ჩელსი მენინგი
ჩელსი მენინგი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 დეკემბერი 1987 ოკლაჰომა, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | სამხედრო მოსამსახურე |
ჩელსი ელისაბედ მენინგი, ინგლ.Chelsea Elizabeth Manning (დ.1987) - აშშ-ს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ჯაშუშობის და ქურდობის ბრალდებით 35 წელი მიესაჯა "ვიკილიქსისთვის" ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის მიწოდებისთვის.
2013 წლის აგვისტომდე იგი ბრედლი ედვარდ მენინგის სახელით იყო ცნობილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრედლი მენინგი ოკლაჰომის შტატში დაიბადა ამერიკელი მამის და ბრიტანელი დედის ოჯახში. ბავშვობაში მას კომპიუტერული პროგრამების მიმართ ღრმა ინტერესი ჰქონდა. პირველი საიტი მან ათი წლის ასაკში შექმნა.
2001 წელს მშობლები დაშორდნენ და ბრედლი დედასთან ერთად უელსში გაემგზავრა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა. ერთხანს ის კომპიუტერულ ფირმაში დეველოპერად მუშაობდა, 2007 წელს კი მამის რჩევით არმიაში შევიდა. შესაბამისი საწვრთნელი კურსების გავლის შემდეგ 2009 წელს ჯარისკაცი ერაყში გაიგზავნა მე-10 სამთომსროლელ დივიზიაში სადაზვერვო მონაცემების ანალიზის სპეციალისტად. მას წვდომა გააჩნდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე.
იგი ღამის ცვლაში მუშაობდა, ხანდახან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რომელიც გამოიხატა ოფიცერთან და კოლეგებთან ჩხუბში. მენინგმა გააცნობიერა, რომ ერაყში მიმდინარე ომი უსამართლობას წარმოადგენდა და გადაწყვიტა საზოგადოებრივი აზრის შექმნა მის წინააღმდეგ.
დანაშაული და სასჯელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის იანვარში მან დაიწყო საიდუმლო მასალების მიწოდება "ვიკილიქსისთვის", რომელიც მოიცავდა 750 ათასამდე ფაილს ერაყის და ავღანეთის თემაზე, ვიდეოკადრებს და სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიურ მიმოწერას. აპრილში ჟულიან ასანჟმა გამოაქვეყნა სკანდალურად ცნობილი ვიდეო შვეულმფრენიდან სამოქალაქო პირების დახვრეტის შესახებ. მაისში ჯარისკაცი დააპატიმრეს.[1]
ბრედლი მენინგს 22 მუხლით წაუყენეს ბრალდება, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში ის შესაძლოა სიკვდილით დასჯილიყო. თვითმკვლელობის რისკის გათვალისწინებით, დაკავების საკანში ის ეულად იმყოფებოდა და მუდმივი თვალთვალის ობიექტი იყო. სამხედრო სასამართლომ 2013 წლის 22 აგვისტოს მას 35 წლიანი სასჯელი მიუსაჯა.
გათავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წელს მენინგის გათავისუფლების ონლაინ პეტიციამ 100 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის წინ 2017 იანვარში ბარაქ ობამამ სასჯელი შეამცირა, თუმცა შეწყალება უარყო. მენინგმა შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ მაისში დატოვა სამხედრო ციხე, სადაც მას ორჯერ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.[2]
თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბარაქ ობამამ განმარტა, რომ განაჩენი არაპროპორციული იყო, დონალდ ტრამპმა კი მენინგს უწოდა "უმადური მოღალატე, რომელიც არასოდეს უნდა გათავისუფლებულიყო ციხიდან". თავად მენინგმა მომდევნო წელს სცადა დემოკრატიული პარტიის მხრიდან სენატის წევრობის კანდიდატად დარეგისტრირება, თუმცა მარცხი განიცადა.[3]
ახალი პატიმრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს ჩელსი მენინგი ვირჯინიაში მდებარე საპატიმროში ჩასვეს "უიკილიქსთან" დაკავშირებულ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რადგან ჟულიან ასანჟის საქმე მან სიტყვის თავისუფლების შელახვად მიიჩნია. გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მენინგის პატიმრობა ეწინააღმდეგება აშშ-ს ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და წარმოადგენს წამებას.[4] ცხრა თვის შემდეგ მოსამართლემ პატიმარი გაათავისუფლა, თუმცა დაადგინა 257 ათასი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა, რაც საზოგადოების წარმომადგენლების მიერ თანხის მოგროვების კამპანიის ფარგლებში მოხერხდა.[5]
სქესის შეცვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობაში მენინგს ქალაბიჭას უწოდებდნენ, რაც სკოლაში არაერთი ჩხუბის მიზეზი ხდებოდა. ხუთი წლის ასაკში ის გოგოს ტანსაცმელს იცვამდა თავისი დის ოთახში და სტრესში იმყოფებოდა იმის შიშით, რომ არავის გაეგო მისი პრობლემის შესახებ. ხშირად მას მარტოობის გრძნობა სძალავდა. არმიაში წასვლის მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ვაჟკაცურ გარემოს შესაძლოა ის შეეცვალა.
2010 წლის აპრილში მენინგმა ზემდგომ უფროსს მისწერა თავისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. სამი წლის შემდეგ, განაჩენის გამოტანიდან მომდევნო დღეს, მან განაცხადა, რომ მას, როგორც ქალს, ჰორმონური თერაპიის დაწყება სურს.[6]
2016 წლის სექტემბერში პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე უარის მიღების გამო, თუმცა ოთხი დღის შემდეგ აქცია შეწყდა მას შემდეგ, რაც არმიამ თანხმობა განაცხადა ოპერაციის ჩატარებაზე. საპატიმროს დატოვების შემდეგ 2018 წელს მან სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, რითაც ფორმალურად ტრანსგენდერი გახდა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წელს ჩელსი მენინგმა გამოაცხადა, რომ გეგმავდა წიგნის გამოცემას, რომელშიც ის თავის განვლილ ცხოვრებას აღწერს.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]https://www.instagram.com/xychelsea87/
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Activist: Chelsea Manning biography.com
- ↑ Chelsea Manning released from prison after Obama grants clemency nbcnews.com
- ↑ Chelsea Manning: Ex-army leaker to run for US senate bbc.com
- ↑ Jailing And Fining Chelsea Manning Constitutes Torture, Top U.N. Official Says npr.org, 31 December 2019
- ↑ Chelsea Manning case: Judge orders release from prison bbc.com, 13 March 2020
- ↑ Chelsea Manning Shares Her Transition to Living as a Woman — Behind Bars cosmopolitan.com
- ↑ Chelsea Manning interview: ‘I’m opening myself up to some really intimate things in this book’ independent.co.uk