შინაარსზე გადასვლა

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა (ინგლ. International Chemistry Olympiad, IChO) — ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეთათვის.

ქიმიის პირველი საერთაშორისო ოლიმპიადა 1968 წელს ჩატარდა ქალაქ პრაღაში, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში, რის შემდეგაც იგი ტარდება ყოველ წელს (გარდა 1971 წლისა). თავდაპირველად მონაწილეები ძირითადად სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან იყვნენ და ოლიმპიადაც ყოველთვის სოციალისტურ ქვეყნებში ტარდებოდა. ეს ტრადიცია მე-12 ოლიმპიადამ დაარღვია, რომელიც ავსტრიაში ჩატარდა.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მედალი

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის იდეა ჩეხოსლოვაკიაში გაჩნდა. ერთ-ერთი ინიციატორი ანტონ სიროტა იყო. პრობლემა შეიქმნა ოლიმპიადის აბრევიატურასთან დაკავშირებით, რომელიც ინგლისური დასახელების — International Chemistry Olympiad — პირველი ასოებით უნდა შედგენილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ „ICHO“ უკვე გამოიყენებოდა International Curled Horse Organization-ის მიერ. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის საბოლოოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ქიმიის ოლიმპიადის აკრონიმად გამოყენებულ იქნებოდა IChO, რომელიც ერთი სიმბოლოთი სხვაობს International Curled Horse Organization-ის აბრევიატურისაგან.

პირველ ოლიმპიადაში 1968 წელს მხოლოდ სამი სოციალისტური ქვეყნის — ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთისა და უნგრეთის — ექვსკაციანი გუნდები მონაწილეობდნენ. მხოლოდ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოწვევას ითვალისწინებდა საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებაც მომავალი წლისათვის. 1969 წლის ოლიმპიადას, რომელიც პოლონეთში ჩატარდა, მონაწილის სტატუსით შეუერთდა ბულგარეთი, ხოლო გდრ და სსრკ, როგორც დამკვირვებლები. 1970 წლის ოლიმპიადაზე უკვე გდრ, სსრკ და რუმინეთიც მონაწილეობდნენ, ოფიციალურ ენათა შორის კი ინგლისურიც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ინგლისურენოვან ქვეყანას მონაწილეობა არ მიუღია. შემდეგ წელს ოლიმპიადა არ ჩატარებულა, 1972 წელს კი მას მოსკოვმა უმასპინძლა. მოსკოვის ოლიმპიადაზე დებულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ყოველი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე მომდევნო ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს აკეთებს მონაწილეთა მიპატიჟების შესახებ და მას საზეიმო ვითარებაში გადაეცემა ალამი.

გამორჩეული იყო 1974 წელს რუმინეთში ჩატარებული მე-6 ოლიმპიადა, რომელზეც პირველად მოიწვიეს კაპიტალისტური ბანაკის ქვეყანა შვედეთი და სოციალისტური ბანაკიდან გასული იუგოსლავია. ამ წელს მიიღეს ოლიმპიადის ჰიმნიც — „Gaudeamus igitur“. მომდევნო წელს, უნგრეთში, უკვე გფრ, ავსტრია და ბელგიაც მონაწილეობდნენ.

უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა ოლიმპიადის ისტორიაში 1976 წელს. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაგეგმილი მე-8 ოლიმპიადის წინ მოწვეულ იქნა სპეციალური სემინარი, რომელში მონაწილეობა UNESCO-მაც მიიღო. შემუშავდა ახალი დებულება და თუკი აქამდე ოლიმპიადის ორგანიზატორები მხოლოდ განათლების სამინისტროები და სამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, სიახლეებმა არასამთავრობო ოგანიზაციებს მისცა საშუალება, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ ორგანიზებაში. ამგვარმა ცვლილებებმა და სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობამ დადებითად იმოქმედა ოლიმპიადის შემდგომ განვითარებასა და გაფართოებაზე.

მე-8 ოლიმპიადაზე მენტორებს მისცეს ამოცანების მშობლიურ ენაზე თარგმნის უფლება, რითაც დასაბამი დაედო ოლიმპიადის ე. წ. გრძელ ღამეებს; მენტორები ამოცანებს ძირითადად ღამით თარგმნიან, დილით კი ისინი გუნდებს უნდა გადაეცეს. მე-9 ოლიმპიადაზე ნომინანტები პირველად დააჯილდოვეს ნამდვილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. ამავე ოლიმპიადაზე მიეცა უფლება მასპინძელ ქვეყანას (პოლონეთი), ჰყოლოდა ერთით მეტი დამკვირვებელი; შემდგომში ეს ზოგად წესად იქცა. მე-10 ოლიმპიადაზე შემუშავდა საპრიზო ადგილთა განაწილების დღემდე მოქმედი წესი: ოქროს მედალი ერგება მონაწილეთა 10%-ს, ვერცხლის — 20%-ს, ხოლო ბრინჯაოს მედალი — 30%-ს.

შემდგომ წლებში ოლიმპიადის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და პარტნიორების რაოდენობა გაიზარდა. UNESCO-ს გარდა მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ორგანიზაციებიც, როგორებიცაა IUPAC და FECS. 1987 წელს მონაწილეთა რაოდენობამ ასს გადააჭარბა, ხოლო ქვეყნების რაოდენობამ 26-ს მიაღწია. მონაწილეთა რაოდენობა განსაკუთრებით გაფართოვდა 1990-იან წლებში, როდესაც პოლიტიკური რეფორმების შედეგად არაერთი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიქმნა.

1992 წელს შეიქმნა მუდმივმოქმედი მმართველი კომიტეტი, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიადას, ბრატისლავაში კი 1994 წელს ჩამოყალიბდა საინფორმაციო ცენტრი. 1994 წლიდან ყოველწლიურად იმართება მმართველი კომიტეტის სხდომები. 1999 წელს მის მიერ შემუშავებული ახალი დებულება მცირე ცვლილებებით დღემდე მოქმედია.

1999 წელს მონაწილეთა რიცხვი მსოფლიოს 52 ქვეყნიდან 196-ს შეადგენდა, 2013 წელს კი უკვე 291-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 77 ქვეყნიდან.

საქართველო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობაზე განაცხადი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე გვიან, 2011 წელს გააკეთა. მმართველმა კომიტეტმა საქართველოს ნება დართო, ოლიმპიადის წესების თანახმად, ორი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიეღო დამკვირვებლის სტატუსით. ამ სტატუსით საქართველომ მონაწილეობა 2012 წელს პირველად მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. დამკვირვებელი ქვეყანა ვალდებულია მმართველი კომიტეტის წინაშე წარსდგეს მოხსენებით ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილე მოსწავლეების შერჩევის წესის შესახებ. საქართველოს მოხსენებამ მოწონება დაიმსახურა კომიტეტის მიერ; დადებითად შეფასდა საქართველოს მოხსენება დამკვირვებლის სტატუსში მომდევნო წელსაც. საქართველოს ნაკრები პირველად 2014 წელს, ვიეტნამში, ჰანოის 46-ე ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას ოთხკაციანი გუნდით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]