სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც მოგვითხრობს სერაპიონ ზარზმელის მოღვაწეობას.

ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულება, მის ძმისშვილს, ბასილი ზარზმელს დაუწერია, რომელიც სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ მივიდა ზარზმაში. მასში გადმოსცა არა მხოლოდ სერაპიონის დროის ამბები, არამედ მისი სიკვდილის შემდგომი ცნობებიც, თვით ბასილის დრომდე. ბასილის ავტორობას ამტკიცებს თხზულების ერთი ადგილი, სადაც ნათქვამია: „რამეთუ თჳთ დასწერს ბასილი, რომელმან ცხოვრებაჲ ესე წმიდისაჲ აღწერა“, ანდა – „მე ბასილი, ძმისწული წმიდისა სერაპიონისა… მივიწიე… ვიხილე… ჴელვჰყავ და შევჰმზადე…“. ცხოვრებაში არცერთი თარიღია აქ აღწერილი ამბების გამოსარკვევად, მაგრამ მისი შინაარსისა და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მონაცემთა მიხედვით ირკვევა, რომ სერაპიონს მოღვაწეობა დაუწყია 850 წლის ახლო ხანებში, ზარზმა აუშენებია 861–868 წლებში, ხოლო გარდაცვლილა არა უადრეს 900 წლისა. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ მის ძმისშვილს, ბასილს, რომელსაც წინამძღვრობა მიუღია პავლეს შემდეგ (დაახლოებით 916–926 წლებში), დაუწერია დაახლოებით X საუკუნის მეორე ათეულის მიწურულს, ოციოდე წლით ადრე, ვიდრე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ დაიწერებოდა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ გრიგოლის შესახებ აქ ხსენება არ არის.

შედგენილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასალა, ბასილს, თხზულების დასაწერად, სხვადასხვა წყაროდან აქვს აღებული:

  1. ცნობებს სერაპიონის წარმომავლობაზე, მშობლებზე, ძმებზე, ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე ბასილი გაიგებდა ან მამის ან სხვა თავისი საგვარეულოს წევრისაგან.
  2. ყველაფერი ის, რაც სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულა ზარზმაში, ბასილს საკუთარი თვალით ექნებოდა ნანახი, ხოლო ის რაც მის დროს მოხდა და გაკეთდა იქ, პირდაპირ მის მიერაა აღნუსხული.
  3. ბევრი მასალა მოუწოდებია მისთვის გიორგი მაწყვერელს: „ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მათ უტყუელმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელსა“.
  4. უსარგებლია მას აგრეთვე „მიქელ პარეხელის ცხოვრებით“, რომლიდანაც მას ამოღებული უნდა ჰქონდეს ცნობები მიქელის შესახებ; ასევე სერაპიონისა და მისი მოწაფეების პარეხიდან ზარზმაში წარგზავნის შესახებ.
  5. ცნობები სამონასტრო ადგილის ძებნის შესახებ ბასილისათვის მიუწოდებია სერაპიონის თანმხლებ ერთ-ერთ პირს, რაც იქიდან ჩანს, რომ საუბარი პირველი პირითაა მოყვანილი. ზარზმის პირველი ეკლესიის აგების ამბავიც, დაწვრილებით ნაამბობი, ბასილისთვის უნდა მიეწოდებინა ამ ამბის შემსწრე, სასულიერო პირს.

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ მასალის, რაც ბასილს ხელთ ჰქონია თხზულების წერისას, სანდოობის გათვალისწინებით ეს ნაშრომი სამცხის უძველესი ისტორიის შესასწავლად მნიშვნელოვანია. აქ აღწერილია ზარზმის მიდამოების ბუნება და მოსახლეობა, ზარზმის აგების ამბავი, გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო და სანადირო დაწესებულებანი. უფრო მნიშვნელოვანია ეს ძეგლი, ამ მხარეში სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების შესასწავლად: თხზულებაში აღნიშნულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მონასტრის (ოპიზა, ზარზმა, პარეხი, დიდი ზანავი, იოანე წმინდა) არა მხოლოდ სახელი, არამედ მოკლე ამბავიც. თხზულება საყურადღებოა ქართული მწერლობის ისტორიის შესასწავლადაც, ვინაიდან აქედან ვიგებთ, რომ არსებობდა „მიქელ პარეხელის ცხოვრება“, მის მოწაფეთაგან აღწერილი. აქედანვე ვიგებთ გიორგი მაწყვერელის ვინაობას, რომელიც, როგორც მოგვიანებით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ჩანს, ცნობილი მწერალი ყოფილა. თხზულებაში მკაფიოდაა აღწერილი სამცხის პოლიტიკურ-სოციალური ვითარება: ქვეყნის ბატონ-პატრონად და გამგედ ითვლებიან დიდებული ფეოდალები, როგორც, მაგალითად, გიორგი ჩორჩანელი და მისი მემკვიდრეები. ავტორმა ფეოდალური ცხოვრების ანომალიების მკვეთრი სურათი მოგვცა, რომელიც საგვარეულო-მემკვიდრეობით ნიადაგზე წარმოიშვებოდა ხოლმე (გიორგი ჩორჩანელის დის ოჯახი). აქ ისიც აღნიშნულია, რომ ასეთი არევ-დარევის დროს ქვეყნის მეთაურობასა და ხელმძღვანელობას ეკლესიის წარმომადგენელიც კისრულობდა ხოლმე (გიორგი მაწყვერელი).

ეს თხზულება ერთადერთია უძველესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, რომელშიც ფეოდალური კლასის წარმომადგენლების გვერდით, გლეხობაცაა გამოყვანილი. სერაპიონი თვითონ იყო გლეხი.

ეს თხზულება, იმ სახით, როგორც ბასილი ზარზმელმა დაწერა, არ შემონახულა. როდესაც ქართულ მწერლობაში განვითარდა მეტაფრასული მიმართულება, ბასილის ნაშრომსაც განუცდია ამ მიმართულების გავლენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]