შინაარსზე გადასვლა

მორფოლოგიური ტიპოლოგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორფოლოგიური ტიპოლოგია წარმოადგენს ენათა კლასიფიკაციას მორფემათა ტიპების მიხედვით. იგი განავითარეს XIX საუკუნის დასაწყისში, ძმებმა ფრიდრიხ და ოგიუსტ ფონ შლეგერებმა. დღეისთვის ენათმეცნიერებაში ამგვარ კლასიფიკაციას უკვე ნაკლები ყურადღება ექცევა.

მორფოლოგიურ ტიპოლოგიაში განარჩევენ ანალიზურ ანუ იზოლირებად და სინთეზურ ენებს. სინთეზური ენები თავის მხრივ იყოფა აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებდ.

ანალიზურ ანუ იზოლირებად ენებში მორფემები ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან იზოლირებულად არსებობს. აქედან გამომდინარე ყოველი იზოლირებული სიტყვა მორფემას წარმოადგენს. ამრიგად, თითოეული იზოლირებული სიტყვა გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი აფიქსია, რომელიც ლექსიკური მნიშვნელობის სიტყვის გარეთ დგას. გრამატიკული კატეგორიები განისაზღვრება სიტყვათა თანმიმდევრობით (მაგ. შემასმენლისა და ქვემდებარის ინვერსია კითხვით ფრაზაში) ან დამატებითი სიტყვების შემოტანით. ანალიზურ ენებში კონტექსტი და სინტაქსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მორფოლოგია.

ასეთ ენათა კლასიკურ ტიპს ჩინური და ვიეტნამური ენები წარმოადგენს. ანალიზური ელემენტები გვხვდება ასევე ინგლისურ ენაშიც.

სინთეზურ ენებში სიტყვათწარმოება ხდება ფუძეზე ერთი ან რამდენიმე მორფემის დამატებით. ამ მორფემათა ფუძისგან გარჩევა შესაძლოა მეტ-ნაკლებად ადვილი იყოს. სინთეზურ ენებში სიტყვათა თანმიმდევრობა ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე იზოლირებადი ტიპის ენებში, რადგან ცალკეული სიტყვები უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებს. აქედან გამომდინარე მორფოლოგია უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ვიდრე სინტაქსი.

განასხვავებენ სინთეზური ენების ორ ტიპს, იმისდა მიხედვით, ადვილად განირჩევა თუ არა ერთმანეთისგან მორფემები. ესენია აგლუტინაციური და ფლექსიური ენები.

აგლუტინაციური ენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგლუტინაციურ ენებში ყოველი გრამატიკული მნიშვნელობა ერთი ფონეტიკური ფორმით გამოიხატება, მორფემები ფუძის შემდეგ ერთიმეორის გვერდითაა განლაგებული და სიტყვა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად.

აგლუტინაციური ენების კლასიკურ მაგალითს თურქული წარმოადგენს, რომელშიც ერთი სიტყვის ფარგლებში მრავალი მორფემის თავმოყრაა შესაძლებელი. ამავე ტიპს ეკუთვნის კორეული, იაპონური და ქართული ენებიც.

ფლექსიურ ენებში ძნელია მორფემათა ერთმანეთისგან და ფუძისგან გარჩევა. ერთ აფიქსში შესაძლოა რამდენიმე მორფემამ მოიყაროს თავი, თავის მხრივ აფიქსები შესაძლოა ერთმანეთში აირიოს და ურთიერთგავლენა მოახდინონ. მორფემები შესაძლოა გამოიხატოს ტონალობის შეცვლით ან მახვილით, რისი ფუძისგან გარჩევაც შეუძლებელი ხდება. მორფემა შესაძლოა გამოიხატოს ასევე ფუძეში ფონეტიკური ცვლილებით.

ძლიერად ფლექსიური იყო არქაული ენები, როგორიცაა სანსკრტი, ლათინური, ბერძნული. დღეისთვის ინდოევროპული ენების უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხით ფლექსიურობა ახასიათებს. ფლექსიურია სლავური და ბალტიური ენები.

მორფოლოგიური ტიპოლოგია რეალობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემოთ აღწერილი ენათა ტიპები იდეალურ ტიპებს წარმოადგენს და წმინდა სახით არც ერთი არ არსებობს რეალობაში. ყოველ კონკრეტულ ენაში ერთმანეთში ირევა აღნიშნული ტიპებითვის დამახასიათებელი თვისებები და ჭარბობს ზემოთდასახელებულ ტიპთაგან რომელიმე ერთი. მის გვერდით კი ყოველთვის მოქმედებს სხვა ტიპის ენათათვის დამახასიათებელი მორფოლოგიური თავისებურებები. მაგ. რომანული ენები მიჩნეულია როგორც ანალიზური ტიპის ენები, თუმცა მათი წინაპარი, ლათინური, უპირატესად ფლექსიური იყო, მაგრამ უშუალო წინაპარი, ხალხური ლათინური უპირატესობას ანალიზურ საშუალებებს ანიჭებდა. ინგლისური საკმარისი რაოდენობით სინთეზურ ელემენტებს შეიცავს, მაგრამ გაცილებით მეტად ანალიზურია ვიდრე ესპანური ენა. იაპონური ენა სინთეზურია ზმნების აგებულებაში მაგრამ ანალიზურია არსებით სახელებში.