შინაარსზე გადასვლა

ლუქსემბურგული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიტშენტარტი, ტრადიციული ლუქსემბურგული დესერტი

ლუქსემბურგული სამზარეულო (ლუქს. Lëtzebuergesch Kichespezialitéiten) — ტრადიციული ლუქსემბურგული კერძების ერთობლიობა, რომელზეც აშკარად იგრძნობა მეზობელი გერმანული, ბელგიური და ფრანგული კულინარიების დიდი გავლენა. ბოლო პერიოდში ჩასული დიდი რაოდენობით იტალიელი და პორტუგალიელი იმიგრანტების გამო, გაიზარდა ამ ქვეყნების გავლენაც. გერმანულის მსგავსად, ყველა კლასიკური ლუქსემბურგული კერძი გლეხური წარმოშობისაა, უფრო დახვეწილი და არიტოკრატული საჭმელები კი ფრანგული კერძების ვარიაციებია.

ლუქსემბურგულ გასტრონომიას მრავალი დელიკატესი აქვს. გარდა ფრანგული პატისერის, ნამცხვრებისა და ხილის ტორტებისა, ადგილობრივ ტკბილეულში შედის ბრეცელი. სხვა ლუქსემბურგული დესერტებიდან აღსანიშნავია: კიტშენტარტი, ცვეშგ ტარტი, შაქრიანი დონატები და ვერვურელტერი. ასევე აღსანიშნავია ლუქსემბურგული ყველი, სახელად კანკუალოტი, რომელიც ძალიან რბილია და ტკბილი გემო აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ადგილობრივი მდინარეები მდიდარია ზღვის ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: კალმახი, წერი, კიბორჩხალა და ა.შ. ამის გამო ლუქსემბურგული გასტრონომია ზღვის პროდუქტების კერძების ნაკლებობას არ უჩივის. ასეთი საჭმელებიდან განსაკუთრებით ცნობილებია: კალმახი რიეზლინგის სოუსში, წერი მწვანე სოუსით და კიბორჩხალა რიეზლინგის სოუსით. კიდევ ერთი ცნობილი თევზია ფრიუტერი, რომელიც ადგილობრივ მდინარე მოზელში ბინადრობს. როგორც წესი ფრიუტერს წვავენ და მოზელის თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ.

ლუქსემბურგული ხორცის კერძებიდან აღსანიშნავია ოიზლინგის ღორი. ტრადიციულად, ღორებს ქვეყნის ჩრდილოურ მთიან რეგიონებში აშენებენ, დაკვლის შემდეგ ორი კვირა მათ ხორცს ამარინადებენ, შემდეგ წვავენ და მიირთმევენ კარტოფილთან ან სალათთან ერთად. მიუხედავად ამისა, ყველაზე ტრადიციულ ლუქსემბურგულ ხორცის კერძად გარდებუნენი ითვლება, რომელიც არის სანელებლებით გაჟღენთილი და შემდეგ შებოლილი ღორის ხორცი ლობიოსთან და მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად. იგი ლუქსემბურგის ეროვნულ კერძადაა აღიარებული. ფრანგული წარმოშობისაა ასევე ღორის ხორცით მოსამზადებელი კერძი, სახელად რაიზლეკი. მისი მომზადებისას ხორცს ბოსტნეულთან, სანელებლებთან და სოკოსთან ერთად შუშავენ თეთრ ღვინოში. ნადირობის სეზონისას განსაკუთრებულად პოპულარული ხდება კურდღლის ხორცისაგან მომზადებული კერძებიც.

სხვა ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია ღვიძლის პელმენი კომბოსტოს მწნილითა და მოხარშული კარტოფილით, შავი პუდინგი ვაშლის სოუსით, ასევე ტრადიციული ძეხვი კარტოფილის პიურესა და ლობიოს წვნიანით და ა.შ.

ლუქსემბურგში ძირითადად მშრალი თეთრი ღვინო და ცქრიალა ღვინო იწარმოება. ღვინის წარმოება განსაკუთრებით გავრცელებულია ჩრდილოეთით, მდინარე მოზელის მიდამოებში, სადაც ეს კულტურა ჯერ კიდევ რომაელების დროს გავრცელდა. ლუქსემბურგული ღვინის სახეობებია: რიეზლინგი, პინო-გრი, პინო-ბლანი, შარდონე, ოქსერუა, გევიურცტრემინერი, რივანერი, ელბლინგი, პინო-ნუარი და კრემან-დე-ლუქსემბურგი. ლუქსემბურგში წარმოებულ ღვინის ყველა ბოთლზე უკან მიკრულია წარწერა „Marque Nationale“, რაც მის წარმოშობას უსვამს ხაზს და ატასტურებს მის ხარისხიანობას.

ლუდი ლუქსემბურგში ერთობ პოპულარული სასმელია. ქვეყანაში სულ სამი დიდი ლუდსახარში ქარხანაა, თუ რამდენიმე პატარა დაწესებულებას არ ჩავთვლით. აქ იწარმოება როგორც ალკოჰოლური, ისე უალკოჰოლო ლუდი, რომელსაც შობაზეც კი მიირთმევენ. ლუდის ძირითადი ბრენდებია: Bofferding, Battin და Diekirch. 2000-იანი წლებიდან ლუდის წარმოება ლუქსემბურგში განსაკუთრებით აღორძინდა, რასაც ახალი ლუდსახარში ქარხნების აშენება მოჰყვა.

  • Georges Hausemer: Culinary Luxembourg: Country, People & Cuisine, photographer Guy Hoffman, Editions Guy Binsfeld, Luxembourg, 2009, pp. 240 ISBN 2-87954-052-6
  • Léa Linster and Simone van de Voort: Best of Lea Linster Cuisiniere, 2003, Munsbach: Ottweiler Druckerei, 177 pp. ISBN 2-9599-85427 (in German)
  • Lëtzebuerger Grillwurscht" Archived 2012-05-09 at the Wayback Machine, Mycitycuisine.org. Retrieved 30 November 2011
  • "Tiirteg ou Galettes de pommes de terre et de choucroute ( luxembourg )", Recettes de France et d'ailleurs. (in French) Retrieved 1 December 2011.