ჭყონდიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭყონდიდი (მეგრულად „დიდი მუხა“) — წარმართული სალოცავი ხე-კერპი ძველ საქართველოში, „ხე-მცენარეთა თაყვანისცემის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ძველ საქართველოში“[1], აღმართული იმ ადგილას, სადაც მარტვილის ეკლესიის სატრაპეზო აშენდა მას შემდეგ, რაც ეს მუხა „ამოჰკვეთა ანდრია მოციქულმა, ოდეს მეგრელნი მოაქცია“.[2] ტაძარში ჩაყოლებული წარმართული საკერპო ტაძრის ქვები და ქანდაკებანი ანტიკური ხანის სარიტუალო დანიშნულების არქეოლოგიური მონაპოვარია. ჭყონდიდის მუხას მთელი ეგრისი სცემდა თაყვანს. მისი გაშლილი ტოტების ჩრდილში ხდებოდა დედისერთა ყრმის მსხვერპლად შეწირვის ცერემონიალი - მზისა და მთვარის კეთილი ნებით, თუთაშხას (ორშაბათს, მთვარის დღეს). თათბირზე უხუცესნი ყრმას შეარჩევდნენ და ბჟას დღას (მეგრ. მზის დღეს, კვირას, სვან. მიჟ-ლადეღ) საზეიმო ვითარებაში ეტლით მიყვანილ ყრმას სწირავდნენ მუხას (ჭყონს), ერთადერთ ცნობილ ხე-კერპს საქართველოში (თუმცა სვანეთში, სოფლის მოედანზე, სვიფზე მუდამ იდგა ხოლმე რომელიმე დიდი ხე, რომელსაც აგრეთვე წმინდა ხედ თვლიდნენ). ეს იყო მაშინ, როცა საქართველოში კერპთა, ბომონთა თაყვანისცემის დიდი ტრადიცია იყო. თაყვანს სცემდნენ განსაკუთრებით მუხას, ურთხელას, ფიჭვს, ცაცხვს. მუხის თაყვანისცემის ნიმუშია ჭყონდიდი. ეს დიდი მუხა, „საქართველოს დოდონი“, მდგარა იმ ალაგას, სადაც ახლა მარტვილის ძველი ტაძარია. მუხის ძირთან აღმართული ტაძრის წინ ფოთლის შრიალში ხალხი ღმერთს შეჰღაღადებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]