მთავარი
მთავარი — ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს ან პოლიტიკური გაერთიანების მეთაური IX-XVI საუკუნეებში. თავდაპირველად მთავარი გვარის ბელადი იყო, შემდეგ თანდათან გადაიქცა ადრინდელი ფეოდალურ სახელმწიფოს მეთაურად. მთავრის ძალაუფლება ჯერ არჩევითი იყო, შემდეგ კი მემკვიდრეობით გადადიოდა (რიურიკოვიჩები რუსეთში, გედიმინოვიჩები და იაგელონები ლიტვაში, პიასტები პოლონეთში და სხვა). ლიტვასა და რუსეთში მთავრები იყვნენ მსხვილი ფეოდალური გაერთიანებების მეთაურნი და დიდი მთავრები ეწოდებოდათ. ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასთან ერთად მათ მეფის ტიტული მიიღეს.
ძველ საქართველოში ტერმინ „მთავარს“ ზოგადი პოლიტიკური და სოციალური შინაარსი ჰქონდა. იგი ნაწარმოების ფუძისაგან „თავ“ (თავ-ი) და აღნიშნავს უფროსს, მეთაურს, მმართველს, ხელისუფალს, ხელმწიფეს. ქართლის (იბერიის) სამეფოს არსებობის ხანაში მთავარი უპირატესად ცენტრალური აპარატის დიდ მოხელეს ეწოდებოდა, პროვინციის მმართველი „ერისთავისაგან“ ზოგადი აზრით მთავარი იყო.
VI-VIII საუკუნეებში ქართული და უცხოური წყაროები საზოგადოების მმართველი წრის წარმომადგენლებს ქართლში მთავრებს უწოდებდნენ, იმისდა მიუხედავად, რომ მათ სხვადასხვა სახელოები ეკავათ. უპირველესი ადგილი მათ შორის ქართლის ერისმთავარს ეჭირა, რომელსაც წყაროებში ხშირად მთავარი ეწოდება. VIII საუკუნეში, როდესაც ქართლის სამეფო პოლიტიკურად საბოლოოდ დაიშალა და ხელისუფლება ცალკეულ, დიდი ფეოდალების ხელში გადავიდა, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, „იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას“. მთავართა ასეთი სიმრავლის სურათია ასახული ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.
VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში ამ ბრძოლის შედეგად საქართველოს მიწა-წყალზე რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება წარმოიქმნა, რომელთა სათავეში მთავრები იდგნენ. ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, მთავრად იწოდებოდნენ, მაგალითად, კახეთის, ჰერეთისა და აფხაზეთის მმართველები.
საქართველოს გაერთიანების შემდეგ მთავარს შეესაბამებოდა დიდებული აზნაური, დიდებული. ჟამთააღმწერელი XIII-XIV საუკუნეების საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სოციალური წრის წარმომადგენელთა აღსანიშნავად ხშირად ხმარობს ტერმინს „მთავარს“.
XV-XVI საუკუნეებში, საქართველოს ერთიანი სამეფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, ყოფილი საერისთავო ქვეყნების მოხელე ერისთავები (ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შერვაშიძე) დამოუკიდებელ ხელისუფლებად ანუ მთავრებად გადაიქცნენ, ისინი იშვიათად და ფორმალურად ემორჩილებოდნენ მეფეს. ეს ვითარება გაგრძელდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე. ამის შემდეგ მთავრების დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 663.