ჟერარ გარიტი
ჟერარ გარიტი | |
---|---|
ფრანგ. Gérard Garitte | |
ჟერარ გარიტი 1957 წელს | |
დაბ. თარიღი | 15 იანვარი, 1914 |
დაბ. ადგილი | ენოს პროვინცია |
გარდ. თარიღი | 27 აგვისტო, 1990 |
გარდ. ადგილი | ენოს პროვინცია |
მოქალაქეობა | ბელგია |
საქმიანობა | ისტორიკოსი და ენათმეცნიერი |
მუშაობის ადგილი | ლუვენის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Francqui Prize |
სამეცნიერო სფერო | ისტორია, ქართველოლოგია, არმენოლოგია |
ჟერარ გარიტი (ფრანგ. Gérard Garitte, დ. 15 იანვარი, 1914 — გ. 27 აგვისტო, 1990) — ბელგიელი ისტორიკოსი, ქართველოლოგი და არმენოლოგი. ის მუშაობდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ლუვენის უნივერსიტეტის ფრანგულ განყოფილებაში, ლუვენ ლა ნოევში, ბელგიაში.[1] ის ადრეული ასაკიდანვე სწავლობდა ქართულ საეკლესიო ლიტერატურას. 1959 წელს მას გადაეცა Francqui-ის ჯილდო ჰუმანიტარული მეცნიერებების განხრით („Orientalisme chrétien - Philologie classique“). 1962 წელს ის მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან ფრანგულად მოსაუბრეების გაძევებას. მან ჟორჟ ლემეტრისთან ერთად ჩამოაყალიბა მოძრაობა ACAPSUL (ფრანგული სახელწოდება: Association du corps académique et du personnel scientifique de l'Université de Louvain), რისი საშუალებითაც უნივერსიტეტის გაყოფას უშლიდა ხელს.[2]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟერარ გარიტმა შეისწავლა ქართული საეკლესიო ნაწარმოებები და გამოაქვეყნა მათი ქართული ტექსტები ლათინური თარგმანითა და კომენტარებით. ის ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, რომელიც სინის მთაზე არსებული ქართული ხელნაწერების კოლექციის მიკროფილმებად გადაღებასა და ამ კოლექციის კატალოგად გამოცემაზე მუშაობდა. ლუვენის უნივერსიტეტი ათეულობით წელია გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს, სახელწოდებით „Le Muséon“, სადაც სისტემატურად იბეჭდება ძველ ქართულ ლიტერატურაში გაკეთებული კვლევები და მათ შორის გარიტის შემოქმედებაც. ლუვენის უნივერსიტეტი ასევე გამოსცემს კოლექციას CSCO (ლათ. Corpus Scriptorum Christianorum Orientalum), რომლის ერთ-ერთი ქვესერია — Scriprores Iberici ძველი ქართული ტექსტების კრიტიკულ გამოცემებს ბეჭდავს. ეს პროექტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსა და ლუვენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად ელენე მეტრეველისა და ჟერარ გარიტის პერიოდში დაიწყო.
ჟერარ გარიტი ქართველი თეოლოგის, სასულიერო პირისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარის, მიხეილ თარხნიშვილის მოწაფე იყო, რომელიც სწორედ მასთან ერთად სწავლობდა სასულიერო მწერლობას სინას მთაზე. გარიტს თარხნიშვილთან აახლოვებდა უძველესი პერიოდის (V-XII) ქართული წერილობითი ძეგლების მიმართ ინტერესი. გარიტი თარხნიშვილის შესახებ წერდა, რომ: „მან პირველმა დაანახვა დასავლელ მკვლევრებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური“. თარხნიშვილი მუშაობდა VIII საუკუნის ძეგლის, იერუსალიმური ლექციონარის, ვრცელ, ქართულენოვან ვერსიაზე, რომლის გამოცემაც მან ვერ მოასწრო. მოგვიანებით, მის მიერ მომზადებული ძეგლი მიხეილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა გარიტისა და დრაგეს ხელმძღვანელობით ქართულ და ლათინურ ენებზე. თარხნიშვილმა გარიტის შემოქმედებას რამდენიმე წერილი უძღვნა, სადაც ქართველოლოგის შემოქმედება დადებითად შეაფასა.
თარხნიშვილის შესახებ გარიტი წერდა:„მთელი დასავლეთისათვის ქართული ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებელი იყო… არ არსებობს საქართველოს ისტორიის, მისი ენის, ლიტერატურისა და ლიტურგიის დარგი, მათი მიმართება მეზობელი ქვეყნების ლიტერატურასა და ეკლესიასთან, რომელშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მას არ შეეტანოს, მან პირველმა დაანახა დასავლელ მკვლევარებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური“.[3]
ჟერარ გარიტი ასევე მუშაობდა ვეფხისტყაოსანზეც, რომლის შესახებაც ამბობს: „ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყნები და მხარეები კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ სინამდვილეს არ გულისხმობს, რომ ყოველივე სიმბოლური აღმოსავლეთია და არა რეალური აღმოსავლეთის ქვეყნები.“
სინას მთა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟერარ გარიტი სინას მთაზე 1950 წლის 26 თებერვლიდან 11 მაისამდე იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მან დეტალურად აღწერა მთაზე არსებული ყველა ქართული ხელნაწერი. სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერში X საუკუნეში შექმნილი მნიშვნელოვანი ქართული სამონასტრო კოლონიის ბიბლიოთეკის ნიმუშებია წარმოდგენილი. ანრი გრეგუარმა 1906 წლის იანვარ-მარტში ტაძარში დაცული ბერძნული ხელნაწერები შეისწავლა და ამ პერიოდში არაერთი საინტერესო ქართული ხელნაწერიც აღმოაჩინა.[4][5][6][7][8] ქართული ხელნაწერების აღმოჩენის შემდეგ დასავლური საზოგადოება ქართული ხელნაწერებით კვლავ დაინტერესდა. ამ პერიოდს ბელგიელი ქართველოლოგი, პაულ პეეტერსი აღწერდა, როგორც: „სკანდალურ დავიწყებას, რომელსაც დასავლეთის ერუდიციამ ხანგრძლივად მისცა ქართული ლიტერატურა“.[9] 1959 წლისთვის სინას მთაზე არსებული დედნების მიხედვით, ასევე მათი აღწერილობისა და კონგრესის ბიბლიოთეკის მიკროფილმების საშუალებით ჟერარ გარიტმა შეადგინა დასაბუთებული და სრული კატალოგი. მოგვიანებით სწორედ ეს კატალოგი გამოქვეყნდა Corpus Scriptorum Christianorum Orientalium-ის Studia-ში. გარიტი ცდილობდა რომ მთაზე დაცული ნაწარმოებები ადვილად გასაგები ყოფილიყო იმ პირებისთვისაც, რომლებიც ქართულს არ ფლობდნენ. სწორედ ამიტომ ქართველოლოგმა შეძლებისდაგვარად ლათინურად თარგმნა ყოველი თხზულების სათაური (არსებობის შემთხვევაში ქვესათაურიც), დასაწყისი და დასასრულ, გადამწერის გვარი და მინაწერები (ყველა მათგანი თარგმნილია სრულად).[10][11]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თარხნიშვილი მ.. A propos des travaux de philology gèorgienne de M. G. Garitte [ბ–ნ ჟერარ გარიტის ქართველოლოგიური ნაშრომების გამო], ,,Le Musèon”, t. 68, 1955.
- გარიტი, ჟერარ, სინის მთის ქართული ხელნაწერები, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Garitte, Gérard. Archives of Gérard Garitte. UCLouvain University Archives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-17.
- ↑ ACAPSUL – Association du corps académique et du personnel scientifique de l'Université de Louvain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტირების თარიღი: 2021-07-17.
- ↑ მიხეილ თარხნიშვილის უნიკალური არქივი ნაპოვნია, გიორგი კალანდია
- ↑ 2 I. Revue de l’Instruction Publique en Belgique, 49, (1906) p. 281-296 (Sin. Gr. 494, კირილე სკვითოპოლისელის ცხოვრებაზე)
- ↑ Byzantinische Zeitschrift, 16, (1907), p. 204-240 წმ. დემეტრიანოს ხიტრის ცხოვრებაზე)
- ↑ Bulletin de Correspondance Hellénique, 31, (1907), p. 327-334 (მონასტრის თარიღის შესახებ)
- ↑ Byzantinische Zeitschrift, 18, (1909), pp. 500-501
- ↑ A. Ehrhard, in: Texte und Untersuchungen, 50, Leipzig, 1937, p.LIII.
- ↑ P. Peeters, Bulletin de la Classe des letters de l’Académie Royale de Belgique, 5e série (1935) p. 138 = მისივე Recherches d‘histoire et de philologie orientale, II (Subsidia Hagiographica, 27), Bruxelles, 1951, p. 19.
- ↑ ჟურნალი Le Muséon, n. 68 (1955), მ. თარხნიშვილი, p. 369-384
- ↑ Histoire Ecclésiastique, 48 (1953), p. 151