ბელგიური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბელგიური ვაფლი

bბელგიური სამზარეულო (ფრანგ. Cuisine belge, ნიდერლ. Belgische keuken) — ტრადიციული ბელგიური კერძების ერთობლიობა, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილია შოკოლადი, ვაფლი, ფრი და ლუდი. ბელგიურზე განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ფრანგულ სამზარეულოს, რის გამოც აქ ხშირად ვხვდებით ფრანგულ კერძებსა და ინგრედიენტებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინაიდან ბელგია, როგორც სახელმწიფო საკმაოდ გვიან, 1830 წელს შეიქმნა, მისი კულინარია ძალიან ჰგავს მეზობელი ქვეყნების, კერძოდ კი საფრანგეთისას და ნიდერლანდებისას. მიუხედავად ამისა, ბელგიურმა გასტრონომიამ მოახერხა შეექმნა საკუთარი, განსხვავებული კერძები. მართალია, იგი მდიდარია სუპებითა და ხორცის კერძებით, თუმცა ბელგიური სამზარეულო დღეისათვის მსოფლიოში ძირითადად მაინც საკონდიტრო ნაწარმით, უფრო კონკრეტულად კი შოკოლადისა და ბელგიური ვაფლითაა სახელგანთქმული.

კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპეტაიზერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიური აპეტაიზერებიდან ყველაზე ცნობილია ჟამბონ დ’არდენი, რომლის ფესვებიც საფრანგეთიდან მოდის და რომელიც მზადდება ველური ტახის ხორცისაგან დამზადებული შებოლილი ლორისა და პატესაგან, რაც არდენის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძია. კიდევ ერთი აპეტაიზერია ლიეჟური ლუიკსის სალათი, რომლის ინგრედიენტებიცაა: კარტოფილი, მწვანე ლობიო, ბეკონი, ხახვი და ნიორი. ასეთივე ტიპის კერძია გარნელკროკეტენი, რომელიც ტრადიციული ბელგიური საჭმელია და მზადდება ჩვეულებრივი კროკეტის სახით, უბრალოდ ემატება ლიმონი და მოთუშული ოხრახუში.

ბელგიური სოსისების დახლი საშობაო ბაზრობაზე, ბრიუსელი

ძირითადი კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მულე-ფრიტი არის ბელგიის ეროვნული კერძი, რომელიც ასევე პოპულარულია საფრანგეთის ჩრდილოურ რეგიონებში. იგი მზადდება ხახვთან ერთად გამომცხვარი მოლუსკებითა და კარტოფილი ფრით. ასევე ცნობილი ძირითადი კერძია კარბონად-ფლამანდი, რომელიც მზადდება საქონლის ხორცის ლუდთან ან წითელ ღვინოსთან ერთად მოშუშვითა შემდეგ მდოგვის დამატებით. სხვების მსგავსად, ამ კერძის ფესვებიც ფრანგულია და ხშირად მას ფრანგულ „ბურგუნდიულ ჩაშუშულთან“ აიგივებენ.

ვირთევზა და სტოემპი

ქალაქ გენტსა და მის მიდამოებში ერთობ პოპულარულია კერძი „ვატერზოდი“, რომელიც არის ქათმის ან თევზის ხორცით მომზადებული წვნიანი, რომელშიც ურევენ ნაღებს, კვერცხსა და სხვადასხვა ჩახეხილ ბოსტნეულს. ბრიუსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქათამი კარტოფილის ფრითა და ვაშლის სოუსით. აქ ასევე გავრცელებულია ლუდში მოშუშული კურდღლის ხორცი.

ბელგიური სამზარეულოდან აღსანიშნავია ტუნას სალათი, რომელიც კეთდება ახალი ატმების, ტუნასა და მაიონეზის არევით. საკმაოდ რთულად მოსამზადებელი კერძია „სტოემპი“, რომელიც მზადდება კარტოფილის, ან სხვა რომელიმე მყარი ბოსტნეულის გამოყენებით ნაღებთან, ბეკონთან, ხახვთან, სანელებლებთან, კვერცხის გულსა და მწვანილებთან ერთად.

დესერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიური ვაფლი მარწყვით

ბელგიური დესერტებიდან ყველაზე ცნობილი მაინც ვაფლია. თავად ბელგიელები სამი სახის ვაფლს ამზადებენ: ლიეჟური ვაფლი, ბრიუსელური ვაფლი და სიროპის ვაფლი (იგი ასევე ფართოდაა გავრცელებული ნიდერლანდებში). ვაფლს ხშირად მიირთმევენ კრემთან და სხვადასხვა ტკბილ ხილთან ერთად. აღასნიშნავია, რომ ბელგიური ვაფლი მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი აშშ-ში.

ბელგიაში ასევე ცნობილი დესერტია „ოლიებოლენი“, ტკბილი გამომცხვარი ბურთები, რომელსაც ნიდერლანდური ფესვები აქვს და ძირითადად დღესასწაულებზე მზადდება. ქალაქ ვერვიეს ადგილობრივ დესერტად მიიჩნევა ღვეზელი, რომლის ბაზასაც ბრინჯის პუდინგი წარმოადგენს.

ბელგიური პრალინები

ოქტომბრის დღესასწაულისას ლიეჟსა და ანტვერპენში ამზადებენ სპეციალურ დესერტს, სახელად ლაკემენს, რომლის ცომიც მზადდება ხორბლის ფქვილისაგან, შემდეგ ემატება შაქარი და ტკბილი სიროპი, მის მოსართავად კი იყენებენ ფლერდორანჟს.

შოკოლადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში შოკოლადის წარმოებაში საკმაოდ დიდი ხანია, რაც მონოპოლია ბელგიას უკავია. აქ იწარმოება შოკოლადის პროდუქტის 2,000-მდე სახეობა. ბელგიელებმა შოკოლადის წარმოება 1635 წლიდან დაიწყეს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი პროვინციები ესპანეთის იმპერიას ექვემდებარებოდა. სწორედ ესპანური კოლონიებიდან შეაღწია ბელგიაში შოკოლადმა. XVIII საუკუნეში ბელგიელ არისტოკრატებში შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. შტატჰალტერ შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელის (იგი იყო იმპერატრიცა მარია ტერეზიას სიძე და მაზლი, რაც საქმეს აადვილებდა) დროს დაიწყო ბელგიური შოკოლადის ექსპორტი ჰაბსბურგთა უზარმაზარ მონარქიაში. აქ განსაკუთრებული პოპულარობით ცხელი შოკოლადი სარგებლობდა. XX საუკუნიდან ბელგიას საშუალება მიეცა, რომ დაპყრობილი კონგოდან კაკაოს უზარმაზარი პროდუქცია გაეტანა. დღეისათვის ყოველწლიურად ბელგიას 172,000 ტონა შოკოლადი გააქვს ექსპორტზე მთელს მსოფლიოში.

ბელგიურმა შოკოლადმა საერთაშორისო აღიარება 1884 წლიდან დაიმსახურა და დღემდე ინარჩუნებს. სულ მალე მათ შოკოლადისათვის სხვადასხვა ცხოველისა და ფიგურის ფორმის მიცემა დაიწყეს, რამაც მისი საექსპორტო ფასი კიდევ უფრო გაზარდა და უფრო მოთხოვნადიც გახდა. დღეისათვის ყველაზე ცნობილი ბელგიური შოკოლადის ბრენდებია: Côte d'Or (დაარსდა 1870 წელს), Leonidas (დაარსდა 1913 წელს), Guylian (დაარსდა 1958 წელს) და Neuhaus (დაარსდა 1857 წელს).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Elkon, Juliette (1996). A Belgian Cookbook. New York: Hippocrene Books. ISBN 0-7818-0461-2.
  • Gordon, Enid; Shirley, Midge (1983). The Belgian Cookbook. London: Macdonald. ISBN 0-356-09501-0.
  • Blais, Denis; Plisnier, Andre (1998). Belgo Cookbook. London: Phoenix Illustrated. ISBN 0-75380-490-5.
  • Scholliers, Peter; Geyzen, Anneke (Spring 2010). "Upgrading the Local: Belgian Cuisine in Global Waves". Gastronomica: The Journal of Critical Food Studies. 10 (2): 49–54.