რაფაელი
რაფაელი | |
---|---|
დაიბადა | 6 აპრილი, 1483[1] [2] [3] ან 28 მარტი, 1483[4] [5] |
დაბადების ადგილი | ურბინო[1] [3] [6] |
გარდაიცვალა | 6 აპრილი, 1520[4] [1] [2] [7] [6] (37 წლის) ან 7 აპრილი, 1520[5] (37 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რომი[1] [3] [7] [6] |
ჟანრი | ისტორიული ფერწერა[7] , საპორტრეტო ფერწერა, პორტრეტი[7] , ალეგორია[7] , რელიგიური ხელოვნება[7] და მითოლოგიური ფერწერა[7] |
რაფაელი (ნამდვილი სახელი რაფაელო სანტი (სანციო); იტალ. Raffaello Santi (Sanzio); დ. 6 აპრილი, 26 ან 28 მარტი, 1483 — გ. 6 აპრილი, 1520) — რენესანსის ეპოქის იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი. მხატვარ ჯოვანი სანტის შვილი. 1500–1504 წლებში პერუჯაში მუშაობდა მხატვარ პერუჯინოსთან, რომელმაც საგრძნობი გავლენა მოახდინა რაფაელის, როგორც მხატვრის, ჩამოყალიბებაზე. ადრინდელი ნამუშევართაგან უმნიშვნელოვანესია „მარიამის დაწინდვა“ (1504, ბრერის გალერეა, მილანი, რომლის კომპოზიციაშიც ჩანს პერუჯინოს ფრესკის „წმინდა პეტრესთვის გასაღების გადაცემის“ (სიქსტეს კაპელა, ვატიკანი) გამოძახილი. 1504 წელს გაემგზავრა ფლორენციას, შეისწავლა ლეონარდო და ვინჩის, ფრა ბარტოლომეოს, მიქელანჯელოს ნაწარმოებები; მალე სახელი მოიხვეჭა როგორც დახელოსნებულმა მხატვარმა. „საფლავად დადება“ (1507, ბორგეზეს გალერეა, რომი) მოწმობს, რომ მრავალფიგურიანი კომპოზიციის ძნელი ამოცანა მან ჯერ კიდევ ვერ დაძლია, თუმცა მადონების სერიაში, რომელსაც ფლორენციის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი, რაფაელი უკვე მომწიფებული ოსტატის თვისებებს ამჟღავნებს. რაფაელი ღვთისმშობელს (ყრმა იესოსთან ან იესოსა და იოანე ნათლისმცემელთან, ან „წმინდა ოჯახის“ სხვა წევრებთან ერთად) ხატავს, როგორც ახლაგაზრდა, იდეალურად ლამაზ, მაგრამ მიწიერ ქალს, რომლის მთელი არსება დედობრივი გრძნობითაა აღსავსე (1505–1506; „მადონა დელ გრანდუკა“, პიტის გალერეა, ფლორენცია; „მადონა-მებაღე“, ლუვრი, პარიზი; „მადონა ჩიტბატონათი“, უფიცის გალერეა, ფლორენცია; „მადონა იოსებით“, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი და სხვ.). „მადონების“ კომპოზიციური აგება უკვე ექვემდებარება ე. წ. კლასიკურ სამკუთხედს. 1508 წელს ბრამანტეს რეკომენდაციით რომში მიიწვია პაპმა იულიუს II-მ და ვატიკანის სასახლის რამდენიმე დარბაზის მოხატვა დაავალა. ამ დარბაზების, ე. წ. რაფაელის სტანცების, ფრესკები იტალიური რენესანსის მხატვრობის ერთი ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი ანსამბლთაგანია. რაფაელზე დიდი გავლენა მოახდინა ანტიკური რომის სიძველეთა გაცნობამ, რომაელ ჰუმანისტებთან დაახლოებამ. თუმცა „სტანცების“ ზოგი კომპოზიცია რომის პაპების სადიდებლადაა შექმნილი (იულიუს II-ისა და მისი მემკვიდრის ლეო XI-ის პორტრეტები), მაგრამ მოხატულობა თავისი შინაარსითა და ხასიათით სცილდება ამ ვიწრო ფარგლებს. იგი ჰუმანიზმის მაღალი იდეებითაა გამსჭვალული, ხოლო მოქმედი პირნი (რ-თა შორის ბევრია წარსულისა ან რაფაელის თანამედროვე სულიერი კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე) თავისუფალი, ჰარმონიული ადამიანის რენესანსული იდეალის განსახიერებას წარმოადგენენ. ყველაზე მნიშვნელოვანია ე. წ. „სტანცა დელა სენიატურა“ (1509–1511), რ-ის მხატვრობა ადამიანის მოღვაწეობის 4 ძირითად დარგს წარმოადგენს: ღვთისმეტყველებას („დისპუტა“), ფილოსოფიას („ათენის სკოლა“, რომლის ცენტრი პლატონისა და არისტოტელეს ფიგურებს უჭირავს გრანდიოზული რენესანსული ხუროთმოძღვრების ფონზე), პოეზიას („პარიასი“), მართლმსაჯულებას („სიბრძნე, ზომიერება, ძალა“). რაფაელმა მოწაფეების დახმარებით ვატიკანშივე მოხატა ე. წ. ლოჯიები (დამთავრდა 1519 წელს, ბიბლიური სცენები, უხვი და მდიდრული ორნამენტაცია), ხოლო ფარნეზეს ვილაში („ვილა ფარნეზინა“) შექმნა ფრესკებს ციკლი, რომელთა სიუჟეტები ანტიკური მითოლოგიიდან არის აღებული (ამურისა და ფსიქეს თავგადასავალი, გალატეა, დაახლ. 1514). 1515–1516 წლებში მიეკუთვნება კარტონები გობელენებისათვის, რომელთაც სიქსტეს კაპელა უნდა შეემკოთ დღესასწაულების დროს (სიუჟეტები სახარებიდან და მოციქულთა ცხოვრებიდან). ყველა ამ ნაწარმოების მიხედვით რაფაელი წარმოგვიდგება როგორც უდიდესი მხატვარ-მონუმენტალისტი. მისი ფრესკები, რომლებშიაც შეზავებულია იდეალური და რეალური, ამაღლებული და მიწიერი გამოირჩევიან უბრალოებითა და დიდებულებით, შინაგანი კეთილშობილებითა და წონასწორობით. კომპოზიციებში ყველა ნაწილი მთელს ექვემდებარება, ყველაფერი კანონზომიერია: წინ წამოწეულია ის, რაც სურათების იდეის უკეთ გამოსავლინებლად არის საჭირო, წვრილმანები კი უკუგდებულია. რაფაელს მხატვრული განზოგადების უდიდესი უნარი შესწევდა. მხატვარს განსაკუთრებული პოპულარობა მოუხვეჭეს რომის პერიოდის „მადონებმა“: „ალბას მადონა“ (დაახლ. 1509, ვაშინგტონის ეროვნულ გალერეა), „მადონა დელა სედია“ (1516, პიტის გალერეა, ფლორენცია), „მადონა თევზით“ (დაახლ. 1513, პრადო, მადრიდი), „სიქსტეს მადონა“ (1515–1519, დრეზდენის სურათების გალერეა ). მათში გაცილებით მეტი სიღრმითაა გადმოცემული დედობრივი გრძნობა და დედის სულიერი სილამაზე, ვიდრე ადრინდ. „მადონებში“. რაფაელი გამოჩენილი პორტრეტისტიც იყო. კომპოზიციის მხრივ პორტრეტები მარტივია, მშვიდი, ხაზგასმული გარეგნული ეფექტების გარეშე. მხატვარი გადმოგვცემს ადამიანთა ხასიათის ძირითად, სტაბილურ თვისებებს. იულიუს II-ის (1511, უფიცის გალერეა, ფლორენცია), ბალდასარე კასტილიონეს (1515, პარიზი, ლუვრი), პაპის ლეო X-ის (1518, პიტის გალერეა, ფლორენცია) და მანდილოსანთა პორტრეტები. რაფაელის უკანასკნელი (დაუმთავრებელი) სურათია „ფერისცვალება“ (1519, ვატიკანის პინაკოთეკა, რომი), რომელშიც პათეტიკურობისა და მანერულობის ნიშნები იჩენს თავს. მნიშვნელოვანია რაფაელის, როგორც ხუროთმოძღვრის მოღვაწეობა. იგი მაღალი რენესანსის ხუროთმოძღვრების წარმომადგენელი იყო. მისი პროექტებით აშენდა რამდენიმე ეკლესია და სასახლე რომსა და ფლორენციაში (სანტ-ელიჯიო დელი ორეფიჩის მრგვალი ეკლესია, დაიწყო 1509 წელს; სანტა-მარია დელ პოპოლოს ეკლესიის კიჯის კაპელა, 1512–1520; ვიდონიკაფარელის სასახლე, დაიწყო 1515 წელს — ყველა რომში; პანდოლფინის სასახლე ფლორენციაში, აშენებდა 1516 წლიდან არქიტექტორი ჯ. და სანგალო რაფაელის პროექტით).
რაფაელი, მაღალი რენესანსის ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, სიცოცხლეშივე აღიარებული და დიდად სახელმოხვეჭილი იყო. მომდევნო საუკუნეებშიაც მისი გავლენა არ შენელებულა, განსაკუთრებით – XVII საუკუნეში და XIX საუკუნის I ნახევარში, როდესაც ხელოვნებაში კლასიციზმი ბატონობდა. რაფაელის ხელოვნებას თავის იდეალად მიიჩნევდნენ სხვადასხვა დროის აკადემიური მხატვრობის წარმომადგენლებიც, მაგრამ რაფაელისის ნამდვილი სიღრმე და სიდიადე მათთვის მიუწვდომელი რჩებოდა, ისინი ითვისებდნენ მხოლოდ მის ხელოვნების გარეგნულ ნიშნებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 309.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 autori vari Enciclopedia Treccani — Istituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 BeWeB
- ↑ 5.0 5.1 https://www.museabrugge.be/collection/work/id/0000_GRO4071_III
- ↑ 6.0 6.1 6.2 ECARTICO
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 RKDartists