თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი)
თისელის ღვთისმშობლის ეკლესია | |
თისელის ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°42′38″ ჩ. გ. 43°14′01″ ა. გ. / 41.7107667° ჩ. გ. 43.2338500° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
დეტალები
|
თისელის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1-1,5 კმ-ს მოშორებით. სავარაუდოდ, მონასტრის გაუქმების შემდეგ მისი მიმდებარე ტერიტორია სოფლის სასაფლაომ დაიკავა. ტაძარი სტილისტური ნიშნებით XIV-XV საუკუნეთა მიჯნით თარიღდება.
ძეგლი მოინახულა გრაფინია პ. უვაროვამ XIX საუკუნის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა 1902 წლის ექსპედიციის დროს.
თისელის ღვთისმშობლის ეკლესიას, 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუმბათიანი ტაძრის გეგმა გარედან უმნიშვნელოდ წაგრძელებული სწორკუთხედია (10,7X11,8 მ.). შესასვლელი სავარაუდოდ ორი იყო — ერთი დასავლეთიდან და მეორე სამხრეთიდან, კედლის შუა ნაწილში განგრეული ღიობის ადგილზე. დასავლეთის კედელი თითქმის მთლიანად ჩამოშლილია და კარის წირთხლის მხოლოდ კვალი იკითხება. ტაძრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი, ისევე როგორც ეს სამცხის ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი, დამოკლებულია. გუმბათი აფსიდის მხრებსა და ორ თავისუფლად მდგომ სვეტზეა აღმართული. საკურთხეველი სამნაწილიანია, განიერი პასტოფორიუმები აღმოსავლეთის აფსიდებითა და თაღითაა გახსნილი დარბაზის შიდა მხარეს, სამკვეთლო დამატებითი კარით უშუალოდ საკურთხეველსაც უკავშირდება.
ტაძარი ქვიშაქვის დამუშავებული კვადრებით იყო მოპირკეთებული. დღეს კვადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია, ნაწილი გაზიდული, ქვის ბუდეებით თუ ვიმსჯელებთ, ფასადების ამოყვანისას ოსტატი წყობის ჰორიზონტალურ რიგებს საგულდაგულოდ იცავდა. ტაძრის კედლებს არაერთი გადაკეთების და გადაწყობის კვალი ეტყობა, შესაძლოა აქ ადრე არსებული ეკლესიის ნაწილიც იყოს გამოყენებული (მაგალითად აღმოსავლეთით საკურთხევლის ნაწილი), გადაკეთება აღმოსავლეთის ფასადს ნათლად ეტყობა. შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის ზედა ნაწილი ორმაგი გლუვლილვიანი თავსართით (ეს ფრაგმენტი ერთ-ერთი გვაინდელი გადაკეთებიდან უნდა იყოს შემორჩენილი). შიდა მხარეს გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა ქვის წყობით ამოყვანილი აფრებითაა, მათ ზემოდან საკმაოდ მასიური ლილვი შემოუყვება. შიდა მხარეს გუმბათის ყელში თლილი ქვის ხუთრიგიანი წყობაა შემორჩენილი. გუმბათის ყელი თავდაპირველად გარედანაც წრიული მოხაზულობისა ყოფილა, მის ქვედა ნაწილში გათლილი ქვიშაქვის კვადრების ორი რიგია შემორჩენილი, ზემოთ შეწყვილებული ლილვებია, ხოლო მის თავზე ასევე თლილი ქვით განახლებული გუმბათის ყელის რვაწახნაგა გეგმაზეა გადასული. დღეს გუმბათის ყელის შემორჩენილი მასა აგურითაა აღდგენილი. გვიანდელი აღდგენისას ყელი რვაწახნაგაა ოთხი სარკმლით. საკურთხეველსა და კონქს ნათლად ეტყობა აგურით აღდგენა. ინტერიერშიც მოპირკეთება შედარებით უხეშად გათლილი ქვისაა. სვეტები და პილასტრები სადა, მარტივი კაპიტელებითაა დასრულებული.
ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრებით თისელის ორივე ეკლესია ერთი კომპლექსის ნაწილს შეადგენდა. თისელის მონასტრისათვის აღაპები გაღებული ჰქონდათ სამცხის ათაბაგებს[2].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- «Материалы по археологии Кавказа». т. 4
- «Материалы по археологии Кавказа». т. 12
- გ. მარსაგიშვილი, „თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი)“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 628-633
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9412
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-18.
- ↑ M. Brosset, „Chronique Georgiene“. Paris, 1831, p. 113-128