ჟერარ გარიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟერარ გარიტი
ფრანგ. Gérard Garitte

ჟერარ გარიტი 1957 წელს
დაბ. თარიღი 15 იანვარი, 1914
დაბ. ადგილი ენოს პროვინცია
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1990
მოქალაქეობა ბელგიის დროშა ბელგია
საქმიანობა ისტორიკოსი და ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი ლუვენის უნივერსიტეტი
ჯილდოები Francqui Prize

ჟერარ გარიტი (ფრანგ. Gérard Garitte, დ. 15 იანვარი, 1914 — გ. 27 აგვისტო, 1990) — ბელგიელი ისტორიკოსი, ქართველოლოგი და არმენოლოგი. ის მუშაობდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ლუვენის უნივერსიტეტის ფრანგულ განყოფილებაში, ლუვენ ლა ნოევში, ბელგიაში.[1] ის ადრეული ასაკიდანვე სწავლობდა ქართულ საეკლესიო ლიტერატურას. 1959 წელს მას გადაეცა Francqui-ის ჯილდო ჰუმანიტარული მეცნიერებების განხრით („Orientalisme chrétien - Philologie classique“). 1962 წელს ის მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან ფრანგულად მოსაუბრეების გაძევებას. მან ჟორჟ ლემეტრისთან ერთად ჩამოაყალიბა მოძრაობა ACAPSUL (ფრანგული სახელწოდება: Association du corps académique et du personnel scientifique de l'Université de Louvain), რისი საშუალებითაც უნივერსიტეტის გაყოფას უშლიდა ხელს.[2]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟერარ გარიტმა შეისწავლა ქართული საეკლესიო ნაწარმოებები და გამოაქვეყნა მათი ქართული ტექსტები ლათინური თარგმანითა და კომენტარებით. ის ლუ­ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი იყო, რომელიც სინის მთაზე არსებული ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ის მიკროფილმებად გადაღებასა და ამ კოლექციის კატალოგად გამოცემაზე მუშაობდა. ლუ­ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ათეულობით წელია გა­მოს­ცემს სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალს, სახელწოდებით „Le Muséon“, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად იბეჭ­დე­ბა ძველ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი და მათ შორის გარიტის შემოქმედებაც. ლუ­ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ასევე გამოსცემს კო­ლექ­ცი­ას CSCO (ლათ. Corpus Scriptorum Christianorum Orientalum), რომ­ლის ერთ-ერ­თი ქვე­სე­რია — Scriprores Iberici ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის კრი­ტი­კულ გა­მო­ცე­მებს ბეჭ­დავს. ეს პროექტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსა და ლუვენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად ელენე მეტრეველისა და ჟერარ გარიტის პერიოდში დაიწყო.

ჟერარ გარიტი ქართველი თეოლოგის, სასულიერო პირისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარის, მიხეილ თარხნიშვილის მოწაფე იყო, რომელიც სწორედ მასთან ერთად სწავლობდა სასულიერო მწერლობას სინას მთაზე. გარიტს თარხნიშვილთან აახლოვებდა უძველესი პერიოდის (V-XII) ქართული წერილობითი ძეგლების მიმართ ინტერესი. გარიტი თარხნიშვილის შესახებ წერდა, რომ: „მან პირველმა დაანახვა დასავლელ მკვლევრებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური“. თარხნიშვილი მუშაობდა VIII საუკუნის ძეგლის, იერუსალიმური ლექციონარის, ვრცელ, ქართულენოვან ვერსიაზე, რომლის გამოცემაც მან ვერ მოასწრო. მოგვიანებით, მის მიერ მომზადებული ძეგლი მიხეილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა გარიტისა და დრაგეს ხელმძღვანელობით ქართულ და ლათინურ ენებზე. თარხნიშვილმა გარიტის შემოქმედებას რამდენიმე წერილი უძღვნა, სადაც ქართველოლოგის შემოქმედება დადებითად შეაფასა.

თარხნიშვილის შესახებ გარიტი წერდა:„მთელი დასავლეთისათვის ქართული ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებელი იყო… არ არსებობს საქართველოს ისტორიის, მისი ენის, ლიტერატურისა და ლიტურგიის დარგი, მათი მიმართება მეზობელი ქვეყნების ლიტერატურასა და ეკლესიასთან, რომელშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მას არ შეეტანოს, მან პირველმა დაანახა დასავლელ მკვლევარებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური“.[3]

ჟერარ გარიტი ასევე მუშაობდა ვეფხისტყაოსანზეც, რომლის შესახებაც ამბობს: „ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყნები და მხარეები კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ სინამდვილეს არ გულისხმობს, რომ ყოველივე სიმბოლური აღმოსავლეთია და არა რეალური აღმოსავლეთის ქვეყნები.“

სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერი

სინას მთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟერარ გარიტი სინას მთაზე 1950 წლის 26 თებერვლიდან 11 მაისამდე იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მან დეტალურად აღწერა მთაზე არსებული ყველა ქართული ხელნაწერი. სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერში X საუკუნეში შექმნილი მნიშვნელოვანი ქართული სამონასტრო კოლონიის ბიბლიოთეკის ნიმუშებია წარმოდგენილი. ანრი გრეგუარმა 1906 წლის იანვარ-მარტში ტაძარში დაცული ბერძნული ხელნაწერები შეისწავლა და ამ პერიოდში არაერთი საინტერესო ქართული ხელნაწერიც აღმოაჩინა.[4][5][6][7][8] ქართული ხელნაწერების აღმოჩენის შემდეგ დასავლური საზოგადოება ქართული ხელნაწერებით კვლავ დაინტერესდა. ამ პერიოდს ბელგიელი ქართველოლოგი, პაულ პეეტერსი აღწერდა, როგორც: „სკანდალურ დავიწყებას, რომელსაც დასავლეთის ერუდიციამ ხანგრძლივად მისცა ქართული ლიტერატურა“.[9] 1959 წლისთვის სინას მთაზე არსებული დედნების მიხედვით, ასევე მათი აღწერილობისა და კონგრესის ბიბლიოთეკის მიკროფილმების საშუალებით ჟერარ გარიტმა შეადგინა დასაბუთებული და სრული კატალოგი. მოგვიანებით სწორედ ეს კატალოგი გამოქვეყნდა Corpus Scriptorum Christianorum Orientalium-ის Studia-ში. გარიტი ცდილობდა რომ მთაზე დაცული ნაწარმოებები ადვილად გასაგები ყოფილიყო იმ პირებისთვისაც, რომლებიც ქართულს არ ფლობდნენ. სწორედ ამიტომ ქართველოლოგმა შეძლებისდაგვარად ლათინურად თარგმნა ყოველი თხზულების სათაური (არსებობის შემთხვევაში ქვესათაურიც), დასაწყისი და დასასრულ, გადამწერის გვარი და მინაწერები (ყველა მათგანი თარგმნილია სრულად).[10][11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თარხნიშვილი მ.. A propos des travaux de philology gèorgienne de M. G. Garitte [ბ–ნ ჟერარ გარიტის ქართველოლოგიური ნაშრომების გამო], ,,Le Musèon”, t. 68, 1955.
  • გარიტი, ჟერარ, სინის მთის ქართული ხელნაწერები, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Garitte, Gérard. Archives of Gérard Garitte. UCLouvain University Archives.
  2. ACAPSUL – Association du corps académique et du personnel scientifique de l'Université de Louvain.
  3. მიხეილ თარხნიშვილის უნიკალური არქივი ნაპოვნია, გიორგი კალანდია
  4. 2 I. Revue de l’Instruction Publique en Belgique, 49, (1906) p. 281-296 (Sin. Gr. 494, კირილე სკვითოპოლისელის ცხოვრებაზე)
  5. Byzantinische Zeitschrift, 16, (1907), p. 204-240 წმ. დემეტრიანოს ხიტრის ცხოვრებაზე)
  6. Bulletin de Correspondance Hellénique, 31, (1907), p. 327-334 (მონასტრის თარიღის შესახებ)
  7. Byzantinische Zeitschrift, 18, (1909), pp. 500-501
  8. A. Ehrhard, in: Texte und Untersuchungen, 50, Leipzig, 1937, p.LIII.
  9. P. Peeters, Bulletin de la Classe des letters de l’Académie Royale de Belgique, 5e série (1935) p. 138 = მისივე Recherches d‘histoire et de philologie orientale, II (Subsidia Hagiographica, 27), Bruxelles, 1951, p. 19.
  10. ჟურნალი Le Muséon, n. 68 (1955), მ. თარხნიშვილი, p. 369-384
  11. Histoire Ecclésiastique, 48 (1953), p. 151