კლოსტრიდიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოსტრიდიუმი

Clostridium botulinum
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Bacillota
კლასი:  Clostridia
რიგი:  Eubacteriales
ოჯახი:  კლოსტრიდიუმისებრნი
გვარი:  კლოსტრიდიუმი
ლათინური სახელი
Clostridium (Prazmowski, 1880)

კლოსტრიდიუმი[1] (ლათ. Clostridium) — სპორათწარმომქმნელი ჩხირისებრი, ჩვეულებრივ მოძრავი, გრამდადებითი ბაქტერიების გვარი. მკაცრი ანაერობები არიან. უჯრედები (0,3–2,0: 1,5–20 მკმ) ხშირად განლაგებულია წყვილებად ან მოკლე ჯაჭვებად. სპორების წარმოქმნის დროს მრავალი სახეობის კლოსტრიდიუმის უჯრედები იბერება და თითისტარის (აქედან სახელწოდება: ϰλωστήρ — თითისტარი), ჩოგნის ან დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხის ფორმას იღებს.[2] ცნობილია 160-მდე სახეობა.[3] ფართოდ არიან გავრცელებული ბუნებაში: ნიადაგში, შლამში, დანალექ ქანებში, მტკნარ წყალსატევებში, ცხოველებისა და ადამიანის ნაწლავის ტრაქტში და სხვ. უმეტესი სახეობისათვის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 30–40°C-ია; იზრდებიან მხოლოდ ნეიტრალურ ან სუსტ ტუტე გარემოში.[2]

ხასიათდებიან მეტაბოლიზმის მკვეთრად გამოხატული დუღილის ტიპით, რომლის დროსაც შეუძლიათ გადაამუშაონ სხვადასხვა ბუნებრივი ნაერთის უმრავლესობა. განსაზღვრული სუბსტრატების გამოყენების უნარის მიხედვით განარჩევენ საქაროლიტიკურ და პეპტოლიტიკურ კლოსტრიდიუმებს; პირველები ითვისებენ ძირითადად შაქარს, მეორენი — აზოტშემცველ ნაერთებს (მ.შ. ცილებსა და ამინომჟავებს). დუღილის პროცესში წარმოქმნიან მჟავებს (ერბომჟავა, ძმარმჟავა, რძემჟავა), სპირტებს (ბუტანოლი, ეთანოლი, იზოპროპანოლი), აგრეთვე აცეტონსა და აირებს ( და ). ამას გარდა, საქაროლიტიკური კლოსტრიდიუმები აფიქსირებენ ატმოსფერულ აზოტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანაერობულ პირობებში ორგანული და მინერალური ნაერთების გარდაქმნაში.[2]

ზოგიერთი სახეობა არის ადამიანისა და ცხოველების საშიში დაავადებების (კლოსტრიდიოზი) გამომწვევი, მ.შ. აიროვანი განგრენისა (C. perfringens, C. histolyticum), ტეტანუსისა (C. tetani), ბოტულიზმისა (C. botulinum) და სხვა საჭმლისმიერი ტოქსიკოინფექციებისა (იხ. აგრეთვე ქვეთავი ცხოველთა კლოსტრიდიოზები). ბიოტექნოლოგიაში იყენებენ გამხსნელთა (მაგ., აცეტონისა და ბუტანოლის) პროდუცენტებად, აგრეთვე ზოგიერთი ფერმენტის მისაღებად, მ.შ. პექტინაზის, პროტეაზისა და ლიპაზის.[2]

ცხოველთა კლოსტრიდიოზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველთა კლოსტრიდიოზები ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც კლოსტრიდიუმის გვარის სახეობები იწვევენ. უმთავრესი გამომწვევები არიან: C. tetani (ტეტანუსი), C. botulinum (ბოტულიზმი), C. chauvoei (ემფიზემატოზური კარბუნკული), C. septicum, C. perfringens, C. novyi, C. sordellii (ავთვისებიანი შეშუპება, ბრადზოტი, ცხვრის ინფექციური ენტეროტოქსემია, ბატკნის ანაერობული დიზენტერია). ცხოველთა კლოსტრიდიოზების ძირითადი პათოგენეტიკური ფაქტორია ეგზოტოქსინები. მგრძნობიარეა ცხოველთა ყველა სახეობა, განსაკუთრული ამთვისებლობით გამოირჩევა წვრილი და მსხვილი რქოსანი საქონელი. დიაგნოსტიკა დაფუძნებულია სპეციფიკური შრატების დახმარებით ძირითადი ტოქსინის იდენტიფიკაციაზე, აგრეთვე გამომწვევების გამოვლენასა და მათ იდენტიფიკაციაზე (საკვებ გარემოში ზრდის თავისებურებების, ფერმენტაციული აქტივობის, სეროლოგიური თვისებების, ვირულენტობის, ტოქსიგენობის მიხედვით). სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის იყენებენ ჰიპერიმუნურ შრატებს, ანატოქსინებს, ფორმალინიანი ვაქცინებით. დაავადებაგადატანილ და ვაქცინირებულ ცხოველებს უყალიბდებათ უპირატესად ანტიტოქსიკური იმუნიტეტი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. clostridium — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Дуда В. И. Клостридии // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 311.
  3. Genus: Clostridium en. List of Prokaryotic names with Standing in Nomenclature. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2023
  4. Фёдоров Ю. Н. Клостридиозы животных // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 311.