შინაარსზე გადასვლა

ივანე პოლტორაცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (დ. 1836 — გ. 11 სექტემბერი, 1892) — პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე.

პოლტორაცკები წარმოშობით პოლონეთიდან იყვნენ. გრაფი ეგნატე პოლტორაცკი რუსეთის იმპერატორის სამსახურში იდგა, ამიტომ მისი ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკაბრისტულ მოძრაობაში, ამიტომ ქუთაისის გუბერნიაში გადაასახლეს. იქ მან შეირთო ზედგენიძის ასული, რომლისგან ორი ვაჟი, სიმონი და ივანე შეეძინა.

ივანე პოლტორაცკიმ მიიღო ქართული განათლება; დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. მსახურობდა თბილისში მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ნოტარიუსად. ახლოს იყო ილია ჭავჭავაძესთან; მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „საქართველოს მოამბის“ დაარსებაში. ილიამ მას მიუძღვნა პოემა „აჩრდილი“. სიმონ პოლტორაცკი პეტერბურგში ცხოვრობდა, იურისტად მუშაობდა და იქაურ ქართულ სათვისტომოს მატერიალურად ეხმარებოდა. ივანე პოლტორაცკიმ პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ნადეჟდა (ნადო) გაბაშვილზე. ის გაბაშვილების ცნობილი ოჯახიდან იყო, რომელიც ზემელზე ცხოვრობდა. მისი და მარიამ გაბაშვილი ცნობილი პიანისტი და პირველი პროფესორი ქალი იყო საქართველოში. გაბაშვილები ფლობდნენ ოქროყანის მამულებს. მათ იქ ორი აგარაკი ჰქონდათ, ზემო და ქვემო. ზემო აგარაკის ორსართულიანი სახლი გადასცეს სოფლის მოსახლეობას სკოლისთვის. მოგვიანებით სკოლამ პოლტორაცკის სიძის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელი შეიძინა. პოლტორაცკებმა 1890 წელს ოქროყანის ნაწილი, დღევანდელი თბილისის ფუნიკულიორის ტერიტორია ბელგიურ კომპანიას გადასცეს იჯარით, რომელმაც ფუნიკულიორი გაიყვანა.

ივანე პოლტორაცკის რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ივანე პოლტორაცკი გარდაიცვალა 1892 წლის 11 სექტემბერს; დაკრძალულია ოქროყანაში.

პოლტორაცკის პირველი ვაჟი, ილია იყო ილია ჭავჭავაძის ნათლული. მან განათლება საფრანგეთში მიიღო. პროფესიით სამთო ინჟინერი იყო, შემდეგ კი ერთ-ერთ ბანშკი მუშაობდა. გარდაიცვალა პარიზში, მემკვიდრე არ დარჩენია. ნადო გაბაშვილთან ივანე პოლტორაცკის ექვსი შვილი შეეძინა: ნინო, ელენე, ანა, სოფიო, ეკატერინე, ალექსანდრე. უფროსი ქალიშვილი ნინო (1869–1931) იყო მეუღლე ექვთიმე თაყაიშვილისა. ნინო პოლტორაცკაია გარდაიცვალა ლევილში (საფრანგეთი) და იქვე იყო დაკრძალული, თუმცა 1987 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, 2000 წელს კი — ექვთიმე თაყაიშვილის გვერდით, მთაწმინდის პანთეონში.

  • ჯავახიშვილი, ნიკო. ექვთიმე თაყაიშვილის წინაპრები და ოჯახური გარემო // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი: შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-9970. - [ტ.] IV. - გვ.285-296. - შენიშვნ.. - რეზ. ინგლ. ენ.
  • ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული გვ. 283-286 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2007, ISBN 978-99940-852-0-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]