შინაარსზე გადასვლა

რაჯპუტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰარანა პრატაპი — რაჯპუტთა ლიდერი XVIს.

რაჯპუტები (სანსკ. राज्पुत) — ეთნო-სოციალური ჯგუფი ქშატრიების კასტაში, მცხოვრები პაისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. საერთო რაოდენობა 17 მლნ. ადამიანი. ცხოვრობენ ინდოეთისა და პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონებში. აგრეთვე, პენჯაბის, რაჯასტანის და მაჰარაშტრას შტატებში. არიან ინდუიზმის, ისლამის, და სიქიზმის მიმდევრები.

სხვადასხვა ადგილებში ცხოვრებამ თავისი როლი ითამაშა რაჯპუტების ენაზე. ისინი საუბრობენ სხვადასხვა ენებზე და დიალექტებზე საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით. კერძოდ, რაჯასტანის, პენჯაბის, სინდის, გუჯარათის ენებზე.

რაჯპუტთა ციხესიმაგრე მერანგარჰი.

რაჯპუტი — სიტყვათა შეთანხმება სანსკრიტში „რაჯა პუტრა“, რაც ნიშნავს „მეფის ვაჟს“ ან „რაჯას ვაჟს“. რაჯპუტების ეთნიკური წარმომავლობა ინდოეთში აქამდე დაუდგენელია. არსებობს დასავლეთ ევროპული მოსაზრება, რომ წარმოშობით ისინი მოდიან უმეტესად საკების, იუეჩჟების, ეფთალიტების, გუჯარებისგან, რომლებიც გადმოსახლდნენ ინდოეთში ცენტრალური აზიიდან I–VI საუკუნეებში.

საინტერესო ვერსია აქვთ თავად ინდოელებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რაჯპუტები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ინდოეთში და ატარებდნენ სახელწოდება ქშატრიებს (მეომრებს), ხოლო სახელწოდება რაჯპუტები მათ შეიძინეს ადრე შუასაუკუნეების პერიოდში.

IX საუკუნიდან მოყოლებული თავისი მამსობიტა და შემართებით ცნობილია პრატიხართა კლანის რაჯპუტები, რომლებმაც ჩრდილოეთ ინდოეთის ისტორიაში წამყვანი პოლიტიკური როლი ითამაშეს ინდოეთის ისლამიზაციის გზაზე ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა რაჯასტანის ძნელად მისაღწევი უდაბნოები და ცენტრალური ინდოეთის ჯუნგლები. მტრის თავდასხმის შემთხვევაში როდესაც სიტუაცია იყო გამოუვალი, რაჯპუტები მიმართავდნენ მასობრივ თვითმკვლელობას — ჯაუჰარს.

XIV საუკუნეში ჰალჯთა დინასტიის დელის სულთნებმა სცადეს რაჯპუტების წინააღმდეგობის გატეხვა, თუმცა რაჯპუტების სახელმწიფომ მოიგერია დარტყმა და მთელი ჩრდილოეთ ინდოეთის გამაერთიანებლის როლში გამოვიდა.

1527 წელს ბაბურის მიერ ხანუას ბრძოლაში მათი განადგურების და შემდგომში მისი შვილიშვილის, აქბარის მიერ რაჯპუტების მტკიცედ დაპყრობის (1568–69) შემდეგ ყველა რაჯპუტი ფეოდალი (მევარას მმართველთა გამოკლებით) შევიდა დიდ მოგოლთა იმპერიის შემადგენლობაში სამხედრო სამსახურში ავტონომიის შენარჩუნების პირობით. რაჯპუტები ცნობილნი იყვნენ როგორც შეუპოვარი და კარგი მეომრები. ეს კარგად იცოდნენ დელის სულთნებმაც და მოგოლთა იმპერატორებმაც. ცნობილია, რომ როდესაც მოგოლთა იმპერატორი ჯალალ ად-დინ მუჰამად აქბარი (1542–1605) მთელს ჩრდილოეთ ინდოეთს დაეუფლა და ჯერი რაჯპუტთა სამთავროებზე მიდგა, მან მოლაპარაკება არჩია. რაჯპუტთა სამთავროებს შორის იმხნად ყველაზე მეტად ამერების გვარი დაწინაურდა. ამერთა მთავარმა მოლაპარაკება გამართა აქბართან და მას ეახლა დედაქალაქ აგრაში. აქბარმა დიდი პატივით მიიღო და მის ქალიშვილზე იქორწინა. ამით ამერების გვარმა კარგი ურთიერთობა დაამყარა მოგოლებთან, მაგრამ ურთიერთობა გაიფუჭა სხვა სამთავროებთან. რაჯპუტებმა მშვიდობიანად დანებება არ იკადრეს. მიუხედავად ამისა, აქბარმა მათ რაჯასტანის მიწების დიდი ნაწილი წაართვა და დიდი მოლაპარაკებების შედეგად მაინც შესძლო კარგი ურთიერთობის დამყარება.

თუმცა სულთან აურანგზების შეუწყნარებელმა რელიგიურმა პოლიტიკამ განსხვავებული სარწმუნოებისადმი (მოსახლეობის იძულებითი ისლამიზაცია, ჯიზიას გადასახადის დაბრუნებამ, ინდუს მომლოცველთა დაბეგვრამ, ინდუსური ტაძრების მშენებლობის აკრძალვამ, არსებული ტაძრების მეჩეთებად ქცევამ, დისკრიმინაციამ და ინდუსტა გამორეკვამ ვაჭრობის სფეროდან, სახელმწიფო სამსახურებიდან და სხვ.) გამოიწვია რაჯპუტების მრავალრიცხოვანი აჯანყებანი, რომლებმაც საფუძვლიანად შეარყიეს დიდ მოგოლთა იმპერია.

რაჯპუტთა სამთავროებმა 1947 წლამდე იარსებეს.

სოფლის მცხოვრებთა ტრადიციული საქმიანობაა სახნავ-სარწყავი მეურნეობა, ტრადიციული ხელსაქმე — ქსოვილების ღებვა, საიუველირო საქმე, ქვაზე და სპილოს ძვალზე კვეთა, მხატვრული მინიატურა და ლითონების დამუშავება. მრავალი რაჯასტანელი ჩართულია სამთო, ტექსტილის, ცემენტის მრეწველობაში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაში.

  • ე.ნ. უსპენსკაია. რაჯპუტები: შუა საუკუნეების ინდოელი რაინდები. — სპბ.: ევრაზია, 2000, გვ. 384. ილუსტრ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]