ფედერიკო ფელინი
ფედერიკო ფელინი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 იანვარი, 1920 რიმინი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
31 ოქტომბერი, 1993 (73 წლის) რომი, იტალია |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1945-1992 |
მეუღლე(ები) | ჯულიეტა მაზინა (1943–1993) |
ოსკარი | საპატიო ოსკარი (1990) |
BAFTA |
საუკეთესო დიზაინი 1977 — ფელინის კაზანოვა |
სხვა ჯილდოები |
ვერცხლის ლომი 1953 — დედიკოს ბიჭები 1953 — გზა ოქროს პალმის რტო 1960 — ტკბილი ცხოვრება |
ფედერიკო ფელინი (იტალ. Federico Fellini; დ. 20 იანვარი, 1920, რიმინი, იტალია — გ. 31 ოქტომბერი, 1993, რომი, იტალია) — იტალიელი კინორეჟისორი. ცნობილია მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია. მას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად მიიჩნევენ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობაში ფელინი ცირკით იყო გატაცებული და ერთხელ მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა კიდეც. მოგვიანებით ამან მის ფილმებში ჰპოვა ასახვა, განსაკუთრებით კი ფილმში „ჯამბაზები“. ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად.
კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა. მოგვიანებით ფელინიმ აღნიშნა, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.
ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო „გზა“. ფილმი გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის ლომის“ მფლობელი. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ჯულიეტა მაზინა - ფელინის მეუღლე. ასევე მაზინამ შეასრულა მთავარი როლი ფილმში „კაბირიას ღამეები“, სადაც მეძავის ცხოვრებაა ასახული.
ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. მასტროიანმა ამის შემდგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში. ფილმში გაკრიტიკებული იყო ბურჟუაზია, ეკლესია, მაღალი საზოგადოება, მათი „ტკბილი“, თუმცა უშინაარსო ცხოვრება. ფილმის ჩვენებამ კანის კინოფესტივალზე გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. მათ ფელინის ბოლშევიკი უწოდეს.
„ტკბილი ცხოვრება“ ფელინის მერვე ფილმი იყო. მეცხრე ფილმის გადაღებისას კი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. თუმცა მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა: გადაიღო ფილმი „რვანახევარი“, სადაც აღწერა ცნობილი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია და ვერ ახერხებს დაწყებული ფილმის დასრულებას. რეჟისორის როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა.
ამის შემდეგ მან გადაიღო თავისი პირველი ფერადი ფილმი „ჯულიეტა და სულები“. ავტობიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული ფელინის ფილმები: „ჯამბაზები“, „რომი“, „ამარკორდი“ და „ინტერვიუ“.
ფელინიმ გავლენა მოახდინა რეჟისორებზე: ვუდი ალენი, დევიდ ლინჩი, დევიდ კრონენბერგი, სტენლი კუბრიკი, პედრო ალმოდოვარი, ტიმ ბარტონი, ემირ კუსტურიცა და სხვები.
ფელინი არის იტალიის ყველაზე დიდი ჯილდოს – დიდი ჯვრის ორდენის კავალერია. მის სახელს ატარებს მშობლიური ქალაქის – რიმინის აეროპორტი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1954 — „გზა“
- 1957 — „კაბირიას ღამეები“
- 1960 — „ტკბილი ცხოვრება“
- 1963 — „რვანახევარი“
- 1969 — „ფელინის სატირიკონი“ (Satyricon)
- 1970 — „ჯამბაზები“ (I clowns)
- 1972 — „რომი“ (Roma)
- 1973 — „ამარკორდი“
- 1978 — „ორკესტრის რეპეტიცია“
- 1980 — „ქალთა ქალაქი“
- 1986 — „ჯინჯერი და ფრედი“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფედერიკო ფელინი, ცხოვრება და შემოქმედება
- ფელინი, ფოტოების გალერეა
- სიზმრებისა და ფანტაზიების მაესტრო
- “В ЦИРКЕ МЕНЯ ЖДАЛИ” (რუსული)
- ფელინი ოსკარით დაჯილდოებისას
- 20 იანვარს ფედერიკო ფელინის 90 წელი შეუსრულდებოდა დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine. 24 საათი 23.01.10
- წყვილები. ჯულიეტა მაზინა და ფედერიკო ფელინი
- ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა - ორი კლოუნი
- ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა