ლოგისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოგისტიკა (ბერძ. λογιστικός [logistikós] — „გამოთვლის“, „განსჯის ხელოვნება“) — წარმოებიდან მოხმარების ადგილამდე ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციისა და ინფორმაციის შენახვის, ტრანსპორტირებისა და გადაცემის ეფექტიანი ოპერაციების დაგეგმვა, რეალიზაცია და კონტროლი მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით (1992; სტოკჰოლმი, ევროპის ლოგისტიკოსთა ასოციაციის საერთაშორისო სიმპოზიუმი). ევროპის ლოგისტიკოსთა პირველმა კონგრესმა (1984, ბერლინი) ლ. განსაზღვრა როგორც მეცნიერება სხვადასხვა სისტემებში მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური ნაკადის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის შესახებ.

ლოგისტიკის ცნებისა და მეთოდების საწყისად ითვლება სამხედრო ხელოვნების სფერო, სადაც მის ამოცანას წარმოადგენდა არმიის მომარაგება საბრძოლო ინვენტარით, მასალებით, სურსათით და სხვ. ლოგისტიკის ფუნქციებში აგრეთვე შედიოდა დასაწყობება, საწყობების რაციონალური განლაგების შერჩევა.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ძვ. საბერძნეთში არსებობდა ლოგისტიკოსის თანამდებობა, ანუ ყოველწლიურად კენჭისყრით არჩეული საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩინოვნიკი (ძვ. წ. V საუკუნე). მის ფუნქციებში შედიოდა იმ მოხელეთა ანგარიშების შემოწმება, რომელთა რწმუნებულებას ვადა უმთავრდებოდა. ეს ანგარიშები დასამტკიცებლად გადაეცემოდა საპატიო მოქალაქეთა საბჭოს, რომლის გადაწყვეტილება საბოლოო იყო.

ძვ. რომში ლოგისტიკოსები ასრულებდნენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს როგორც მმართველობითი, ასევე რელიგიური კუთხით. ისინი პასუხისმგებლები იყვნენ რომის ლეგიონების სამხედრო აღჭურვილობაზე, შეიარაღებასა და სურსათით უზრუნველყოფაზე.

X საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის იმპერატორი ლეონ VI (866–912) სამხედრო ხელოვნებასთან დაკავშირებულ თავის ნაშრომში მიუთითებდა ლოგისტიკის შემდეგ ამოცანებზე: არმიის მომარაგება საჭურვლით და სხვა სამხედრო ქონებით, სამხედრო ლაშქრობათა გეგმის შედგენა, ჯარების მოძრაობის მანძილისა და დროის გაანგარიშება, საბრძოლო მოქმედებათა ჩატარების ადგილის განსაზღვრა და სხვ.

II მსოფლიო ომის ბოლოს ლოგისტიკური პრინციპები გამოიყენებოდა სამხედრო სპეციალისტების მიერ იმ არმიის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისათვის, რომელიც იბრძოდა წყნარ ოკეანესა და ევროპაში. კერძოდ, იგი გამოიყენებოდა ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა სამხედრო საწყობების ქსელის განლაგება, მათი მოცულობისა და სასაწყობო მარაგების განსაზღვრა, საწყობებში და საწყობებიდან სამხ. ნაწილში ტვირთების მიტანის დაგეგმვა, სამხედრო ტვირთების ნაკადების ორგანიზაცია და მართვა.

XIX საუკუნის დასაწყისში ცნობილმა სამხედრო თეორეტიკოსმა და ისტორიკოსმა, არმიის გენერალმა, წარმოშობით შვეიცარიელმა ბარონმა ა. ჟომინიმ (1779-1869) სამხედრო საქმეში დანერგა ლოგისტიკის მრავალი კონკრეტული ფუნქცია და განსაზღვრა მისი დიდი მნიშვნელობა სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში. იგი 15-ტომიან ფუნდამენტურ ნაშრომში სამხედრო ლოგისტიკის შესახებ ახასიათებს ლოგისტიკას, როგორც ჯარების დაგეგმვის, მართვისა და მომარაგების ხელოვნებას, დისლოკაციის ადგილის განსაზღვრას, არმიის გადაადგილებასთან დაკავშირებულ მომსახურებასა და სხვ.

საქართველოში ლოგისტიკა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, შედარებით ახალი ეკონომიკური მიმართულებაა. იგი ჩამოყალიბდა გასული საუკუნის ბოლოს. პრაქტიკაში მისი როლი და მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება, რასაც განსაზღვრავს საქართვ. სტრატეგიული მდებარეობა. იგი არის შესასვლელი კარიბჭე და სახმელეთო და საზღვაო დერეფანი კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას, ასევე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. ეს დერეფანი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ისტორიულ აბრეშუმის გზას.

ლოგისტიკის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 12%-ს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის ფასწარმოქმნაში კი – 70-80 %-ს.

შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საქართველოს რკინიგზა, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან. საქართველოს რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება კასპიისა და ცენტრ. აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზით. ლოგისტიკაში საზღვაო ტრანსპორტს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. ყულევის, ფოთისა და ბათუმის პორტების მეშვეობით ტვირთები პირდაპირ გადაიზიდება რუსეთის, თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის პორტებში.

ევროპისა და აზიის კვეთაზე საქართვ. სამხედრო გზა ერთ-ერთი ძველი და ისტორიულია. 208 კმ სიგრძის გზა კავკასიონის მთავარ ქედზე გადის და თბილისსა და ვლადიკავკაზს აკავშირებს. მისი მშენებლობა XVIII საუკუნი ბოლოს საქართველოსა და რუსეთს შორის ე. წ. „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადების შემდეგ დაიწყო და როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური დანიშნულება ჰქონდა. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა და თურქეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ. საშუალოდ ყოველწლიურად, ქვეყნის საავტომობილო გზებით ხორციელდება თითქმის 17.2 მლნ. ტონა ტვირთის გადაზიდვა. საქართველოში გადაზიდული ტვირთის დაახლოებით 59.9% მოდის საავტომობილო ტრანსპორტზე. საქართველოსთვის პრიორიტეტული გახდა სატრანსპ. ინფრასტრუქტურის განვითარება ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის სტატუსის მიღების შემდეგ, რომელიც 1993 წელს ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. მალევე პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, მოლდოვა და მონღოლეთი, 2000 წელს – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო 2009 წელს – ირანი. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაადგილებისთვის შიდასახელმწიფოებრივი გზის საერთო სიგრძეა 3477კმ, ხოლო საერთაშორისო მნიშვნელობის გზის საერთო სიგრძე – 1467კმ.

საქართველოს ტერიტორიაზე გადის სამი საერთაშორისო მნიშვნელობის მილსადენი: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, ბაქო–თბილისი–ერზურუმი (შაჰ-დენიზი) და ბაქო–სუფსა. მათი საშუალებით ენერგომატარებლები შუა აზიიდან ევროპას უკავშირდებიან. ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის საშუალებით კი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთს მიეწოდება ბუნებრივი აირი.

დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი აქვს როგორც ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყანას. იგი ეტაპობრივად ხდება კავკასიის რეგიონული ჰაბი და აზია–ევროპის მიმართულებით ტვირთგადაზიდვებში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]