სამარხში დაკრძალული მიცვალებულისათვის ქვედა კიდურები მენჯამდე გაუცლიათ, მიცვალებულის მენჯზე კი მსხვილფეხა საქონლის ფეხი იდო. სამარხში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ორი სამაჯრი (ორივე ხელის მაჯაზე), მათგან ერთ-ერთი მრავალგანივკუთხიანი ღეროსგანაა დამზადებული და ბოლოები ერთმანეთზე აქვს გადადებული: მრგვალი, მოგრძო, ბოლოებდაწვრილებული, გულდასმით გაპრიალებული და გამოთლილი სალესი ქვა, რკინის შუბისპირის და სხვა ნივთთა ფრაგმენტები: სხვადასხვა ფორმის ცილინდრული, სფეროსებრი, შინდისკურკისებრი.
მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნოგაფიულ საცავში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამიანიშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 326.