ტენილი ყველი
ტენილი ყველი | |
ტიპი | რძის პროდუქტი |
---|---|
წარმოშობის ადგილი | საქართველო |
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო | ქართული სამზარეულო |
ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
ტენილი ყველი — ტრადიციული მესხური ძალზე ცხიმიანი ყველი, რომელიც ურთულესი დამზადების ტექნოლოგიით გამოირჩევა.
დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით ტენილი ჩედერიზებული ყველის ჯგუფს მიეკუთვნება. ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფს მოგაგონებთ, რითაც ჩეჩილი ყველის ანალოგია. საყველე მასას დასამწიფებლად ქოთანში ტენიან (საიდანაც მომდინარეობს სახელი), სადაც დამარილების გარეშე მწიფდება, შემდეგ კი ამ მასას ადნობენ. ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი წათხის ყველებისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიური პროცესით, ისე გარეგნული სახით, გემოთი, სუნით, კონსისტენციითა და სხვა თვისებებით.
მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიას 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ყველი დღეს სამცხე-ჯავახეთის ცალკეულ ოჯახებსა და საწარმოებში მცირე რაოდენობით მზადდება და რძის პროდუქტების დელიკატესად ითვლება.