კავიანის ციხე
კავიანის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავიანის სერზე მდინარე ჭვანისწყალისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს.
ძეგლის აღწერა
ციხე ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველი განყოფილება, ჩვენამდე მოღწეული ფოსოების მიხედვით, შეიძლება ყოფილიყო რაღაც დანიშნულების სათავსო, რომელიც სავარაუდოდ სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. კედელზე ორი საძირკველი და ორი სარკმელია დატანებული. ციხის ამ კოშკშია შემორჩენილი სწორი ფორმის ორმო, რომელიც შელესილია კირით.
ციხის მეორე განყოფილებაში, რომლის ფართობი 112 მ²-ს შეადგენს, კარგადაა შემონახული ჩრდილოეთის კოშკი, რომელიც არაწესიერი მართკუთხედის ფორმისაა და ასევე სამი სართულისაგან შედგებოდა. კოშკში ჩაყოლებულია სარკმლები. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის ეზოს დასავლეთი კედელი, რომლის სიგრძე 7,1 მეტრია, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი. ციხე აშენებულია ფლეთილი ქვებით, შიგადაშიგ რიყის ქვებიც გვხვდება.
ლიტერატურა
- მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 91
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13705
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11841
- კავიანის ციხე