იოჰან ვილჰელმი (პფალცის კურფიურსტი)
იოჰან ვილჰელმ ფონ პფალცი (გერმ. Johann Wilhelm von der Pfalz; დ. 19 აპრილი, 1658, დიუსელდორფი — გ. 8 ივნისი, 1716, დიუსელდორფი) — პფალცის პფალცგრაფ-კურფიურსტი და პფალც-ნოიბურგის პფალცგრაფ-ჰერცოგი 1690 წლიდან, იულიხისა და ბერგის ჰერცოგი (იოჰან-ვილჰელმ II-ის სახელით) 1679 წლიდან. იოჰანი იყო ვიტელსბახების საგვარეულოს უმცროსი, ნოიბურგის ხაზის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰან ვილჰელმის მშობლები იყვნენ ფილიპ-ვილჰელმ ფონ პფალცი და ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი. აღზარდეს იეზუიტებმა.
1690 წლის 2 სექტემბერს იოჰან ვილჰელმმა მემკვიდრეობით მიიღო მამამისის კურფიურსტის ტახტი. იულიხისა და ბერგის სამფლობელოები კი მამამისმა მას ათი წლის შემდეგ გადასცა.
პფალცური მემკვიდრეობისათვის ომის დროს მისი დედაქალაქი ჰაიდელბერგი დაინგრა, იოჰან ვილჰელმის რეზიდენცია გახდა დიუსელდორფის ციხე-სიმაგრე (დიუსელდორფი იყო ბერგის საჰერცოგოს ცენტრი). ომის დასრულების შემდეგ, 1697 წელს, ფრანგული შენაერთების მიერ დაკავებული პფალცის ტერიტორია იოჰან ვილჰელმს დაუბრუნდა.
ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის დროს მან ასევე დაიბრუნა კურპფალცის რამდენიმე ტერიტორია — ზემო პფალცი და კამის საგრაფო.
როგორც კათოლიკე, იოჰან ვილჰელმი მცირედ პოპულარული იყო პფალცში, სადაც ბევრი პროტესტანტი ცხოვრობდა, ამიტომ ის ძირითად დროს ჩრდილოურ პროვინციებში, იულიხსა და ბერგში ატარებდა (ძირითადად დიუსელდორფში). იქ მან ააგო ბენსბერგისა და შვეტცინგენის დიადი სასახლეები.
იოჰან ვილჰელმმა ააყვავა ხელოვნება, ის ითვლება დიუსელდორფის სამხატვრო გალერეის დამაარსებლად. კურფიურსტის სასახლის მხატვარი იყო იან ფრანს ვან დუვენი. 1708 წლის 29 სექტემბერს კურფიურსტმა განაახლა წმინდა ჰუბერტის ორდენის მოქმედება.
იოჰან ვილჰელმი დაკრძალულია დიუსელდორფის წმინდა ანდრიას ტაძარში. იოჰანის გარდაცვალების შემდეგ კურფიურსტი გახდა მისი უმცროსი ძმა კარლ ფილიპი.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კურფიურსტი იოჰან ვილჰელმი პირველად დაქორწინებული იყო (1678 წლის 25 ოქტომბერი) ერცჰერცოგინია მარია ანა იოზეფაზე, იმპერატორ ფერდინანდ III-ის ქალიშვილზე. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ორი ვაჟი, თუმცა ისინი შობისთანავე გარდაიცვალნენ.
მეორე ქორწინებისას, რომელიც 1691 წლის 5 ივნისს შედგა, მისი მეუღლე გახდა პრინცესა ანა მარია ლუიზა მედიჩი, ტოსკანის დიდი ჰერცოგის, კოზიმო III მედიჩის ქალიშვილი. კურფიურსტ იოჰანს ამ ქორიწინებიდან შვილები არ შესძენია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Leo Mülfarth: Johann Wilhelm von der Pfalz-Neuburg und die jülich-bergischen Landstände 1679—1716, Köln 1963.
- Otto Wirtz: Jan Wellem — Geliebter Verschwender. Erfurt 2004, ISBN 3-89702-665-1