საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არტისტული კაფეები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არტისტული კაფეები — 1918-1921 წლებში საქართველოს კულტურისათვის მოკლე ეპოქა დგება, ეს პერიოდი, სახელოვნებო-კულტურული თვალსაზრისით, ექსპერიმენტის, ხელოვნების ფუნქციის გადააზრების, ახალი ენის შექმნის დინამიკური დროა. 1918 წლიდან უფრო გაიხსნა სახელოვნებო საზღვრები - საქართველოში დამკვიდრდნენ პოლონელი, სომეხი, და გერმანელი მხატვრები, პოეტები, რუსეთიდან ჩამოსული ხელოვანები, ქართველი მოდერნისტები და ავანგარდისტები; ტატიანა ნიკოლსკაია წერს:
„შემოქმედებითი ძალების სიმრავლემ საქართველოს დედაქალაქი ევროპული კულტურის ცენტრად აქცია.“
|
თბილისი იმჟამად მართლაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და რუსეთის ავანგარდის ერთ-ერთ ცენტრად ჩამოყალიბდა. აქ იწყება მოდერნისტული და ავანგარდული არტისტული კაფეების ეპოქა - ხმაურიანი პროცესი უცნაური რიტორიკით.
ამ კაფეებში მიმდინარეობდა მოდერნისტულ-ავანგარდული ცხოვრება - პოსტრეალისტური ესთეტიკური „ამბოხი“, ახალი ენის შექმნისთვის, ხელოვნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა; ის გამოჰყავთ უტილიტარული ფუნქციიდან, სწორხაზოვნებიდან, ნატურალიზმიდან. გაიხსნა არტისტული კაფეები, რომლებიც არა მხოლოდ შეკრების ადგილი, არამედ კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრიც იყო. აქ იკრიბებოდნენ მწერლები და პოეტები, იმართებოდა ლექციები და პოეზიის საღამოები, თეატრალური წარმოდგენები თუ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კაფეთა ცხოვრებას წინ უსწრებდა საოჯახო სალონებისა და თბილისური დუქნების არსებობა. 1917 წელს გაიხსნა საქართველოში პირველი კაფე „ფანტასტიკური სამიკიტნო“. თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პატარა ოთახი თხუთმეტამდე ადამიანს იტევდა. კაფე-კლუბი იური დეგენისა და სანდრო კორონას ინიციატივით გაიხსნა. სივრცე მთლიანად მოხატული იყო ლადო გუდიაშვილის, სერგეი სკრიპიციანის, პეტრაკოვსკის, იური დეგინისა და იაკობ ნიკოლაძის მიერ. კაფე იმ დროს მოღვაწე ხელოვანთა თავშეყრის ადგილი იყო.
სამ წელიწადში 200-მდე ლექცია წაიკითხეს. კლუბის ხშირი სტუმრები იყვნენ ცისფერყანწელები, ასევე, ილია ზდანევიჩი, იგორ ტერენტიევი, ალექსანდრე კრუჩიონიხი, იური დეგენი, სოფია მელნიკოვა და სხვა. 1918 გაიხსნა „არგონავტების ნავი“, სივრცე მოხატეს ლადო გუდიაშვილმა, კირილე ზდანევიჩმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა. კაფე აკმეისტების შეკრების ადგილი იყო. ამ კაფე-კლუბების გარდა, თბილისში მდებარეობდა „ფარშევანგის კუდი“, მოხატული ზიგა ვალიშევსკისა და კირილე ზდანევიჩის ფრესკებით. „ჭიქა ჩაი“, „ძმური ნუგეში“, „ქართული კლუბი“, „იმედი“, „ინტერნაციონალი“, „ანონა“, რომელიც ცისფერყანწელთა შეკრების ადგილად იქცა და სახელიც შეეცვალა, კაფე „ქიმერიონი“, მოხატული სერგეი სუდეიკინის, დავით კაკაბაძის, და ლადო გუდიაშვილის მიერ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესასა თუ იმ დროს მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია თბილისური კაფე-კლუბების ცხოვრებას, იქ გამართულ საღამოებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყიფიანი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 35-36.