შინაარსზე გადასვლა

რინჩინბალ-ყაენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რინჩინბალ-ყაენი
მონღოლთა იმპერიის მე-14 დიდი ყაენი და
იუანის დინასტიის მე-10 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 23 ოქტომბერი, 1332
მმართ. დასასრული: 14 დეკემბერი, 1332
წინამორბედი: ჯაიათუ-ყაენი
მემკვიდრე: თოღონ თემურ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 მაისი, 1326
გარდ. თარიღი: 14 დეკემბერი, 1332, (6 წლის)
მეუღლე: დალიეთემიში
დინასტია: იუანის დინასტია
მამა: ხუთუღთუ-ყაენი
დედა: ბაბუშა ხათუნი

რინჩინბალ-ყაენი (მონღ. Ринчинбал), ჩინეთში ცნობილია როგორც იმპერატორი ნინჟონგი (ჩინ.: 元寧宗; დ. 1 მაისი, 1326 — გ. 14 დეკემბერი, 1332) — იუანის დინასტიის წარმომადგენელი. ხუთუღთუ-ყაენისა და მისი მეშვიდე ცოლის, ბაბუშა ხათუნის ვაჟი. იუანის დინასტიისა და ჩინეთის იმპერატორი, მონღოლთა მეთოთხმეტე დიდი ყაენი 1332 წლის 23 ოქტომბრიდან გარდაცვალებამდე.

რინჩინბალი დაიბადა 1326 წლის 1 მაისს. იგი იყო ხუთუღთუ-ხანისა და მისი რიგით მეშვიდე ცოლის, ნაიმანის ტომის პრინცესა ბაბუშა ხათუნის ერთადერთი საერთო შვილი. აღსანიშნავია, რომ მამის მხრიდან მას ჰყავდა ერთი უფროსი ძმა, თოღონ თემურის სახით. მამამისი იყო ქულუგ-ყაენის უმცროსი ვაჟი და ჯაიათუ-ყაენის ძმა. მისი დაბადების პერიოდში მონღოლეთში საშინელი ქაოსი მძვინვარებდა, რის გამოც მისი მშობლები ჩაღათას ულუსში, შუა აზიათი ცხოვრობდნენ დევნილობაში.

1329 წლის 27 თებერვალს რინჩინბალის მამამ, ხუთუღთუ-ყაენმა მოახერხა ძმის დამხობა და ტახტზე ასვლა, მაგრამ ამავე წლის 30 აგვისტოს იგი მოწამლეს, რის გამოც ტახტზე კვლავ რინჩინბალის ბიძა, ჯაიათუ ავიდა. მამის მმართველობის პერიოდში იგი ფუს პრინცის წოდებას ატარებდა. 1331 წლის იანვარში თოღონ თემური ბიძამისმა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, რაც ბაბუშა ხათუნმა დიდად გააპროტესტა. შვილის მემკვიდრეობის დასაცავად თოღონ თემურის დედამ, მილიატ ხათუნმა ჯერ კიდევ 1330 წლის მიწურულს სიკვდილით დასაჯა რინჩინბალის დედა, ბაბუშა ხათუნი. ამის შემდეგ პატარა რინჩინბალი კორეაში გადაასახლეს, თუმცა ეს ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა, რადგან თოღონ თემურის ერთადერთი ვაჟი ამ ამბიდან სულ ერთ თვეში დაიღუპა, რამაც მის მემკვიდრედ მაინც რინჩინბალი აქცია.

მარცხნივ რინჩინბალის ცოლი, დალიეთემიში, ხოლო მარჯვნივ დედამისი, ბაბუშა ხათუნი

1332 წელს თოღონ თემურის მეორე ვაჟი, ჯერ კიდევ ჩვილი პრინცი ელ თოღუსი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ვაჟის სარეცელთან მყოფმა თოღონ თემურმა განაცხადა, რომ ნანობდა ნახევარ-ძმისა და დედინაცვლის გაწირვას. სულ მალე თოღონ თემურს ბრალი დასდეს მამის, ხუთუღთუ-ყაენის მოწამვლაში, რის გამოც ბიძამისმა, ჯაიათუ-ყაენმა მას ჩამოართვა მემკვიდრის წოდება და თავის მემკვიდრედ რინჩინბალი გამოაცხადა, რომელიც მალევე დააბრუნეს კორეიდან. ამრიგად, 6 წლის რინჩინბალი ჩავიდა დედაქალაქ დადუში და ყაენის ფავორიტი გახდა, თოღონ თემური კი დედამისთან ერთად გააძევეს დადუდან. სულ მალე, 1332 წლის 23 ოქტომბერს ჯაიათუ-ყაენი გარდაიცვალა და ტახტზე რინჩინბალ-ყაენი ავიდა, რითაც იგი იქცა იუანის დინასტიისა და ჩინეთის იმპერატორად და მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის დიდ ყაენად.

მისი მმართველობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. ვინაიდან იგი ჯერ ძალიან პატარა იყო და შვილი არ ეყოლებოდა, მემკვიდრედ მისი უფროსი ძმა, თოღონ თემური იქცა, რომელიც გუანსში, სამხრეთ ჩინეთში იყო გაქცეული. მისი დედაქალაქში დაბრუნებიდან მალევე, 1332 წლის 14 დეკემბერს, 6 წლის ყაენი გარდაიცვალა, რის გამოც ახალი მმართველი თოღონ თემურ-ყაენი გახდა. იგი 1370 წელს უშვილოდ გარდაიცვალა, რითაც შეწყდა იუანის დინასტია, რამაც ხელი შეუწყო მონღოლთა იმპერიის დაშლას პატარ-პატარა ურდოებად.

  • Yuan shi, 34. p.754
  • Yuan shi, 34. pp.774
  • Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank-The Cambridge History of China: Alien regimes and border states, 907–1368, p.557
  • Jeremiah Curtin-The Mongols: A history, p.392