ტატიანა ნიკოლსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტატიანა ლევის ასული ნიკოლსკაია (რუს. Татья́на Льво́вна Нико́льская, ტატიანა ლვოვნა ნიკოლსკაია; დ. 2 ივნისი, 1945, ლენინგრადი, ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოთეკარი, მემუარისტი. იკვლევს რუსულ ავანგარდს, ქართულ ფუტურიზმს, XX საუკუნის პირველი მესამედის რუსულ-ქართულ ლიტერატურულ კავშირებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1945 წელს ლენინგრადში. 1969 წელს დაამთავრა ლენინგრადის ა. ჟდანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სტუდენტობის პერიოდში გამოაქვეყნა XX საუკუნის რუსი პოეტების — კონსტანტინ ვაგინოვის და კონსტანტინ ოლიმპოვის მივიწყებული მემკვიდრეობა. შემდეგ დაინტერესდა XX საუკუნის რუსულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობების და ქართული ფუტურიზმის ისტორიით. 1987 წლიდან მუშაობს ბიბლიოთეკარად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლური ხელნაწერების ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, სადაც კურირებს ქართული ფონდის სისტემატიზების და გასაჯაროების საქმეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, სწავლობდა ქართულ ენას და აგროვებდა მასალებს წიგნისთვის „ფანტასტიკური ქალაქი: რუსული კულტურული ცხოვრება თბილისში 1917-1921 წლებში“ (რუს. «„Фантастический город“: Русская культурная жизнь в Тбилиси 1917―1921»; 2000). 2005 წელს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს ახალ ქართულ ლიტერატურაში, 2011 წელს კი — პეტერბურგული ავანგარდის მუზეუმსა და ჰელსინკის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ლექციებს ქართული ფუტურიზმის და თბილისური ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფის, „41°“-ის შესახებ.[1]

ნიკოლსკაია არის 4 წიგნისა და რუსეთის, საქართველოს, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჟურნალებში და კრებულებში დაბეჭდილი 250-მდე სამეცნიერო სტატიის და სხვა პუბლიკაციის ავტორი. პირველად გამოსცა 1910-1930-იანი წლების რუსული ლიტერატურის ბევრი წარმომადგენლის სრულფასოვანი კრებულები, მ.შ., სოფია პარნოკი, სერგეი ნელდიჰენი, ლეონიდ დობიჩინი, იგორ ტერენტიევი, ილია ზდანევიჩი, ალექსანდრე ტუფანოვი, იური მარი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების შესახებ. 1990-იანი წლებიდან აქვეყნებს მემუარული ხასიათის ნაშრომებს მისი თანამედროვეების შესახებ. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი საერთაშორისო შეხვედრაში, მათ შორის, ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმში (თბილისი, 1989), შოთა რუსთაველის შემოქმედების შესახებ საერთაშორისო სიმპოზიუმში (ტურკუ, 1991), სხვადასხვა კონფერენციაში ავანგარდული ლიტერატურის შესახებ იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში, ხორვატიაში, სერბეთში, შვედეთში და სხვ. 1980-იანი წლების შუა ხანებიდან რეგულარულად მონაწილეობს ლატვიაში მიმდინარე იური ტინიანოვის სახელობის კულტურათმცოდნეობის მულტიდისციპლინურ საერთაშორისო კონფერენციაში «Тыняновские чтения». ნიკოლსკაია არის საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის NIAS Fellows Association-ს (1996 წლიდან) და სანქტ-პეტერბურგის მწერალთა კავშირის (2002 წლიდან) წევრი. ასევე შედის სანქტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ გამგეობაში (1991 წლიდან). 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიანიჭა ღირსების ორდენი.[1][2]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Никольская Татьяна. «Фантастический город»: Русская культурная жизнь в Тбилиси: 1917—1921. — М.: Пятая страна, 2000. — 192 с. — ISBN 5-901250-07-9.
  • Никольская Татьяна. Авангард и окрестности. — СПб.: Издательство Ивана Лимбаха, 2001. — 320 с. — ISBN 5-89059-010-3.
  • Никольская Татьяна. Спасибо, что вы были…. — СПб.: Юолукка, 2014.
  • Никольская Татьяна. Ещё раз спасибо. — СПб.: Юолукка, 2017.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Татьяна Львовна Никольская ru. Институт восточных рукописей РАН. ციტირების თარიღი: 26 February 2020.
  2. ვაგიფ მამიშევის, ალბერტ მაღალაშვილის, თამაზ მჭედლიძის, ტატიანა ნიკოლსკაიას, თამაზ ტოგონიძისა და იური ხაჟომიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ : საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება : 2003 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 8 ნოემბერი. - N301 (4680).