პელელიუს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
პელელიუს შტატი
ინგლ. Peleliu
დროშა

ქვეყანა პალაუს დროშა პალაუ
ადმ. ცენტრი Kloulklubed
კოორდინატები 7°00′45″ ჩ. გ. 134°15′01″ ა. გ. / 7.01250° ჩ. გ. 134.25028° ა. გ. / 7.01250; 134.25028
ფართობი 13 კმ²
მოსახლეობა 484 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 37,23 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+9]]

პელელიუს შტატი (ინგლ. Peleliu) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულ ბაბელდაობის სამხრეთ-დასავლეთით. შტატის ფართობია 13 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 484 ადამიანს,[1][2] რაც ქვეყანაში მესამე მაჩვენებელია. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია კლოულკლაბედი. შტატის შემადგენლობაში ყველაზე დიდ პელელიუს კუნძულთან ერთად შედის რამდენიმე მომცრო კუნძული. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე მიმდინარეობდა ცნობილი ბრძოლა პელელიუსთვის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელელიუს კუნძულის რუკა. 1984 წელი

შტატის ყველაზე უფრო დიდი კუნძული პელელიუ მდებარეობს დაახლოებით 10 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ანგაურიდან და 40 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით კუნძულ კორორიდან. შტატის ფართობია 13 კმ². 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 484 ადამიანს, რაც ქვეყანაში მესამე მაჩვენებელია. შტატის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს შტატის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ კლოულკლაბედში, რომელიც შტატის ადმინისტრაციული ცენტრია. შტატში ადმინისტრაციული ცენტრის ჩათვლით სულ 4 სოფელია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევროპელი სტუმარი კორორის, ბაბელდაობის და პელელიუს კუნძულებზე იყო რუი ლოპეს დე ვილიალობოსის ესპანური ექსპედიცია 1543 წლის იანვრის ბოლოს. ეს სამი კუნძული ექსპედიციამ რუკაზე დაიტანა, როგორც Los Arrecifes (ესპანურად — რიფები).[3] 1710 წლის ნოემბერში და დეკემბერში ეს სამი კუნძული პატარა აფრიანი გემ Santísima Trinidad-ით ხელახლა მოინახულა და გამოიკვლია ესპანურმა მისიონერულმა ექსპედიციამ სერჟანტ-მაიორ ფრანსისკო პადილიას ხელმძღვანელობით. ორი წლის შემდეგ კუნძულები დეტალურად შეისწავლა ესპანურმა ექსპედიციამ საზღვაო ოფიცერ ბერნარდო დე ეგოის მეთაურობით.[4] 1899 წელს ესპანეთ-ამერიკის ომში ესპანეთის დამარცხების შემდეგ მან პალაუ მიჰყიდა (პელელიუს ჩათვლით) გერმანიას, ხოლო 1914 წელს პალაუს კუნძულების მართვა გადავიდა იაპონიის ხელში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, პელელიუსთვის ბრძოლაში მოხდა დიდი დაპირისპირება ერთის მხრივ აშშ-ს საზღვაო-ფეხოსან ჯარებს და აშშ-ს ჯარებსა და მეორეს მხრივ იაპონიის საიმპერიო ჯარებს შორის. ბრძოლები კუნძულისათვის საკმაოდ სამკვდრო-საციცოცხლო აღმოჩნდა, რადგან ამ დროისთვის იაპონელმა სამხედროებმა კუნძული გადააქციეს მძლავრ გამაგრებულ ზონად, თავისი კლდეებით და გამოქვაბულებით, რამაც ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ბრძოლებში დაიღუპა 2000-ზე მეტი ამერიკელი და 10 000 იაპონელი ჯარისკაცი, მაგრამ ყველას გასაკვირად, ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობაში მსხვერპლი ფაქტობრივად არ ყოფილა, რადგანაც მოხდა მათი ევაკუაცია საბრძოლო მოქმედებების ადგილიდან პალაუს სხვა კუნძულებზე.

იმ ეპოქის ბევრი სამხედრო ნაგებობების ნანგრევები, როგორიცაა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, დღესაც ხელუხლებელია, ხოლო ბრძოლების დროს ჩაძირული გემები დღესაც სჩანს წყლის ქვეშ სანაპიროს მახლობლად. კუნძულზე დგას ძეგლები, როგორც დაღუპული ამერიკელი, ისევე დაღუპული იაპონელი ჯარისკაცების პატივსაცემად. პალაუს არქიპელაგში ამერიკელმა სამხედროებმა მოახერხეს მხოლოდ პელელიუს და ანგაურის კუნძულების ოკუპაცია. დედაქალაქი კორორი იაპონელთა ხელში დარჩა მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე.

პელელიუს კუნძული 1947 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მოექცა წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის შემადგენლობაში აშშ-ის მმართველობის ქვეშ. 1994 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა პალაუს დამოუკიდებლობა და პელელიუ გახდა შტატი ახალ ქვეყანაში. 2014 წლის აგვისტოში, პელელიუში შედგა წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის 45-ე სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის 15 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2015 წლის აღწერა
  2. მოსახლეობის 2015 წლის აღწერა (statoids)
  3. Burney, James A chronological history of the discoveries in the South Sea or Pacific Ocean, London, 1813, v.I, p.233.
  4. Coello, Francisco "Conflicto hispano-alemán" Boletín de Sociedad Geográfica de Madrid, t.XIX. 2º semestre 1885, Madrid, p.296.
  5. Calendar of Events დაარქივებული 2015-01-21 საიტზე Wayback Machine. – Palau PIF. Retrieved 21 January 2015.