მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მგლინავა[1][2] (ლათ. Certhia) — ფრინველთა გვარი მგლინავასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 13–15,5 სმ. ზურგი მორუხო-მურაა, ლაქებიანი, მუცელი თეთრი. აქვთ მაგარი ბრჭყალები. კუდის ბუმბულები უხეშია, აქვს ბასრი ბოლოები, რომლებსაც საკვების ძიებისას ხის ტანზე ძრომის დროს საყრდენად იყენებენ. იკვებებიან ობობებითა და მწერებით. ცნობილია 9 სახეობა.[3] გავრცელებული არიან ევროპის, აზიის (სამხრეთით ჰიმალაიმდე), ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის, ამერიკის (ალასკიდან ნიკარაგუამდე) ტყეებში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: ჩვეულებრივი მგლინავა (Certhia familiaris) და მოკლეთითა ანუ ბაღის მგლინავა (Certhia brachydactyla). ბუდეს იკეთებენ ხის ქერქში ან ტანზე არსებულ ბზარებში. დებენ 4—7 კვერცხს. ჩვეულებრივ მხოლოდ დედალი კრუხობს 14–15 დღის განმავლობაში. ზამთარში მომთაბარეობენ.