შინაარსზე გადასვლა

ფარშავანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ფარშავანგი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ფარშავანგი (მრავალმნიშვნელოვანი).
ფარშავანგი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pavo

ფარშავანგი (ლათ. Pavo) — ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობას: ჩვეულებრივი ფარშავანგი (ლათ. Pavo cristatus) — გავრცელებულია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და შრი-ლანკაში; ლურჯფრთიანი ფარშავანგი (ლათ. Pavo maticus) — გავრცელებულია ინდოჩინეთში, მალაკასა და სუმატრაზე. ლურჯფრთიანი ფარშავანგის დედალ-მამალი თითქმის ერთნაირადაა შეფერილი, უფრო ღია ფერისაა.

ჩვეულებრივი ფარშავანგი, ძირითადად, მოლურჯო-მომწვანო ფერებშია შეფერილი და თავის გრძელ, 150-სანტიმეტრიან ბოლოსთან ერთად სიგრძეში 200–235 სანტიმეტრს აღწევს. აქვს მომწვანო-მოოქროსფრო „მარაო“, რომელიც მოლურჯო-ბრინჯაოსფერი კოპლებითაა დამშვენებული. თავად ეს კოპლები მოხატულობით თვალებს წააგავს. სხეულის ბუმბული მეტწილად მბზინავ მოლურჯო-მომწვანო ფერებში გადადის. მამლები კუდის გაშლით ცდილობენ დედლების მოხიბვლას.

ფარშავანგების საკვებს წარმოადგენს: მწერები, ხვლიკები, ზოგჯერ პატარა გველები, ასევე თესლეული, მარცვლეული კულტურები, ოსპი და ნათესების რბილი ფესვები.

გრძელი ბოლო არ ანელებს ფარშავანგის მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის აფრენის დროს, ერთი შეხედვით, მოუხერხებელი ტვირთის შთაბეჭდილებას ტოვებს. აფრენის შემდეგ ფარშავანგი დიდი სისწრაფით მიფრინავს და ფრთებსაც ძალიან სწრაფად აბარტყუნებს.

რვა თვის მართვეებს უკვე შეუძლიათ მშობლების მიტოვება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. მათი წასვლა დედას სულის მოთქმისა და ძალების აღდგენის საშუალებას აძლევს, რათა მომავალი თაობის აღსაზრდელად და „ფეხზე დასაყენებლად“ მოემზადოს. ახალგაზრდა მამლებს დაახლოებით რვა თვიდან ეწყებათ ბოლოს ზრდა, მაგრამ მისი სრული სილამაზით ისინი მხოლოდ მაშინ დაიკვეხნიან, როდესაც ოთხი წლის გახდებიან. ამ დროს ისინი უკვე მზად არიან საკუთარი ოჯახის შესაქმნელად.

ფარშავანგი ბინადრობს ბუჩქნარში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყის ჭრის ადგილებში. პოლიგამიური ფრინველია: ერთ გუნდში 1 მამალი და 3–5 დედალია. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ფარშავანგი ფართოდ არის გავრცელებული, როგორც დეკორატიული ფრინველი. ინდოეთში ინახავენ ნახევრად მოშინაურებული სახით. ევროპაში (საბერძნეთში) შემოყვანილია V საუკუნეში.

მისი მოშინაურება ადვილად შეიძლება. ზოგს ფარშავანგი წმინდა ფრინველად მიაჩნია. ამ მოსაზრების გამო ინდოეთის სოფლების მოსახლეები ზოგჯერ მოთმინებით იტანენ ფარშავანგების პარპაშს, როდესაც ისინი მათ ნათესებს აოხრებენ.

ფარშავანგები ამშვენებდნენ ძველი საბერძნეთის, რომისა და ინდოეთის ბაღებს. ინდოეთის სამეფო კარზე მათ ათასწლეულების განმავლობაში ხატავდნენ და ძერწავდნენ. ფარშავანგის ტახტი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას განძად ითვლებოდა. როგორც იტყობინებიან, უამრავი ბრილიანტის გარდა, ის 108 ლალისა და 116 ზურმუხტის თვლით იყო შემკული. ჩარდახის ზემოთ მას ოქროს ფარშავანგი ჰქონდა დამაგრებული, რომლის გამოც ტახტს ასეთი სახელი ეწოდა. ტახტს მხოლოდ მნიშვნელოვანი ცერემონიებისთვის იყენებდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]