ხუთუღთუ დაიბადა 1300 წლის 22 დეკემბერს. იგი იყო მონღოლეთის ყაენისა და ჩინეთის იუანის დინასტიის იმპერატორ ქულუგ-ყაენისა და უცნობი მონღოლი ქალის ვაჟი. ყაენმა თავის სიცოცხლეშივე შექმნა ტახტის მემკვიდრეთა „რიგი“, რომლის მიხედვითაც უნდა დალაგებულიყო მანამდე არეული სისტემა, რომლის გამოც დინასტიის ყველა მამაკაცს ჰქონდა ტახტზე პრეტენზია.
1311 წელს ქულუგის გარდაცვალების შემდეგ ეს სისტემა დააიგნორეს და ტახტი უკანონოდ დაიკავა ბუიანთუ-ყაენმა. 1316 წელს, თავისი მმართველობის გასამყარებლად ყაენმა ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე, ხუთუღთუ ჩოუს მეფის ტიტულით დააჯილდოვა, რათა პრეტენზია აღარ ჰქონოდა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა და ჩაღათას ურდოში გაიქცა. აქ მან ყაენის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა სცადა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ მან თავი კვლავ შუა აზიას შეაფარა, რა დროსაც პირველად დაქორწინდა ყარლუყის მმართველ თემურის ქალიშვილ მალიატზე.
1320 წელს ბუიანთუ-ყაენი გარდაიცვალა და იგი მისმა ვაჟმა, გეგენმა ჩაანაცვლა, რომელიც მალევე, 1323 წელს მოკლა იესუნ-თემურ-ყაენმა და ტახტზე თავად დაჯდა. არც მისი მმართველობა გამოდგა ხანგრძლივი, რადგან 1328 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი, რაგიბაღ-ყაენი ავიდა, რომელიც იმავე წელს სიკვდილით დასაჯეს აჯანყებულმა ჩინელებმა. ამას მოჰყვა ტახტზე ხუთუღთუს უფროსი ძმის, ჯაიათუ-ყაენის ასვლა.
ჯერ კიდევ 1328 წელს, იესუნ-თემურ-ყაენის გარდაცვალების შემდეგ იმპერიაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც ცნობილია „ორი დედაქალაქის ომის“ სახელით. ამ ომში იესუნ-თემურისა და ქულუგ-ყაენის შთამომავლობა დაუპირისპირდა ერთმანეთს და საბოლოოდ ქულუგის შთამომავლების გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც ტახტზე ჯაიათუ-ყაენი ავიდა.
ხუთუღთუს ტახტზე პრეტენზია კვლავ ჰქონდა, რის გამოც ჩაღათაელთა დახმარებით შევიდა მონღოლეთში და ძმას ომი გამოუცხადა. ამ დროს მის მხარეს გადავიდა უამრავი მონღოლი დიდებული და გენერალი. 1329 წლის 27 თებერვალს, დიდებულთა მხარდაჭერით ყარაყორუმში ხუთუღთუმ თავი ყაენად გამოაცხადა.
სულ მალე იგი დედაქალაქისაკენ დაიძრა, სადაც 1329 წლის 26 აგვისტოს თავის 1,800 მხლებელთან ერთად დიდი ზეიმით შევიდა და მიიღო იუანის დინასტიის იმპერატორის ბეჭედიც. ამ ამბიდან სულ ოთხ დღეში ხუთუღთუ-ყაენი თავისი ძმის დავალებით მოწამლეს. იგი 1329 წლის 30 აგვისტოს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი კვლავ ჯაიათუ-ყაენმა დაიკავა.