ტეტანუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტეტანუსი (ლათ. tetanus << ბერძნ.) — მედიცინაში მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი, რასაც მოყვება ამავე სახელწოდების ფიზიოლოგიური მოვლენა - საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება. კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვა მიმდინარეობს, მცირე ინტერვალებით გამოყოფილ, გაღიზიანებათა ზეგავლენით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავადმყოფობის გამომწვევია მსხვილი ჩხირი, ანაერობი; წარმოქმნის სპორებს; გამომწვევი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სისხლის ნაკადისა და მამოძრავებელის ნერვების საშუალებით ხვდება ზურგის და მოგრძო ტვინში, იწვევს ზურგის ტვინის წინა რქების მამოძრავებელ უჯრედებში იმპულსების წარმოქმნის ფიზიოლოგიურ კორელაციის დარღვევას. ვითარდება კუნთების მუდმივი ტონური შეკუმშვები და პერიოდულად ტეტანური კრუნჩხვები.

სიმპტომები, მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან 1 თვემდე მიმდინარეობს. დაავადების ადრეული ნიშანია საღეჭი კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები (ტრიზმი), ყბების უნებლიე დახურვა, პირის გაღების და ღეჭვის გაძნელება. დაავადების დასაწყისში ვლინდება ყრუ მტკივნეულობა უკვე დახურული ჭრილობის მიდამოში, ინფექციის შეჭრის არეში. შემთხვევათა დაახლოებით 50% – ში, დაავადების უკვე ამ ადრეულ ეტაპზე შესაძლებლია შემდეგი სიმპტომის გამოწვევა: ინფექციის შეჭრის ადგილას კუნთების ვარჯიშისას, შეიძლება შემჩნეულ იქნას მათი რიგიდობა, დაჭიმულობა. აგრეთვე ვლინდება კეფის კუნთების რიგიდობა, ყლაპვის გაძნელება (დისფაგია).

დაავადების განვითარების პიკზე, ავადმყოფის სახე იღებს დამახასიათებელ შესახედაობას: მიმიკური კუნთების ხანგრძლივი, ტონური კრუნჩხვები, შეჭმუხნული შუბლი, აწეული წარბები, ნაოჭები თვალების გარშემო, კრიჭაშეკრული კბილები. კრუნჩხვები მოიცავს სხვადასხვა ჯგუფის კუნთებს, დაწყებული სახის კუნთებიდან დაღმავალი მიმართულებით.

შეტევებს გააჩნია ტონური და კლონური ხასიათი; თითოეულ შეტევას თან სდევს შესაბამისი კუნთების მნიშვნელოვანი მტკივნეულობა, მკვეთრად ძლიერდება მათი რეფლექტორული აგზნებადობა. დიდი კრუნჩხვითი შეტევის პიკზე, ავადმყოფის თავი ვარდება უკან, სხეული იღუნება რკალისებურად, იღებს ოპისტოტონუსის მდგომარეობას, ეყრდნობა რა კეფას და ქუსლებს; შესაძლებელია ზურგის გრძელი კუნთის გაგლეჯა, ხერხემლის მოტეხილობები. ტონური კუნთოვანი კრუნჩხვების განვითარებისას, განსაკუთრებით მკვეთრად იჭიმება მუცლის კუნთები; კრუნჩხვების აძნელებენ ყლაპვას; აგრეთვე გაძნელებულია შარდვა და კუჭში გასვლა. ნეკნთაშუა კუნთების ტონურმა კრუნჩხვებმა შეიძლება გამოიწვიოს გარეგანი სუნთქვის სერიოზული დარღვევები, ასფიქსიის და ასპირაციული პნევმონიის განვითარებამდე. შუქმა, ხმაურმა, შეხებამ შესაძლოა გამოიწვიონ რეფლეტორული ხასიათის კრუნჩხვები. ტემპერატურის მომატება აღინიშნება მხოლოდ დაავადების პირველ 3 – 4 დღეს.

კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტები:

  • ელვისებური ტეტანუსი, რომელსაც თან სდევს კრუნჩხვების მძიმე შეტევები და გარეგანი სუნთქვის დამბლა;
  • ადგილობრივი ტეტანუსი (მის დროს კრუნჩხვები შემოიფარგლება სხეულის რომელიმე ნაწილით, მაგ. თავის ტეტანუსი). ანტისანიტარულ პირობებში მიმდინარე მშობიარობებისას, შესაძლებელია ახალშობილთა ტეტანუსის განვითარება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]