შინაარსზე გადასვლა

სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში (1943)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენიტო მუსოლინი (დუჩე)

სახელმწიფო გადატრიალება იტალიაში, იქ უფრო ცნობილი, როგორც „25 ივლისი“ (იტალ. Luglio)იტალიაში 1943 წლის 25 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება. მეორე მსოფლიო ომში იტალიის ფაქტობრივი დამარცხცებით უკმაყოფილო ფაშისტმა ფუნქციონერებმა პრემიერ-მინისტრი ბენიტო მუსოლინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე დაჯგუფება ჩამოაყალიბეს და დიდი ფაშისტური საბჭოს მოწვევა მოითხოვეს. იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ დინო გრანდიმ, მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის მხარდამჭერით გაატარა საბჭოში რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა მეფისთვის უმაღლესი ძალაუფლების, ისევე როგორც უმაღლესი მთავარსარდლობის გადაცემას და ხელისუფლების ფაშისტური ინსტიტუტების დათხოვნას. 26 იანვარს „დუჩე“ მეფემ გამოიძახა აუდიენციაზე, ხოლო შემდეგ იგი დააპატიმრეს, რის შედეგადაც დასრულდა ფაშისტების 21-წლიანი მმართველობა. მუსოლინის დაცემის შემდეგ ქვეყანაში გერმანული ჯარი შეიჭრა; 1943 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება იტალიასა და მოკავშირეებს შორის. 12 სექტემბერს დაპატიმრებული მუსოლინი გერმანელებმა გაათავისუფლეს. იმ დღიდან, დუჩე იტალიის სოციალურ რესპუბლიკას ჩაუდგა სათავეში.

წინაპირობები. უკმაყოფილების პირველი ნიშნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიტორიო ემანუელე III

1943 წლის დასაწყისში იტალიურ ფრონტზე სიტუაცია კრიტიკას ვერ უძლებდა: 4 ნოემბერს აფრიკული ფრონტის კრახი და 8–12 ნოემბერს ჩამოსხმულმა დესანტმა გზა გაუხსნა მოკავშირეებს იტალიისკენ. გარდა ამისა, სსრკ-ში იტალიური ჯარის დამარცხებამ, ქალაქების მუდმივმა დაბომბვებამ, სურსათ-სანოვაგის და საწვავის უკმარისობამ მოსახლეობის დემორალიზაცია გამოიწვია: მოქალაქეთა უმრავლესობას ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიოს დატოვება სურდა. ჩრდილოეთ აფრიკაში ღერძის ბოლო საყრდენის, ტუნისის შესანარჩუნებლად იტალიას გერმანელების დიდი დახმარება ესაჭიროებოდა. მუსოლინი, დარწმუნებული იმაში, რომ მიმდინარე კონფლიქტში ძირითად როლს ხმელთაშუა ზღვა ითამაშებდა, ყველანაირად ცდილობდა ჰიტლერი თავის აზრზე მოექცია. დუჩეს სურდა, რომ ჰიტლერს საბჭოთა კავშირთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაეფორმებინა და ჯარის დიდი ნაწილი აფრიკულ ფრონტზე გადაესროლა. 1943 წლის 29 აპრილს ორი ლიდერი ერთმანეთს ზალცბურგში შეხვდა. მუსოლინის მიერ შეთავაზებული გეგმა ჰიტლერმა უარყო. ჰიტლერის სკეპტიციზმს იტალიური ჯარის მიმართ იზიარებდნენ ვერმახტის გენერლებიც: მათ უარი უთხრეს იტალიელებს ტუნისის პლაცდარმის დასაცავად დახმარების გაგზავნაზე, რადგან არ სჯეროდათ მათი წინააღმდეგობის. პოლიტიკური არასტაბილურობის კიდევ ერთი ფაქტორი გახდა მუსოლინის ჯანმრთლების მდგომარეობა: მის დეპრესიას დაემატა გასტრიტი და ნერვული წარმოშობის დუოდენიტი. დაავადებების გამო პრემიერ-მინისტრი იშვიათად იყო დაკავებული სახელმწიფო საქმეებით.

ჩამოყალიბებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა განხილვის საბაბი გახდა სხვადასხვა დაჯგუფებებისთვის, რომლებშიც შედიოდნენ ანტიფაშისტები, ფაშისტები, სამეფო კარის წევრები და გენერალური შტაბის ხელმძღვანელები. არისტოკრატთა ნაწილი, უმაღლესი კლასების წევრები და ძველი პოლიტიკური ელიტა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობდა დაემყარებინა კავშირი ანტიჰიტლერულ კოალიციასთან. მათთვის არ იყო ცნობილი, რომ კასაბლანკას კონფერენციაზე მოკავშირეებმა მისაღებად მხოლოდ უპირობო კაპიტულაცია მიიჩნიეს. ამერიკელები და ინგლისელები ნაბიჯებს იტალიის უმაღლესი ხელმძღვანელობისგან ელოდებოდნენ და სხვა კონტაქტებს არაფრად აგდებდნენ. 20-წლიანი დიქტატურით დასუსტებული ანტიფაშისტური პარტიები დუჩეს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. მისი პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილი, კომუნისტების და „მოქმედების პარტიის“ გარდა ელოდებოდა, რომ პირველი მეფე ამოქმედდებოდა, მაგრამ, მეფე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა. გარდა ამისა, იგი ერიდებოდა კონსტიტუციის დარღვევას და ხედავდა, რომ ომისშემდგომ იტალიაში მონარქიის შენარჩუნების პერსპექტივა არ არსებობდა. მეფეს ეზიზღებოდა ფაშისტებამდელი პოლიტიკოსები, თანაც, ეშინოდა, რომ ომის შემდეგ მოკავშირეები იტალიისგან კონტრიბუციას მოითხოვდნენ და ჯერ კიდევ ენდობოდა მუსოლინის, რადგან სჯეროდა, რომ იგი კვლავ შეძლებდა სიტუაციის გამოსწორებას. მეფემ მოიწვია თავისი საბჭო და მოიშორა ისინი, ვინც მისი ჩანაფიქრების გამოაშკარავებას ცდილობდა. მათ შორის იყო გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი, გენერალი ამბროზიო, მეფის და გერმანელების მიმართ ერთგულად განწყობილი ადამიანი. იგი ომს წაგებულად თვლიდა, თუმცა, ვერ ბედავდა მუსოლინის წინააღმდეგ გამოსვლას მეფესთან კონსულტაციის გარეშე. თავის უახლოეს თანამოაზრეებთან, გენერალ კასტელიანო და კარბონისთან ერთად ამბროზიო ცდილობდა შეიარაღებულ ძალებში არსებულ მნიშვნელოვან თანამდებობებზე მეფის ერთგული ადამიანები „დაესვა“. გარდა ამისა, ამბროზიო ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცი გადაესროლა იტალიის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გერმანელებს გარკვეული ეჭვები გაუჩინა.

1943 წლის 6 თებერვალს მუსოლინიმ თავისი მმართველობის ისტორიაში მინისტრთა კაბინეტში ყველაზე დიდი ცვლილებები ჩაატარა: თანამდებობა დაკარგა თითქმის ყველა მინისტრმა, მათ შორის გავლენიანებმა გალეაცო ჩიანომ, გრაფმა მორდანო დინო გრანდიმ, ჯუზეპე ბოტაიმ, გვიდო გვიდიმ და ალესანდრო პავოლინიმ. მუსოლინი იმედოვნებდა, რომ ჩატარებული ცვლილებები გამოიწვევდა საზოგადოებრივი აზრის და „ეროვნული ფაშისტური პარტიის“ ელემენტების დაწყნარებას. დუჩემ თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ახალი ფიგურები ზედმეტად „კომპრომისულნი“ აღმოჩდნენ. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის (რომელიც თვითონ მუსოლინი იყო) მოადგილე ჯუზეპე ბასტიანი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მშვიდობის მომხრე იყო და ამავე დროს ცდილობდა შეექმნა ბულგარეთის, უნგრეთის და რუმინეთის ალიანსი, რომელსაც იტალია ჩაუდგებოდა სათავეში, რათა წინააღმდეგობა გაეწია ევროპაში გერმანული გავლენისთვის. იმავე წლის აპრილში მუსოლინიმ თანამდებობიდან გადააყენა მეფის ერთგული პოლიციის უფროსი. ამის მიზეზი გახდა უკანასკნელის არაეფექტურობა მარტის გამოსვლების ჩახშობის დროს. მუსოლინიმ აგრეთვე შეცვალა ფაშისტური პარტიის ახალგაზრდა და გამოუცდელი მდივანი ალდო ვიდუსონი და მის ადგილას „მკაცრი ხაზის“ მომხრე, კარლო სკორცა დანიშნა. დუჩე მიზნად ისახავდა პარტია „გამოეცოცხლებინა“.

კონფლიქტის განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წლის 13 მაისს ტუნისში იტალო-გერმანული ჯარის კაპიტულაციის შემდეგ სტრატეგიული სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მოკავშირეებს მიეცათ შესაძლებლობა შეჭრილიყვნენ იტალიის ტერიტორიაზე. იტალიელების და მოკავშირეების შესაძლო დაზავების შემთხვევაში გერმანელებს ჰქონდათ მომზადებული ყოფილი მოკავშირის ტერიტორიის (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით) დაპყრობის და ჯარის განიარაღების გეგმები. მოკავშირეების შესაძლო თავდასხმის მოსაგირებლად მომზადების ფარგლებში გერმანელებს სურდათ ქვეყანაში უფრო მეტი ჯარისკაცი განეთავსებინათ, მაგრამ, მუსოლინის და ამბროზიოს ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდათ, ამიტომ, მათ მხოლოდ უფრო მეტი თვითმფრინავი მოითხოვეს. 1943 წლის 11 ივნისს მოკავშირეებმა დაიპყრეს ფაშისტური ციხესიმაგრე პანტელერია. ნათელი გახდა, რომ მათი შემდეგი მიზანი უფრო დიდი კუნძულები, სიცილია, სარდინია ან კორსიკა უნდა ყოფილიყო. მაისის შუა რიცხვებში მეფემ იტალიის ომიდან გასვლის შესახებ დაიწყო ფიქრი. ამ აზრის განვითარებას ხელი შეუწყო სამეფო კარის მინისტრმა, მონარქიის ბედით შეწუხებულმა ჰერცოგმა დაკვარონემ. მუსოლინის წინააღმდეგ პირველი ნაბიჯის გადადგმას საზოგადოება მეფისგან ელოდებოდა, მაგრამ, მონარქი არ ჩქარობდა, რის გამოც ნელ-ნელა ნდობას კარგავდა. მაისის ბოლოში დაკვარონე და მეფის ადიუტანტი, გენერალი პუნტონი შეხვდნენ ძველი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს, ივანოე ბონომის დდა მარჩელო სოლერის. ისინი მუსოლინის გადადგომას და სამხედრო ხელისუფლეების ფორმირებას ითხოვდნენ. 2 და 8 ივნისს ისინი შეხვდნენ მეფეს, თუმცა უკმაყოფილი დარჩნენ მისი პასიურობით. 30 ივნისს ბონომი შეხვდა პრინც უმბერტო II-ს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა დაასახელა: გენერალი ამბროზიო, მარშალი ბადოლიო და მარშალი კავილია. 4 ივლისს უმბერტომ თავისთან მიიწვია ბადოლიო და შეატყობინა, რომ სამეფო კარი არ ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების შეცვლას. კავილიას კანდიდატურის პლიუსები იყო მისი სიმამაცე და ძლიერი ანტიფაშისტური პოზიცია, მაგრამ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად იგი უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო. მის მინუსად მასონობაც ითვლებოდა. ბადოლიო, რომელიც 1941 წელს, საბერძნეთში იტალიელების დამარცხების შემდეგ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პოსტის დატოვა მუსოლინის თავის პირად მტრად მიიჩნევდა და შურისძიების გზას ეძებდა. ბადოლიო დაკვარონესტან მეგობრობდა და კავილიას მსგავსად, მასონი იყო. აღსანიშნავია, რომ კავალია და ბადოლიო ერთმანეთის სასტიკი მტრები იყვნენ.

4 ივნისს ვიტორიო ემანუელმა მიიღო გრანდი, რომელიც, მიუხედავად მინისტრის სავარძლის დაკარგვისა, ინარჩუნებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს. მიუხედავად 20-წლიანი ერთობლივი მოღვაწეობისა, გრანდი თვლიდა, რომ მუსოლინის შემდეგ ფაშიზმის დაკნინება დაიწყება; იგი უფრო მემარჯვენე კონსერვატორი იყო, ვიდრე ფაშისტი. პარლამენტის თავმჯდომარეობამდე, გრანდი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და იტალიის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში. ზუსტად მას მოიაზრებდნენ დუჩეს შესაძლო მემკვიდრედ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მუსოლინის ერთგული იყო, თვლიდა, რომ დუჩეს კეთილდღეობისთვის ზოგჯერ მისი ბრძანებების იგნორირება იყო საჭირო. 1943 წლის 25 მარტს მეფემ დააჯილდოვა გრანდი დინასტიის უმაღლესი ორდენით, ანუნციატით, რომელიც უფლებას აძლევდა მას საკუთარი თავისთვის „მეფის ბიძაშვილი“ ეწოდებინა. გარდა ამისა, ტიტულთან ერთად მან სამეფო კართან შეუზღუდავი წვდომა მიიღო. 25 ივლისამდე მეფესთან ბოლო შეხვედრის დროს გრანდიმ მუსოლინის მოკვლის და გერმანელებზე იერიშის მიტანის წინადადება წამოაყენა და შეადარა მეფე სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II, რომელმაც ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის დროს უღალატა ფრანგებს და საღვთო რომის იმპერიის მხარეს დადგა, რათა დინასტია ეხსნა. თვითონ გრანდი მზად იყო გამხდარიყო საკრალური მსხვერპლი, რომელიც მეფეს ესაჭიროებოდა და ამას მონარქს ღიად ეუბნებოდა. უკანასკნელმა, თავის მხრივ, შეახსენა მოსაუბრეს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია იყო და რომ მას პარლამენტის ან დიდი ფაშისტური საბჭოს ნებართვის გარეშე მოქმედება არ შეეძლო. ვიტორიო ემანუელე თავს არიდებდა დაჩქარებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლებოდა ღალატის ეკვივალენტი გამხდარიყო. გრანდი მონარქის უმოქმედობით უკმაყოფილო დარჩა და სიტუაციის განვითარების მოლოდინში რამდენიმე დღით მშობლიურ ქალაქ ბოლონიაში გაემგზავრა.

19 ივნისს შედგა ფაშისტური ხელისუფლების ბოლო სხდომა. კავშირის მინისტრმა ჩინიმ (ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ინდუსტრიულმა მაგნატმა) პირდაპირ შესთავაზა მუსოლინის ომიდან გასვლის საშუალება მოეძებნა. სხდომის შემდეგ იგი თანამდებობა გადადაგა. ჩინის „გავარდნა“ იყო პრემიერის რეიტინგის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი. ერთგული ქვეშემრდომები, OVRA-ს აგენტები და გერმანელები აფრთხილებდნენ დუჩეს მოსალოდნელ შეთქმულებაზე. ის, თავის მხრივ, არაფრად აგდებდა ამ შეტყობინებებს და სხვების „ზედმეტ შეწუხებას“ კრიმინალური რომანების კითხვას და „დევნის მანიას“ აწერდა. 25 ივნისს მუსოლინი ბოლოჯერ გამოვიდა სიტყვით პრემიერის რანგში და განაცხადა, რომ ერთადერთი იტალიური ტერიტორია, რომლის ოკუპაციასაც მოკავშირეები „სამუდამოდ“ (როგორც გვამები) შეძლებდნენ, იტალიური სანაპირო იყო. აღსანიშნავია, რომ მუსოლინიმ არასწორად მოიხსენია თავისივე ქვეყნის სანაპირო. ბევრი იტალიელისთვის მუსოლინის არეული გამოსვლა იმის მოწმობა იყო, რომ მის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა.

10 ივლისის ღამეს ანგლო-ამერიკული დესანტი სიცილიაში დაეშვა. იტალიური სარდლობა ამას ელოდა, მაგრამ, მათთვის მოულოდნელი იყო, რომ სიცილიაში იტალიელმა ჯარისკაცებმა მალე იწვნიეს მარცხი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდაც ბრძოლის გარეშე დანებდნენ. ბრძოლების პირველ დღეებში იტალიელებს ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ სიცილიის შენარჩუნება შესაძლებელი იყო, თუმცა, მალევე გახდა ნათელი, რომ ნახევარკუნძული დაკარგული იყო. 16 ივლისს დუჩე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბასტიანის, რომელმაც შესთავაზა მუსოლინის ჰიტლერისთვის ტელეგრამა გაეგზავნათ და გამაგრებების არქონისთვის საყვედური ეთქვათ. მუსოლინი ამ წინადადებას დათანხმდა. თანხმობა მიიღო ბოტაის წინადადებამაც, რის შედეგადაც იტალიელებმა დაიწყეს მოლაპარაკება მოკავშირეებთან, თუმცა, მხოლოდ შუამავლების საშუალებით. შუამავალი უნდა გამხდარიყო ვატიკანელი ბანკირი ფუმი, რომელიც უნდა მოხვედრილიყო დიდ ბრიტანეთში ან პორტუგალიიდან, ან ესპანეთიდან. იმავე დღეს ფუმიმ გადასცა წმინდა ტრაპეზის სახელმწიფო მდივან კარდინალ მალონიეს დოკუმენტი, სადაც მოთხრობილი იყო იტალიურ პოზიციაზე ომიდან ცალმხრივი გასვლის შესახებ.

ფაშისტური ოპოზიცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაშისტური პარტიის ბევრი წევრი დარწმუნდა იმაში, რომ ომი წაგებული იყო. მოკავშირეების სიცილიურმა ოპერაციამ, იტალიური წინააღმდეგობის არარსებობამ და მუსოლინის რეაქციამ ისინი შეარყია. პარტიის ერთი ნაწილი ნაბიჯებს მეფისგან ელოდებოდა, ნაწილი კი მუსოლინისგან. დიდი პრობლემა გახდა ხელისუფლების იმ ორგანოს მოძებნა, რომელიც მის წინააღმდეგ გამოვიდოდა. ოთხი ორგანოდან, ანუ, ეროვნული ფაშისტური პარტიიდან, პარლამენტიდან, სენატიდან და დიდი ფაშისტური საბჭოდან დუჩეზე „გალაშქრება“ მხოლოდ საბჭოს და სენატს შეეძლო, რადგანაც იქ რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსიც შედიოდა. 22 ივლისს 61-მა სენატორმა მიმართა მუსოლინის და საკანონდმებლო კრების ზედა პალატის მოწვევა სთხოვა, მაგრამ, მუსოლინიმ უარი თქვა. რაც შეეხება საბჭოს, მისი სხდომის ჩატარება და დღის წესრიგის შედგენა მხოლოდ მუსოლინის შეეძლო.

  • Monelli, Paolo (1946). Roma 1943, 4 (Italian), Roma: Migliaresi. 
  • Bianchi, Gianfranco (1989). 25 Luglio: crollo di un regime (Italian). Milano: Mursia. 
  • Bottai, Giuseppe (1963). Diario 1935-1944, 1 (Italian), Milano: Rizzoli. 
  • Grandi, Dino (1983). Il 25 Luglio 40 anni dopo, 3 (Italian), Bologna: Il Mulino. ISBN 8815003312. 
  • De Felice, Renzo (1996). Mussolini. L'Alleato. 1: L'Italia in guerra II: Crisi e agonia del regime, 2 (Italian), Torino: Einaudi. ISBN 8806195697. 
  • De Felice, Renzo (2008). Mussolini. L'Alleato. 2: La Guerra Civile, 3 (Italian), Torino: Einaudi. ISBN 8806195719.