შინაარსზე გადასვლა

შინაური მტრედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მტრედი.
შინაური მტრედი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Columba livia domestica (Gmelin, 1789)

შინაური მტრედი (ლათ. Columba livia domestica) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ მტრედების მოშინაურება დაიწყეს 10 000 წლის წინ. მტრედებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარებაში, განსაკუთრებით ომის პერიოდში.[1]

შინაური მტრედი აერთიანებს დაახლოებით 150 ჯიშს, რომელიც სამ ჯგუფად იყოფა: საფოსტო, დეკორატიულ და მეხორცეულ მტრედებად. საფოსტო მტრედი მიიღეს ორიენტირების უნარის მიხედვით მრავალწლიანი გადარჩევით. თანამედროვე დროში მტრედის ფოსტას რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია. საფოსტო მტრედებს აშენებენ მხოლოდ სპორტული დანიშნულებისათვის. მათი ფრენის სიჩქარეა 60 კმ/სთ, ცალმხრივი კავშირის სიგრძე — 100–150 კმ, მაქსიმალური 1000 კმ-მდე. დეკორატიული მტრედები ფასობენ ორიგინალური შესახედაობის, ბუმბულის მრავალფეროვანი შეფერილობის ან თავისებური ფრენის გამო. მის ყველა ჯიშს სამოყვარულო მნიშვნელობა აქვს. მეხორცეულ მტრედებს აშენებენ ხორცის მიღების მიზნით. ისინი მსხვილი ფრინველები არიან (900 -მდე), კარგი ნაყოფიერებითა და მალმწიფადობით გამოირჩევიან. მეხორცეულ მტრედების წყვილს შეუძლია 14-მდე ხუნდის მოცემა, რომელთაგან თითოეული ერთი თვის ასაკში 600–700 გ-ს იწონის. გამოსაკვებად ვარგისია 25 დღის ხუნდები, რომლებსაც შემდგომი 10–15 დღე კვებავენ. ახალგაზრდა მტრედის ხორცი თეთრი, ნაზი და წვრილბოჭკოვანია. ხორცის შემადგენლობა: პროტეინები 12,8%, ცხიმები 14,5%, წყალი 62,5%. მათ ისევე კლავენ, როგორც ქათამს. გაპუტულ და გამოშიგნულ მტრედებს ნელა აციებენ და ათავსებენ არაღრმა, ქაღალდდაგებულ ყუთებში.[2]

მტრედებს აშენებენ მშრალ, ნათელ, ორპირი ქარის არმქონე სადგომებში. სამტრედის ფასადური მხარის სიმაღლე 2–3 -ია; უკანა მხარეს აკეთებენ რამდენადმე დაბალს. მეტისმეტად მაღალი სადგომი მოუხერხებელია მტრედების დასაჭერად. ფანჯარას აკეთებენ სამხრეთის მხარეს, მისი ფართობი 8–10-ჯერ ჩამორჩება იატაკისას. სამტრედეს აშენებენ განყოფილებებად; ჩრდილოეთის მხარეს აკეთებენ 1 მ სიგანის მქონე შესასვლელს. მტრედების ერთი წყვილისათვის გათვლილია იატაკის 0,5 მ² ფართობი; ინტენსიური გამრავლება ცუდად მოქმედებს სიმჭიდროვეზე. თითეულ განყოფილებაში 10–15 წყვილი მტრედია. სამტრედის წინ აკეთებენ ბადით გარშემორტყმულ სივრცეს. სადგომში ათავსებენ ქანდარებს (3–4 სმ სიგრძის ძელები; ერთ ფრინველზე 20 სმ-ია გათვლილი), ბუდეებს, საკვებურებს და სარწყულებლებს. ბუდეები ზოგჯერ კეთდება რამდენიმე იარუსად. ყოველ ბუდეს ყოფენ 2 ნაწილად, რადგან მტრედმა კვერცხი შეიძლება დადოს მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი უკვე დაკავებულია. მტრედებისათვის აუცილებელია აბაზანა საბანაოდ. მათ ათავსებენ სადგომის გარეთ, სპეციალურად შემოღობილ სივრცეებში, რადგან სამტრედეში არ იყოს სინესტე. სადგომს, ბუდეებს, ინვენტარს დროდადრო ასუფთავებენ, რეცხავენ, დეზინფექციას უტარებენ. ზამთარში, სამტრედეში ტემპერატურა არანაკლებ 5°C უნდა იყოს.[2]

მტრედებისათვის უმთავრესი საკვებია მარცვლოვნები. მიზანშეწონილად რეკომენდებულია მარცვლოვანთა ნარევი: ხორბალი (ან სიმინდი) 40%, ფეტვი (ან ქერი) 40%, პარკოსნები (ბარდა, ცერცველა, ოსპი) 20%. მარცვლოვანთა ნარევის დღე-ღამური ნორმაა 50 ერთ ფრინველზე. მტრედებისათვის აუცილებელია მწვანე საკვები და მინერალური დამატებითი საკვები (დამარილებული წყლით დასველებული დაღერღილი აგურისა და ძველი ბათქაშის ნარევი). საკვებს აძლევენ დილით და საღამოს, მოზარდეულები გამოჰყავთ დღისით. არ შეიძლება მტრედების გამოკვება მთლიანად შვრიითა და ჭვავით, აგრეთვე გაფუჭებული მარცვალით.[2]

მტრედების შეწყვილება 5 თვის ასაკიდან იწყება. მეხორცეულ მტრედებს შეუძლიათ წელიწადში 3–4-ჯერ ბუდობა, დამატებითი განათების პირობებში — 7-მდე. ყოველ ბუდეში დედალი დებს 2 კვერცხს, ინკუბაცია 18 დღე-ღამე გრძელდება, კრუხად ორივე მშობელი ზის მონაცვლეობით. ბარტყები იჩეკებიან ბრმები, ოდნავ არიან დაფარული ღინღლით, მცირედ შეუძლიათ გადაადგილება. პირველ 5–6 დღეს მშობლები მათ ჩიჩახვიდან ამოღებული „ფაფით“ კვებავენ, მოგვიანებით ფაფის გარდა აძლევენ მარცვალს. 4–5 კვირის ასაკში მთლიანად გადაჰყავთ მარცვლოვან და მწვანე საკვებზე. 30–35 დღის ასაკში სწავლობენ ფრენას და დამოუკიდებლად მოიპოვებენ საკვებს. ამ დროიდან ეწყებათ განგური.[2]

  • Мекленбурцев Р. Н., Отряд голуби, в кн.: Птицы Советского Союза, т. 2, М., 1951;
  • Определитель птиц СССР, М., 1964;
  • Ларионов В. Ф., Разводите голубей, М., 1956;
  • Голуби. Сб. ст., М., 1958;
  • Сметнев С. И., Птицеводство, 5 изд., М., 1970.
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 187.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 В. Ф. Ларионов. Голуби. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2019.