შინაარსზე გადასვლა

საროს მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საროს მთავარანგელოზთა ეკლესია
საროს მთავარანგელოზთა ეკლესია — საქართველო
საროს მთავარანგელოზთა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°30′20″ ჩ. გ. 43°16′46″ ა. გ. / 41.5056444° ჩ. გ. 43.2794750° ა. გ. / 41.5056444; 43.2794750
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VII-VIII საუკუნეები
დეტალები

საროს მთავარანგელოზთა ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ საროში[1]. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (გარე ზომებია: 11,9 X 14,1 მ.), ნაგებია ვულკანური წარმოშობის ნაცრისფერი ქვით. შენობის კუთხეები, ღიობების წირთხლები, სარკმლის შემორჩენილი თავსართები ამოყვანილია სუფთად გათლილი ტუფით. ტაძარი გარედან შეთეთრებულია კირხსნარით, ინტერიერი დაფარულია საკმაოდ სქელი ნალესობით. მიუხედავად ამისა, ნათლად იკითხება გვიანდელი, სავარაუდოდ XIX საუკუნის აღდგენა ან გადაკეთება. ამ დროს საბჯენი თაღების გარეშე აღადგინეს ცილინდრული კამარა, ექვთიმე თაყაიშვილის 1902 წლის ანგარიშში აღნიშნულია: „ამჟამად ეკლესია გადახურულია კრამიტით“[2]. ასევე ამოაშენეს სამხრეთის ფასადის ორთაღიანი ღიობი, რადგან შესასვლელი, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, „თავიდან იყო სამხრეთიდან ახლა კი ამოშენებულია“. დარბაზის დასავლეთის კედლის განიერი თაღი, თავდაპირველი კარის ნაცვლად, ტაძრის გადაკეთების შედეგია. ამ დროისათვის სარკმლები ჯერ არ იყო შეცვლილი „ტაძრის სამი საკურთხეველი განათებულია სამი ვიწრო სარკმელით“ (სავარაუდოდ სარკმლები საბჭოთა პერიოდში შეცვალეს, იმ დროს როდესაც ტაძარს სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ), ყველა სარკმელი გაგანიერებული და ხის სწორკუთხა ალათებია ჩასმული.

დარბაზული ეკლესიის გრძივი კედლები პილასტრების ორი წყვილით დაყოფილია სამ ნაწილად (პილასტრებზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები იყო გადაყვანილი). განიერი აფსიდით შემოწერილი საკურთხეველი დაგრძელებულია ბემით (დღეს ნალესობით გამოყვანილი კანკელი წინაა წაწეული და საკურთხევლის ფართობი გადიდებულია, ჩრდილო-არმოსავლეთის სათავსო სამკვეთლოს მოვალეობას ასრულებს და უშუალოდ საკურთხეველს უკავშირდება). დარბაზი სამხრეთის ეგვტერს გრძივ კედელში გაჭრილი, ერთ ბოძზე დაყრდნობილი თაღების წყვილით უკავშირდება (ამ თაღების წყვილს სამხრეთის კედლის სიგრძის 2/3 უკავია). ეგვტერი ვიწრო და გრძელი სათავსოა, რომელიც წრიულ სვეტზე და მასიურ კაპიტელზე დაყრდნობილი ორი თაღით იხსნებოდა (მოგვიანებით გასასვლელი ამოაშენეს და აქ მხოლოდ ერთი წრიული სარკმელია დატოვებული, რომელსაც სავარაუდოდ ამავე ტაძრის სარკმლის ჰორიზონტალურ კიდეებიანი თავსართი „დაადგეს“). ეგვტერის სწორკუთხა საკურთხევლის იატაკი აწეულია ქვის მოპირკეთებით. სამხრეთის კედელზე ქვის სანათლავია მიდგმული. სავარაუდოდ საროს ტაძარში, ბოლნისისა და ჟალეთის მსგავსად, სანათლავად ცალკე სივრცე იყო გამოყოფილი. ტაძარს დასავლეთიდან ნარტექსი ეკვრის, რომელიც დარბაზს კარით უკავშირდებოდა. მოგვიანებით, შესაძლოა სალოცავი სივრცის გასაზრდელად, კარი გააგანიერეს და ნახევარწრიული თაღით გადახურეს.

ტაძრის ფასადები შეთეთრებულია კირხსნარით, თუმცა წყობის ხასიათი ნათლად იკითხება. ტაძრის კუთხეები ამოყვანილია ქვიშაქვის გათლილი ქვით, სიბრტყე ამოყვანილია ერთი ზომის პირმოსწორებული ვულკანური ბაზალტით. გარე მოცულობაში ტაძრის გეგმარებითი სტრუქტურა ნათლად იკითხება.

სამხრეთის ფასადის შუაში, ეგვტერში, შესასვლელი გახსნილია წრიულ სვეტზე დაყრდნობილი ორი ტაღით. წრიული კვეთის სვეტს საკმაოდ მასიური, ქვემოდან ზემოთ გაგანიერებული მოცულობისა და თაროსაგან შედგენილი კაპიტელი ეყრდნობა. თლილი ქვით ამოყვანილ თაღებს ქვედა წიბოს მთელ პერიმეტრზე ბურთულების უწყვეტი ჯაჭვი მიჰყვება (თაღი წესით ორსაფეხურიანია, მაგრამ ამოშენებისას ქვედა საფეხური წყობამ დაფარა). ფასადს მარტივი პროფილის თაროსებრი კარნიზი ასრულებს. დასავლეთის ფასადზე წამყვანია ერთქანობიანი სახურავით გადახურული ნარტექსი, რომელსაც მოგვიანებით სამრეკლო დააშენეს. ნარტექსის უკან დარბაზული ტაძრის ფრონტონიანი ფასადია. ნარტექსში ერთადერთი შესასვლელია სწორკუთხა კარი, რომლის არქიტრავის ზემოთ ჰორიზონტალურკიდეებიანი თაღოვანი თავსართია, რომლის ზედაპირიც შევსებულია დაბალი კვეთის ლილვებითა და წნული ორნამენტის კომბინაციით. თავსართით შემოზღუდული თაღოვანი არე კედლის ფონიდან ჩაწეულია და ლუნეტს მოგვაგონებს, მოგვიანებით მას სახატე ნიშადაც იყენებდნენ. ქვის არქიტრავი მოგვიანებით კარის ალათის ჩასასმელად დაათხელეს. ნარტექსზე, სავარაუდოდ XIX საუკუნეში, ბაზალტის ოთხ სწორკუთხა სვეტზე დაყრდნობილი სამრეკლოს ფანჩატური დაადგეს, რომელსაც საკმაოდ მაღალი კუბური მოცულობა და ქვის წყობით გამოყვანილი პირამიდული სახურავი აქვს. დარბაზული ეკლესიის ფრონტონით დასრულებული დასავლეთის ფასადი მარტივი თაროსებრი კარნიზით მთავრდება, ფასადზე ჰორიზონტალურ კიდეებიანი თავსართით დასრულებული ვიწრო სარკმელი იყო გაჭრილი (დღეს ეს სარკმელიც გაგანიერებულია, თუმცა შემთხვევით გადარჩა თავსარტი). სარკმლის ზემოთ, ფასადის ფრონტონის წვერში, ქვის განედლებული ჯვრის რელიეფია ჩასმული. ჩრდილო-აღმოსავლეთის პასტფორიუმი ტაძრის ძირითადი კორპუსიდან გამოსულია და მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აღიქმება. ამ პასტოფორიუმით აღმოსავლეთის ფასადი ბაზილიკის პროფილს იძენს. ფასადი დამახინჯებულია საკმაოდ განიერი ხის ალატებიანი სარკმლებით. სამივე სარკმლის თავსართი დაკარგულია. იქვე გალავნის კედელთან დეკორით შემკული, საინტერესოს გაფორმებული სარკმლის სათაურია. მეცნიერთა აზრით აღნიშნული საკურთხევლის სარკმლიდან უნდა იყოს ჩამოხსნილი. თავსართის მიხედვით სარკმლის სიგანე 26 სმ უნდა ყოფილიყო (ნაცვლად დღევანდელი 102 სმ-სა). ტაძრის ჩრდილოეთის ფასადი ყრუა.

ტაძრის არქიტექტურა, მისი გეგმის გადაწყვეტა, ცალკეული დეკორატიული ელემენტები ტაძრის აგებას ადრეფეოდალური ხანისა და გარდამავალი ხანის მიჯნით, VII-VIII საუკუნეებით ათარიღებს.

  • გ. მარსაგიშვილი, „საროს მთავარანგელოზთა ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), გვ. 466-471, თბ. 2013

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10736