შინაარსზე გადასვლა

ციმბირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
       ციმბირის ფედერალური ოკრუგი        რუსეთის ციმბირი გეოგრაფიულად        რუსეთის აზიური ნაწილი

ციმბირი (რუს. Сибирь) — ვრცელი გეოგრაფიული რეგიონი ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია ურალიდან წყნარი ოკეანის გასწვრივ აღმართულ ქედებამდე და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნაპირიდან ცენტრალური აზიის საზღვრამდე. ფართობი დაახლოებით 10 მლნ. კმ². შეადგენს რუსეთის ფედერაციის 73,56 %-ს. ციმბირის მთავარი ბუნებრივი ერთეულებია დასავლეთ ციმბირის ვაკე, შუა ციმბირის ზეგანი, სამხრეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ციმბირის მთები. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ციმბირის მთებს ეკვრის ვერხოიანსკის ქედისა და კოლიმის მთიანეთის უზარმაზარი რკალი, რომლის შიგნით მოქცეულია ქედები, ზეგნები და ვრცელი დაბლობები. ციმბირი მდებარეობს ზომიერი და ცივი ჰავის სარტყლებში. ტერიტორიის დიდ ნაწილზე ჰავა მკაცრია, მკვეთრად კონტინენტური. ნალექების 80% მოდის წლის თბილ დროს. გაბატონებულია მარადი მზრალობა (ფართობი 6 მლნ. კმ²-ზე მეტი). ჩრდილოეთში ყინულის ფენის სისქე 200-500 მ აღწევს (მდინარე მარხის აუზში 1500 მ-მდე). ციმბირის მდინარეთა უმრავლესობა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზს ეკუთვნის. მდინარეებს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, სანაოსნოდ. ტბებიდან აღსანიშნავია ბაიკალი, ტაიმირი, ჩანი, ტელეცკოე. მდინარეებსა და ტბებში სამრეწველო თევზებია.

ციმბირის აბორიგენი მოსახლეობა ცხოვრობს ტაიგისა და ტუნდრის უზარმაზარ ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი ქალაქებია: ნოვოსიბირსკი, ომსკი, კრასნოიარსკი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]