ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
შეიქმნა 2009
სტატუსი მოქმედი
ტიპი არასამთავრობო
მიზანი ხელისუფლების ღიაობის ხელშეწყობა და ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით.
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი გრიბოედოვის ქუჩა №3
ქვეყანა საქართველო
idfi.ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 2009 წელს დააარსა ორმა მკვლევარმა, ლევან ავალიშვილმა და გიორგი კლდიაშვილმა.

IDFI-ის შექმნის იდეა დაიბადა საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელსაც ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი 2005 წლიდან  პერიოდულად მასპინძლობდნენ საქართველოში. კონფერენციის მხარდამჭერი იყო ამერიკული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „ეროვნული უსაფრთხოების არქივი.“ კონფერენციის მონაწილე ქართველი და უცხოელი ისტორიკოსები, არქივის მკვლევარები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მმართველობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და იურისტები განიხილავდნენ სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებს. სწორედაც, 2009 წელს, მორიგი კონფერენციის დროს,  გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში არქივების ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით, აქტიური ადვოკატირების საქმიანობა განეხორციელებინა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იმუშავებდა ღიაობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე. ასეთი ორგანიზაცია, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, დააფუძნეს ლევან ავალიშვილმა და გიორგი კლდიაშვილმა.

საწყის ეტაპზე, IDFI ეწეოდა ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას. პირველი გრანტი, რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა, იყო „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების) ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგი.“ პროექტი დაფინანსდა „ეროვნული უსაფრთხოების არქივის“ მიერ 10 000 დოლარის ოდენობით. პირველი პროექტის ფარგლებში, IDFI-მ ჩაატარა საქართველოს საჯარო დაწესებულებების ვებგვერდების გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანალიზი.

ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ IDFI-მ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით დაიწყო პროექტი სახელწოდებით: „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge“. სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგით და საჯარო ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფით, პროექტმა დიდი როლი ითამაშა საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდაში. 2014 წელს ბრიტანული ორგანიზაცია mySociety-ის მიერ ვებგვერდი შეყვანილ იქნა FOI-ს პლატფორმების საერთაშორისო ზეგავლენის შეფასებაში.

კიდევ ერთი მიმართულება, რომლითაც IDFI-მ  საკუთარი საქმიანობა დაიწყო, იყო არქივების ღიაობისა და საარქივო მასალებზე წვდომის გაზრდა. ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი აქტიურად უწევდნენ ადვოკატორებას საქართველოში მე-20 საუკუნის საბჭოთა პერიოდის არქივების ღიაობას და საბჭოთა ეპოქის დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ მიმართულებით, IDFI-ის ადვოკატირების დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს კომპარტიის ყოფილი არქივის განადგურებისგან გადარჩენა და შემდგომი მოდერნიზება, საქართველოს უშიშროების (КГБ) არქივის გახსნა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისთვის. ამავდროულად, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, IDFI მუშაობს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის შესწავლაზე, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალთან“ და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

ერთ-ერთი პირველი კვლევითი პროექტი IDFI-მ განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის სახელწოდება იყო „1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების კოლექციისკრებული“. პროექტი გულისხმობდა საქართველოს საბჭოთა პერიოდის არქივებში 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებას და  შესწავლას.  პროექტის ფარგლებში სრულიად საიდუმლო საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები გამოქვეყნდა  IDFI-ის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველასათვის.

საბჭოთა წარსულის შესწავლის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი იყო „სტალინური სიები საქართველოდან“, რომლის ფარგლებშიც IDFI-მ შეაგროვა და გააანალიზა ინფორმაცია საქართველოში 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა შესახებ და ქართულ და რუსულ ენებზე მოამზადა მონაცემთა ბაზა დაახლოებით 3,600 ადამიანის შესახებ, რომლებიც უშუალოდ სტალინის რეზოლუციის საფუძველზე იქნენ რეპრესირებული საქართველოში. IDFI-ის მიერ შეგროვებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე.

2012 წლიდან IDFI-მ გაააქტიურა ანალიტიკური საქმიანობა. დღეისათვის, IDFI ეწევა ანალიტიკურ და ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას, ისევე როგორც ადვოკატირებას, სტრატეგიულ სამართალწარმოებას, კონსულტაციებსა და ცნობიერების ამაღლებას კარგი და დემოკრატიული მმართველობის ყველა მიმართულებით. ორგანიზაცია ცნობილია პროფესიონალური, მაღალი სტანდარტების დამოუკიდებელი კვლევებით და მათზე დაყრდნობით წარმოადგენს ინოვაციურ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ემსახურება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ზრდას, ხელს უწყობს ეკონომიკისა და სოციალური კეთილდღეობის ამაღლებას.

მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მხარდაჭერა;
  • ხელისუფლების საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა;
  • საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული მმართველობის დამკვიდრება და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარება;
  • საქართველოში თავისუფალი საინფორმაციო სივრცის შექმნა;
  • საქართველოში არსებული სამართლებრივი სისტემების გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამეცნიერო თუ პრაქტიკული საქმიანობების წარმართვა;
  • საზოგადოებრივი და სოციალური მნიშვნელობის ინფორმაციის საჯაროობის ხელშეწყობა კანონით გათვალისწინებული საქმიანობით და მეთოდებით;
  • საქართველოს არქივების ღიაობის და ისტორიული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
  • საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოთა და უწყებათა მიერ მიღებული, გამოუქვეყნებელი და შეუსწავლელი (წარსულში გასაიდუმლოებული) ისტორიული დოკუმენტების მოძიება, შეგროვება, კვლევა, შესწავლა და წარდგენა საზოგადოებისთვის;
  • სამეცნიერო კვლევების და საქმიანობის წარმართვა.

საქმიანობის მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ძირითადად საქმიანობს ოთხი მიმართულებით — სამოქალაქო კონტროლი, კვლევითი საქმიანობა, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება, IDFI აგრეთვე მუშაობს სახელმწიფო არქივების გამჭვირვალეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის.

სამოქალაქო კონტროლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო კონტროლის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა, რასაც IDFI 2010 წლიდან ახორციელებს, არის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი.

მინისტრთა კაბინეტის წევრები IDFI-ის კვლევის პრეზენტაციაზე

პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში IDFI საჯარო ინფორმაციის ათასობით მოთხოვნას აგზავნის საქართველოს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ უწყებებში, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში. მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წლის განმავლობაში მზადდება როგორც საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის სტატისტიკური შეფასებები, ისე არაერთი საკითხის დეტალური კვლევა და ანალიზი. კვლევის საფუძველზე IDFI ყოველწლიურად ასახელებს საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურულ საჯარო უწყებებს. აგრეთვე აჯილდოებს იმ სამინისტროებს თუ სსიპ-ებს, რომლებმაც ინფორმაციის გაცემის ინდექსი გააუმჯობესეს და პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

ორგანიზაცია რეგულარულად ითხოვს ინფორმაციას სახელმწიფო უწყებებიდან საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების, საჯარო მოხელეების პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო და როუმინგულ, ასევე ავტოპარკის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებზე; აგრეთვე ითხოვს დეტალურ მონაცემებს განხორციელებულ ღონისძიებებთან და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ კი ამზადებს კვლევებს.

IDFI-მ მოამზადა კვლევები საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯების შესახებ [1] სხვადასხვა სახის კორუფციულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია იკვლევდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხის რეგულირებას. ასევე მოამზადა 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაცემული პრემიების, გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების, როუმინგული მომსახურების ხარჯებისა და ბალანსზე დარიცხული ავტომობილების შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი [2] .

ადვოკატირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IDFI აქტიურად არის ჩართული ინფორმაციის თავისუფლებასთან, მედიისა და ინტერნეტის განვითარებასთან, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებულ კანონშემოქმედებით პროცესში. ინსტიტუტის ექსპერტები საკუთარ მოსაზრებებსა და საკანონმდებლო წინადადებებს სთავაზობენ ხელისუფლებასა და ფართო საზოგადოებას.

IDFI აქტიურად იყო ჩართული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგიის შექმნაში. გეგმის სწორად იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს პროცესის ადვოკატირებას, ჯერ კიდევ აქტუალური გამოწვევების შეფასებას, კვლევითი ღონისძიებების, ინტენსიური შეხვედრებისა თუ დისკუსიების გამართვის საფუძველზე [3].

მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით IDFI აქტიურად იყო ჩართული „ღია მმართველობის პარტნიორობა — საქართველოს“ (OGP) 2014-2015, 2016-2017 და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი „ღია მმართველობა-საქართველოს“ ფორუმის [4] თანათავმჯდომარეა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. გიორგი კლდიაშვილი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობას იღებს არაერთ საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც ღია მმართველობას და მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას ეხება [5].

კვლევითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IDFI-ის ექსპერტები იკვლევენ ინფორმაციის თავისუფლების, ელ-მმართველობის, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის, სახელმწიფო მმართველობის, საჯარო ადმინისტრირებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა სექტორების განვითარების პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებს. განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევებს, სტატიებსა და სახელმძღვანელოებს. ამ დროისათვის ინსტიტუტის სპეციალისტებს დაგროვილი აქვთ გამოცდილება შემდეგი მიმართულებით: ინფორმაციის თავისუფლება; კარგი მმართველობა; საჯარო პოლიტიკა და სამოქალაქო ჩართულობა; ელ-მმართველობა; ინტერნეტის განვითარება, გამოხატვის თავისუფლება და ონლაინ აქტივიზმი; მედიის თავისუფლება; ეკონომიკა; სოციალური პოლიტიკა.

ცნობიერების ამაღლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IDFI ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობასაც. კერძოდ, სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, საჯარო მოხელეებისა და ფართო საზოგადოების სხვა წევრებისთვის ინსტიტუტი მუდმივად მართავს ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, დისკუსიებსა და სხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიებს (როგორიცაა ფლაერების გავრცელება, ვიდეო-რგოლების მომზადება, ბლოგ-პოსტების გამოქვეყნება და ა. შ.)

ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს, სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებს ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით. ინსტიტუტი საკუთარ აქტივობებს რეგიონებშიც ახორციელებს და მიმართულია რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და მათ ინფორმირებულობაზე, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონის ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ბლოგერებისთვის ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოების ტექნიკებისა და ადვოკატირების პროექტების მართვის შესახებ.

IDFI ქვეყნის მასშტაბით არაერთი შეხვედრა და სემინარი გამართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ, როგორც დამოუკიდებლად, ისე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

ორგანიზაციამ 2014 წელს ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განახორციელა პროექტი"სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 — სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" [6] რომლის ფარგლებში ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის არაერთი ღონისძიება ჩატარდა, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და მისი წარმატების ინდიკატორების, ასევე სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას[7].

არქივების გამჭვირვალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო არქივების ღიაობისა და დოკუმენტური მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ინსტიტუტის მკვლევარები საარქივო და სხვა წყაროებზე დაყრდნობით აწყობენ გამოფენებს, აგროვებენ ფოტო და დოკუმენტურ მასალებს, იწერენ ზეპირ ისტორიებს, აქვეყნებენ კვლევებსა და პუბლიკაციებს. ამ მიმართულების ფარგლებში ორგანიზაცია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ არქივთან, მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებთან.

ორგანიზაციამ მოამზადა ნაშრომი 1937-38 წლების მასობრივი დახვრეტის ადგილების შესახებ; შექმნა 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტების დამუშავებული კოლექცია პროექტის „ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა“, ფარგლებში კი განახორციელა საქართველოს უახლოესი ისტორიის (1989-1991 წლები) მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენების ანალიზი. გამართა გამოფენები სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, რომელიც მოძიებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოება „მემორიალის“ ასევე, რეპრესირებულთა საოჯახო არქივებში.

მონაცემთა ბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Opendata.ge დაარქივებული 2015-12-31 საიტზე Wayback Machine. — სამოქალაქო კონტროლის მიზნით შექმნილი საჯარო ინფორმაციის ყველაზე მოცულობითი ონლაინ რესურსების ბაზაა საქართველოში. Opendata.ge 2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. ხოლო 2014 წლიდან ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით, Opendata.ge გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან პორტალად და აერთიანებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსა (TI-G) და ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ მოთხოვნილ და მოპოვებულ საჯარო ინფორმაციას.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზაში მოცემულია ორასზე მეტი საჯარო დაწესებულების, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ასევე ის ელექტრონული მისამართები, რომლებზეც შეგიძლიათ მოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, ბაზაში მითითებულია საჯარო დაწესებულებების მისამართები, ვებ-გვერდები და ლოგოები (არსებობის შემთხვევაში).

IDFI-ის ბლოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. ბლოგზე რეგულარულად თავსდება საჯარო ინფორმაციის ანალიზი, ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ.

ღია მმართველობის პარტნიორობა ბლოგზე ქვეყნდება სიახლეები "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამოქმედი გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ. თავსდება ინფორმაცია როგორც მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების, ასევე მთავრობის სამომავლო გეგმების შესახებ ღია მმართველობის, გამჭვირვალობის და სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად.

ელექტრონული ჩართულობა საქართველოში რეგულარულად თავსდება პოსტები, სტატიები საქართველოსა და მსოფლიოში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მონაწილეობის განვითარების უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა და ამ სფეროში დანერგილი სხვადასხვა სიახლის შესახებ. ბლოგზე წარმოდგენილია კვლევის პროცესში აღმოჩენილი პრობლემები და მიღწევები.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა 2013 წელს ლონდონში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა[8].
  • IDFI-ს მონაცემები შესულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ [9]
  • IDFI საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გახდა[10]
  • IDFI-ის დირექტორი ღია მმართველობა პარტნიორობის ფორუმის თანათავმჯდომარედ შეირჩა (საქართველო)
  • IDFI-ს მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა ახალი აქტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
  • შექმნა პლატფორმა ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად [11]
  • IDFI-ს მხარდაჭერისა და ადვოკატირების შედეგად, საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობა პარტნიორობას შეუერთდა
  • გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვედრაში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)
  • IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი სიტყვით გამოვიდა OGP-ს ევროპის რეგიონულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა
  • IDFI გახდა Freedom House-ს კონტრიბუტორი საქართველოს შესახებ
  • OpenData.ge საერთაშორისო კვლევაში FOI პლატფორმების შესახებ მოიხსენიეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმა
  • IDFI-მ ჩაატარა საქართველოში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი ახალი სოციალური და ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ
  • IDFI-იმ შეიმუშავა თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფცია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ხარჯები – 2013. IDFI. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2015.
  2. პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2013 წლის ხარჯები. IDFI. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2015.
  3. IDFI-ის კვლევა: ადგილობრივი საეთერო მაუწყებლების მიგრაცია ციფრულ საეთერო პლატფორმაზე - მდგომარეობის ანალიზი და გამოწვევები. Media.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2015.
  4. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-02. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2015.
  5. The OGP Policy on Upholding the Values and Principles of OGP adopted, and other highlights of last week’s OGP events. The OGP Cvili Society Hub. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-05. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2015.
  6. გიორგი ხიშტოვანი სტრატეგიული დოკუმენტის 2020-ის შესახებ. რადიო "თავისუფლება". ციტირების თარიღი: 5 მარტი 2015.
  7. სტრატეგიული დოკუმენტი 2020. in2k20.com. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2015.[მკვდარი ბმული]
  8. #OGP13 Summit Bright Spots, Giorgi Kldashvili, IDFI, Georgia. Open Government Partnership. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2015.
  9. ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ 2014. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2015.
  10. ანტიკორუფციული საბჭო. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-07. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2015.
  11. freedom to internet. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2015.