შინაარსზე გადასვლა

სანდაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
სანდაკანი
მალ. Sandakan
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 5°50′19″ ჩ. გ. 118°07′02″ ა. გ. / 5.8387806° ჩ. გ. 118.1172889° ა. გ. / 5.8387806; 118.1172889
დაარსდა 1658
ფართობი 2266239596±0 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 10±1 მეტრი
მოსახლეობა 396 290 (2010)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 089
საფოსტო ინდექსი 90000–90999
ოფიციალური საიტი http://www.mps.sabah.gov.my/
სანდაკანი — მალაიზია
სანდაკანი

სანდაკანი (წარსულში ცნობილი როგორც ელოპურა) ― მალაიზიის შტატ საბაჰის სანდაკანის რაიონის დედაქალაქი. შტატის მასშტაბით მეორე უდიდესი ქალაქი კოტა-კინაბალუს შემდეგ. მდებარეობს სანდაკანის ნახევარკუნძულსა და შტატის აღმოსავლეთ სანაპიროზე. წარსულში ბრიტანული ბრიტანული ჩრდილოეთ ბორნეოს დედაქალაქი იყო. 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 157 330 ადამიანს,[1] ხოლო მთელი მუნიციპალური ტერიტორიის მოსახლეობა 396 290 ადამიანს შეადგენდა.[1] 2020 წელს მუნიციპალური ტერიტორიის მოსახლეობა 439 050 ადამიანამდე გაიზარდა.[2]

სანდაკანის დაარსებამდე სულუს არქიპელაგი რეგიონში ეკონომიკური ბატონობისთვის ესპანეთსა და სულუს სასულთნოს შორის განხეთქილების საბაბი იყო. 1864 წლისთვის ესპანეთმა სულუს არქიპელაგზე სასულთნოს ტერიტორიები დაიკავა. 1878 წელს სასულთნომ ჩრდილო-აღმოსავლეთი ბორნეო ავსტრია-უნგრეთის კონსულს მიჰყიდა, რომელმაც მოგვიანებით ტერიტორია ბრიტანული კოლონიის ვაჭარს დაუტოვა. ტერიტორიაზე გერმანელთა არსებობამ ბრიტანელები შეაშფოთა. შედეგად, 1885 წელს ბრიტანელებს, გერმანელებსა და ესპანელებს შორის მადრიდის პროტოკოლს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც სულუს არქიპელაგზე ესპანეთის სუვერენიტეტი აღიარეს. სამაგიეროდ, ესპანეთი ჩრდილოეთ ბორნეოში ბრიტანეთის საქმეებში არ უნდა ჩაერეულიყო.

სანდაკანის აყვავება 1879 წლიდან დაიწყო, როდესაც ამ ტერიტორიაზე ბრიტანულმა ჩრდილოეთ ბორნეოს კომპანიამ ახალი დასახლება შექმნა, რომელიც აქტიურ კომერციულ და სავაჭრო ცენტრად და ჩრდილოეთ ბორნეოს მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრად გადაიქცა. სანდაკანის ეკონომიკის განვითარებისთვის ბრიტანელები ხელს უწყობდნენ ბრიტანული ჰონგ-კონგიდან ჩინელების მიგრაციასაც. განვითარება შეფერხდა იაპონელების მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაციის პეროდში. 1944 წელს მოკავშირეთა მიერ დაბომბვის შემდეგ, ქალაქი მთლიანად განადგურდა. რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსების უქონლობის გამო ჩრდილოეთ ბორნეოს ადმინისტრაციული ძალაუფლება ბრიტანეთის სამეფოს ჩრდილოეთ ბორნეოს კოლონიურ მთავრობას გადაეცა. შედეგად, ჩრდილოეთ ბორნეოს ადმინისტრაციული დედაქალაქი ჯესელტონში გადაიტანეს. 1948-1955 წლებში კოლონიური რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმის ფარგლებში, სამეფო კოლონიურმა მთავრობამ სანდაკანში თევზის მრეწველობის განვითარება დაიწყო.

სანდაკანი ნავთობის, თამბაქოს, ყავის, საგოსა და ხე-ტყის მთავარი საექსპორტო პორტია. სხვა ეკონომიკურ აქტივობებს შორისაა: თევზჭერა, გემთმშენებლობა, ეკოტურიზმი და მრეწველობა. სანდაკანის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: სანდაკანის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმი, სანდაკანის კულტურის ფესტივალი, სანდაკანის ომის მემორიალი, კუს კუნძულების ეროვნული პარკი და გომანტონგის მღვიმეები.

სანდაკანის ყურის რუკა, 1981, ბრიტანული ბიბლიოთეკის კატალოგი

სანდაკანი საბაჰის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, სულუს ზღვის ნაპირას. იგი მალაიზიის ერთ-ერთი საპორტო ქალაქია.[3] ქალაქი დაახლოებით 1 900 კმ-ითაა დაშორებული დედაქალაქ კუალა-ლუმპურიდან, 28 კმ-ით ფილიპინებთან საერთაშორისო საზღრიდან და 319 კმ-ით ― საბაჰის დედაქალაქ კოტა-კინაბალუდან.[4][5] სანდაკანის რაიონს ბელურანის (წარსულში ცნობილი როგორც ლაბუკ-სუგუტის რაიონი) და კინაბატანგანის რაიონები ესაზღვრება.[6][7] ქალაქიდან არც თუ ისე მოშორებით მალაიზიის კუს კუნძულების 3 კუნძული: სელინგაანი, გულისაანი და ბაკუნგან-კეჩილი მდებარეობს.[8] სანდაკანთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულებია: ბერჰალა, დუიონგი, ნუნუიან-დარატი, ნუნიან-ლაუტი და ბაი.[6]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, სანდაკანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. კლიმატი შედარებით ცხელი და ნალექიანია. ჩრდილში საშუალო ტემპერატურა 32 °C-ს უტოლდება, ღამით კი 27 °C-ს. ქალაქი მთელი წლის მანძილზე ნალექიანობით გამოირჩოვა. ყველაზე ნალექიანი პერიოდი ოქტომბრიდან თებერვლამდეა, ხოლო ყველაზე მშრალი თვე აპრილია. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 184 მმ-დან 3 988 მმ-დეა.[9][10]

თევზის ბაზარი სანდაკანში

ბრიტანულ ხანაში სანდაკანი სწრაფად გაიზარდა და ჩრდილოეთ ბორნეოს აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანული დასახლება გახდა.[11] სანდაკანის, როგორც საპორტო ქალაქის ზრდას, საექსპორტო აქტივობებმა შეუწყო ხელი. სანდაკანი პალმის ზეთის, თამბაქოს, კაკაოს, ყავის, სართავი ბანანისა და საგოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პორტია.[12] [13] 1930-იანი წლების შუა ხანებში ტროპიკული ხე-ტყის ექსპორტმა რეკორდულ 180 000 კუბურ მეტრს მიაღწია და სანდაკანი ორლებნიანი ხე-ტყის უმსხვილესი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში.[12] სანადაკის მორები გამოიყენეს პეკინში ცის ტაძრის მშენებლობის დროსაც.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Total population by ethnic group, Local Authority area and state, Malaysia, 2010. Department of Statistics Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 14 September 2013
  2. „Newsletter“ (PDF). dosm.gov.my. January 2020. ციტირების თარიღი: 27 April 2023.
  3. Sabah Sea Port. Borneo Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 March 2014
  4. Sandakan Profile. Sandakan Municipal Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 3 April 2014
  5. Sandakan to Kota Kinabalu Distance. Google Maps. ციტირების თარიღი: 3 April 2014
  6. 6.0 6.1 Physical Plan Area Sandakan District. Town and Regional Planning Department, Sabah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 26 March 2014
  7. Sabah District Map. Department of Lands and Surveys, Sabah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 9 June 2015
  8. Vu Hai Dang (9 January 2014). Marine Protected Areas Network in the South China Sea: Charting a Course for Future Cooperation. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 147–. ISBN 978-90-04-26635-3. 
  9. (1976) The land capability classification of Sabah. Land Resources Division, Ministry of Overseas Development. 
  10. F. K. C. Lo; A. J. Hepburn. The land capability classification of Sabah (Volume 2) – The Sandakan Residency (Climate). Land Resources Division, Ministry of Overseas Development (1976). ციტირების თარიღი: 9 April 2014
  11. 11.0 11.1 (2008) Borneo. Ediz. Inglese. Lonely Planet, გვ. 133–. ISBN 978-1-74059-105-8. 
  12. 12.0 12.1 Vern Bouwman (2004). Navy Super Tankers. Trafford Publishing, გვ. 270–. ISBN 978-1-4120-3206-3. 
  13. Introduction and History of Sandakan. Sabah Education.net. ციტირების თარიღი: 25 March 2014