შინაარსზე გადასვლა

თიბისი ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თიბისი ბანკი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი საბანკო-საფინანსო
დაფუძნდა 1992
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა
სუფთა მოგება 75 მილიონი აშშ დოლარი[1]
თანამშრომელი 4,275
შვილობილ(ებ)ი Bank Constanta, TBC Kredit, TBC Leasing, TBC Invest, TBC Broker, Real Estate Management Fund, TBC Pay, UFC, BSSC
საიტი tbcbank.ge

თიბისი ბანკი — ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.[2]

შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 4,000 ადამიანი. ბანკი, ძირითადად, საქართველოში აწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი - აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში და ბანკი კონსტანტა – საქართველოში, საერთო ჯამში 119 ფილიალით, 332 ბანკომატით და 2,779 პოს-ტერმინალით, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch („JPMorgan“) და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. („Ashmore“), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენი 7% მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.[2]

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch Rating Agency and Moody’s Investor Services აწარმოებენ ბანკის ყოველწლიურ შეფასებას. მიმდინარე რეიტინგებია BB- (გრძელვადიანი IDR)/ B (მოკლევადიანი IDR) მინიჭებული Fitch-ის მიერ და B1 (FC)/ Ba3 (LC) მინიჭებული Moody’s-ის მიერ. უახლესი შეფასებები ჩატარდა 2013 და 2012 წლებში. 2012 წლის ივლისში Fitch-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’ საფეხურიდან ‘BB-’ საფეხურამდე აამაღლა, „სტაბილური“ პროგნოზით. ამავე დროს, სააგენტომ ბანკის მდგრადობის რეიტინგი (VR) ‘b+ საფეხურიდან ‘bb-’ საფეხურამდე გაზარდა. მანამდე, 2011 წელს, სააგენტო Moody’s-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B3 საფეხურიდან B1 საფეხურამდე, ხოლო მისი ფინანსური პოტენციალის რეიტინგი (E+)-დან (D-)-მდე აამაღლა.

სახელი, თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან – თბილისის ბიზნეს ცენტრი – არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა.[3]

ფინანსური მონაცემები/ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თიბისი ბანკის სათაო ოფისი თბილისში

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად ჩატარებული აუდიტის კონსოლიდირებული შედეგები აშშ დოლარში (მლნ)[4]

საბალანსო უწყისის მონაცემები
2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003 2002
ჯამური აქტივები 4,451 3,900 1,976 1,279 1,031 1,159 1,068 557 333 215 126 90
წმინდა სესხები 2,802 2,370 1,203 779 586 773 709 343 206 116 70 48
კლიენტთა ანაბრები 2,887 2,487 1,197 770 588 507 490 322 212 156 93 64
სააქციო კაპიტალი** 729 604 281 213 194 154 197 71 56 33 22 14
წმინდა მოგება/(ზარალი) 124 98 55 28 2 -35 20 13 19 9 7 5

** მოიცავს აქციების არასაკონტროლო (მინორიტარულ) პაკეტს

წარმატების საფუძველი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის ისტორია 1992 წელს დაიწყო, როდესაც ორმა ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკი დააფუძნა. მისი საწყისი კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა – სწორედ იმდენს, რამდენიც საჭირო იყო ბანკის დაფუძნებისთვის საქართველოში გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში.

1993 წლის 20 იანვარს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა („სებ“) ლიცენზია (ზოგადი საბანკო მომსახურების ლიცენზია #85) გასცა, ხოლო 1993 წლის მაისში ბანკს კიდევ ერთი ლიცენზია მიენიჭა, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო ტრანზაქციების წარმოებას.

დამფუძნებლებმა ბანკი მათი საკუთარი კომპანიის – თბილისის ბიზნეს ცენტრის – მეშვეობით შექმნეს, რომელიც რამდენიმე საცალო სავაჭრო საწარმოს მოიცავდა. იმ დროისათვის, საქართველოს საბანკო სექტორი მუშაობდა მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ნდობა ბანკების მიმართ უაღრესად დაბალი იყო, რაც შედეგად მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლასა და შემდგომ მომხდარ სამოქალაქო ომს. ეროვნული ბანკის რეგლამენტმა, რომელიც მხოლოდ 500 აშშ დოლარს მოითხოვდა ბანკის დასაფუძნებლად, ბევრს შეუქმნა ბანკის დაფუძნებისა და ამუშავების შესაძლებლობა. შედეგად, დაფუძნდა ოთხასზე მეტი ბანკი, რომელსაც არავითარი საბანკო ისტორია არ გააჩნდა და რომლის მიმართ ნდობის ფაქტორი დაბალი იყო. აქედან გამომდინარე, დამფუძნებლებმა, იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესისათვის უსაფრთხოდ განეხორციელებინათ საერთაშორისო ტრანზაქციები და, ასევე, სხვებისთვისაც შეემქნათ ასეთი შესაძლებლობა, გადაწყვიტეს ბანკის დაფუძნება. ბანკის მფლობელებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, გადაწყვიტეს, დაფუძნების პირველი დღიდანვე შეექმნათ ისეთი ბანკი, რომელიც ყველასგან გამორჩეული იქნებოდა უპირველეს ყოვლისა, პერსონალით, რომელიც შედგებოდა ნოვატორული და ერთგული ახალგაზრდა, 27 წლის საშუალო ასაკის მენეჯმენტისგან. ბანკის სამიზნე კლიენტთა ჯგუფს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობის კომპანიები და ახალგაზრდა ბიზნესმენები. ბანკის მფლობელების ერთგულება, ასევე, აისახა აქციონერებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში, რომელიც ითვალისწინებდა მომავალი 10 წლის განმავლობაში მიღებული მოგების რეინვესტირებას და კონცენტრაციას მხოლოდ ბანკის გაფართოებასა და განვითარებაზე.

1995 წელს ბანკს ჰყავდა 1 ფილიალი და 29 თანამშრომელი, ხოლო ჯამური აქტივები შეადგენდა 1,4 მლნ აშშ დოლარს. ვახტანგ ბუცხრიკიძე, რომელმაც ბანკში 1993 წელს დაიწყო მუშაობა, 1995 წელს დანიშნეს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, იგი დღემდე ამ პოზიციაზეა.

თიბისი ბანკი თავიდან მთლიანად კორპორატიულ სეგმენტზე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე იყო ორიენტირებული. ბანკის სწრაფვამ, მიეღო ცოდნა და გამოცდილება უცხოური დაწესებულებებისგან და, შედეგად, მისმა შესამჩნევად მზარდმა პოზიციამ ბაზარზე, საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG) მხრიდან დაინტერესება გამოიწვია, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის რეგიონის დაფინანსებაში ოთხმოცდაათიან წლებში. აღნიშნულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ბანკს დახმარება გაუწიეს ინტენსიური სატრეინინგო და საკონსულტაციო პროგრამების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში, რისკების მენეჯმენტში, ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ადამიანური რესურსების მართვასა და სტრატეგიის შემუშავებაში. ტექნიკური დახმარების პროექტებთან ერთად, 1996 წლიდან, ისინი ბანკს აძლევდნენ გრძელვადიან საკრედიტო ხაზებს კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის, საცალო სექტორში იპოთეკური სესხების გაცემისთვის, ასევე სუბორდინირებულ სესხებს მეორადი კაპიტალის შესავსებად და სესხებს სხვა მიზნობრიობებით.

1998 წელს, თიბისი ბანკმა ექსპორტ/იმპორტის საფინანსო ოპერაციების განხორციელება დაიწყო საქართველოში ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) პირველი საფინანსო დაწესებულება იყო, რომელმაც თიბისისთან გააფორმა ხელშეკრულება აკრედიტივების ხელშეწყობის პროექტის შესახებ. ამის შემდეგ, თიბისი ბანკმა ინტენსიურად დაიწყო მუშაობა ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებზე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კომერციულ ბანკებთან და სავაჭრო სფეროს დასაფინანსებელი სესხები მოიზიდა შემდეგი კომპანიებისგან: BSTDB, ADB და IFC.

ამ პერიოდისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინტერესი იმდენად გაიზარდა თიბისი ბანკის მიმართ, რომ 2000 წლის მაისში კომპანიებმა IFC და DEG ბანკის სააქციო კაპიტალი შეიძინეს, თითოეულმა 10%, რაც წარმოადგენდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პირველ მონაწილეობას კომპანიის სააქციო სტრუქტურაში.

2002 წელს ბანკის მდგრადი განვითარება აისახა მის ეფექტიანობაზე, როდესაც მან უკან ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი და ქვეყნის უმსხვილესი ბანკი გახდა აქტივებისა და საკრედიტო პორტფელის მიხედვით.

2004 წლის იანვარში, ბანკის შვილობილმა კომპანიამ, თიბისი ლიზინგმა დაიწყო მუშაობა.

2005 წელს თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი გაიხსნა თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც ქალაქის არქიტექტურულ ძეგლთა სიაში შედიოდა. მას შემდეგ, სათავო ოფისი უამრავ ბიზნეს, კულტურულ და მუსიკალურ ღონისძიებას მასპინძლობს.

საცალო საბანკო მომსახურების სეგმენტის განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის აქტიური დაინტერესება საცალო საბანკო მომსახურების სეგმენტით 2006 წელს დაიწყო. ამ პერიოდისთვის ბანკი უკვე მასშტაბურად იყო წარმოდგენილი მცირე და საშუალო და კორპორატიულ სეგმენტზე , საკმაოდ ინტენსიური მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ თიბისი ბანკმა დაიწყო კიდევ უფრო სრულყოფილი პროდუქტებისა და მომსახურებების შემუშავება საქართველოს საცალო სეგმენტისათვის და 2007 წელს, ამ სეგმენტის მიმართ ახალ მიდგომას ჩაუყარა საფუძველი. პროექტი განხორციელდა მარკეტინგული კომპანიის – BBDO და საკონსულტაციო ფირმის – SENTEO – მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებდა ბრენდის პოზიციონირებას საცალო კლიენტებისთვის, ფილიალების ახალი კონცეფციის შექმნას, პროდუქტების შესაბამის დაკომპლექტებას, პროდუქტების პორტფელების სტრუქტურირებას, საოპერაციო მოდელისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ოპტიმიზებას და გაყიდვებსა და მომსახურებაზე ორიენტირებული პერსონალის კულტურის შემუშავებას.

2007 წლის დეკემბერში, საცალო სეგმენტის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, თიბისი ბანკმა გახსნა და კლიენტებს შესთავაზა საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისად დაპროექტებული, ახალი ტიპის 23 დამატებითი ფილიალი, 3 სერვის-ცენტრი და 80 ბანკომატი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პროექტმა საფუძველი ჩაუყარა ბანკის სტაბილურ ლიდერობას საქართველოს საცალო დეპოზიტების სეგმენტში 2006 წლიდან.

გეოგრაფიული ზრდა კავკასიის რეგიონში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის შემოდგომაზე, თიბისი ბანკმა SOA Kredit-ის სააქციო კაპიტალის 75% შეიძინა, რომელიც დღეს ოპერირებს TBC Kredit-ის სახელით. SOA Kredit-ი, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია იყო, რომელიც 1999 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის საფინანსო მომსახურებების ბაზარზე, მისი დამფუძნებელი ამერიკული ბანკი Shore Capital-ია, რომელიც დღესაც ფლობს აქციების 25%-ს. ეს იყო თიბისი ბანკის პირველი ინვესტიცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო ამჟამად, თიბისი ბანკი ერთადერთი უცხოური ბანკია, რომელსაც აქვს კლიენტებისათვის სესხის გაცემის უფლება აზერბაიჯანში.

ურთიერთობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს, ბანკის აქციონერები, ასევე გახდნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა: EBRD, FMO, JP Morgan და Ashmore. საკმაოდ რთული და კომპლექსურიტრანზაქციის მეშვეობით ბანკმა მოიზიდა 170 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა, საიდანაც 40,0 მლნ და 44,0 მლნ აშშ დოლარი გამიზნული იყო პირველადი და მეორადი კაპიტალის შესავსებად. ბანკის აქციების პროცენტული წილი, რომელსაც ქართველი აქციონერები ფლობდნენ, 78,5%-დან 35,0%-მდე შემცირდა აღნიშნულ პროცესში მათი აქციების ნაწილობრივი გაყიდვის შედეგად.

ახლა, როდესაც ბანკის სააქციო კაპიტალის სტრუქტურაში ოთხი საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებაა, კორპორატიული მმართველობა იზრდება და სულ უფრო სრულყოფილი ხდება. თითოეულ საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებას მიენიჭა საზედამხედველო საბჭოში მისი წარმომადგენლის დასახელების უფლება. ამან გაზარდა ბანკის კორპორატიული მართვის გამჭვირვალობა, რადგან საბჭოს 7 წევრიდან 4 დასახელებული იყო EBRD, IFC, DEG და FMO-ს მიერ. საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებები განაგრძობდნენ მხარდაჭერას ტექნიკური დახმარების რიგი პროექტებისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით.

მიკრო სეგმენტის ათვისება და გაფართოება ისრაელში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის შესვლა მიკროსაფინანსო სეგმენტში პირველად 2007 წელს დაიწყო აზერბაიჯანში თიბისი კრედიტის შეძენით. ბანკის მომსახურება კონცენტრირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და საბანკო პრაქტიკის გაუმჯობესებაზე შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე პირებისათვის აზერბაიჯანში. ამ სტრატეგიას თან მოჰყვა ოპერაციების განხორციელება მიკროსაფინანსო სეგმენტში ახლად შეძენილი შვილობილი კომპანიის – ბანკი კონსტანტას – მეშვეობით, რომელიც მხოლოდ მიკროსაფინანსო სეგმენტზე იყო ორიენტირებული საქართველოში. აღნიშნული პროცესი დასრულდა 2011 წლის მაისში, რის შემდეგაც თიბისი ბანკმა კარგი პოზიციები დაიკავა საქართველოს რეგიონებში და სოფლებში, სადაც მისი შვილობილი კომპანიის 25 ფილიალია განლაგებული.

ბანკი კონსტანტას შეძენა თიბისის მხრიდან სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენდა, ვინაიდან ის შევიდა მომგებიან მიკრო სეგმენტში მიმზიდველი სპრედებითა და მაღალი რენტაბელობის პოტენციალით.

კორპორატიული საბანკო მომსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკი მეორე ბანკია საქართველოში კორპორატიული სესხებისა და ანაბრების პორტფელის და, ასევე, კლიენტთა რაოდენობის მიხედვით. აღნიშნულ სეგმენტში ბანკი ემსახურება 1,319 კლიენტს, 6,010 კორპორატიული საანაბრე ანგარიშით და 563 გაცემული სესხით. ბანკი კორპორატიულ ბიზნეს სექტორს, რომლის კლიენტები დაჯგუფებულია 21 დარგობრივ სექტორში , ინდივიდუალურ საფინანსო გადაწყვეტებს სთავაზობს. თიბისის განსაკუთრებით მძლავრი კორპორატიული საბანკო წარმომადგენლობა აქვს მომსახურების, უძრავი ქონების, ნავთობისა და გაზის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ემსახურება რიგ დარგებს, მისი მთავარი მომხმარებლები არიან ენერგეტიკის, სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურებების, ნავთობისა და გაზის, კვების პროდუქტებისა და სასმელების და სამშენებლო დარგები. კორპორატიული საბანკო მომსახურება, თავის მომხმარებელს სთავაზობს დისტანციურ საბანკო მომსახურებებს, მათ შორის ინტერნეტ-ბანკინგს, ბანკი-კლიენტს და სატელეფონო მომსახურების ცენტრებს.

ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურება მოიცავს სესხების გაცემას, ანგარიშებსა და ვადიან ანაბრებს, უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციებს, ვაჭრობის დაფინანსებას და ესქრო ანგარიშებს. საბროკერო და სალიზინგო მომსახურებებს, ბანკი მომხმარებელს სთავაზობს შვილობილი კომპანიების – თიბისი ბროკერისა და თიბისი ლიზინგის – მეშვეობით. ჯგუფს ისტორიულად გააჩნია მტკიცე კორპორატიული საბანკო ქსელი, საქართველოს ბევრ ლიდერ კორპორაციასთან დამყარებული ურთიერთობებისა და მისი მძლავრი სადეპოზიტო ბაზის საფუძვლად. ბანკი მომხმარებლებს კორპორატიულ საბანკო მომსახურებებსა და პროდუქტებს სთავაზობს თბილისში არსებული სათავო ოფისში და ფილიალებში და, ასევე, ინტერნეტ-ბანკისა და თბილისში არსებული სატელეფონო მომსახურების ცენტრების მეშვეობით. ამჟამად, ბანკის კორპორატიული საბანკო ტრანზაქციების 81% ელექტრონული არხების მეშვეობით სრულდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოში მეორე უმსვილესი ბანკია კორპორატიული (მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის) სესხებისა და ანაბრების მიხედვით, საბაზრო წილით 28% და 26% - 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ჯგუფი მის კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებს, მათ შორის:

  • უცხოური ვალუტის გაცვლის მომსახურებებსა და დერივატივებს
  • ელექტრონულ გადარიცხვებს
  • ბიზნეს საკრედიტო ბარათებს
  • სახელფასო მომსახურებებს
  • ვაჭრობის დაფინანსებას
  • ფულადი საშუალებების ინკასოსა და ტრანსპორტირებას
  • პირდაპირ დებეტს
  • ესქრო ანგარიშებს

საცალო საბანკო მომსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკი წამყვანი ბანკია საქართველოს საცალო საბანკო მომსახურების სექტორში. ინარჩუნებს რა ლიდერის პოზიციას საცალო ანაბრების ბაზარზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თიბისი ბანკი ფლობს 33% საბაზრო წილს ამ სექტორში. ბანკი ფართოდაა წარმოდგენილი მთელს ქვეყანაში 114 ფილიალით (მათ შორის ბანკი კონსტანტას 56 ფილიალი), 332 ბანკომატით (მათ შორის ბანკი კონსტანტას 46 ბანკომატი) და 2,779 პოს-ტერმინალით.

ბანკი ემსახურება თითქმის 800,000 საცალო მომხმარებელს, მათ შორის VIP კლიენტებს, სტატუს კლიენტებს (პერსონალური ბანკინგი) და სხვა, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირებს. საცალო კლიენტებს ბანკი სთავაზობს სხვადასხვა მრავალარხიან შესაძლებლობას, მათ შორის ინტერნეტ-ბანკინგს, SMS ბანკინგს, TBC Pays (გადახდის ტერმინალებს) და სატელეფონო მომსახურების ცენტრს.

თიბისი ბანკმა შეიმუშავა დივერსიფიცირებული საცალო საბანკო პროდუქტების კომპლექტი, მათ შორის ტრადიციული და ინოვაციური მომსახურებები, რომელთა მიზანია მისი კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილება. ჯგუფი კლიენტებს პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს მისი საფილიალო ქსელისა და ელექტრონული არხების მეშვეობით. მენეჯმენტს სწამს, რომ მძლავრი ბრენდი და რეპუტაცია გააჩნია კლიენტებს შორის, მისი მომსახურების სტანდარტების, მისი ფილიალების დიზაინისა და მისი კვალიფიცირებული და მომზადებული პერსონალის წყალობით.

ბანკი საცალო კლიენტებს სთავაზობს ასევე სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებს, მათ შორის:

  • VIP მომსახურებას
  • თიბისი სტატუსს
  • სადებეტო ბარათებს
  • საკრედიტო ბარათებს
    • თიბისი პრაიმ ბარათს
    • თიბისი ბარათს
    • განვადების ბარათს
  • პირდაპირ სადებეტო და მუდმივ დავალებებს
  • უცხოურ ვალუტას
  • ფულის გადარიცხვას

მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების სექტორში, თიბისი ბანკი გთავაზობთ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და პროდუქტების ფართო ასორტიმენტს საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში. ემსახურება რა თითქმის 33,000 კლიენტს და 56,000 ანგარიშს, ბანკი საკუთარ გამოცდილებას სთავაზობს კლიენტებს სამომხმარებლო პროდუქტებსა და მომსახურებებში, უძრავი ქონების, ჯანდაცვის სისტემის, მშენებლობისა და სხვა მნიშვნელოვან დარგებში. 2013 წელს, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელის ზრდამ მიაღწია 33%-ს, ხოლო დეპოზიტების პორტფელის ზრდამ – 59%-ს.

ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ეფექტიანი საფინანსო გადაწყვეტების შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის მისი დივერსიფიცირებული პროდუქტების ასორტიმენტის მეშვეობით; ბანკი მუდმივად ამუშავებს ახალ პროდუქტებსა და მომსახურეობებს ამ კლასის კლიენტებისათვის. მენეჯმენტი თვლის, რომ მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ბირთვია ზრდის პოტენციალის მაღალი დონით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არ აქვეყნებს საბაზრო მონაცემების შედარებებს მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტისათვის, მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნულ სეგმენტში, როგორც მისი სესხისა და ანაბრების პორტფელის, ისე მისი კლიენტების რიცხვის თვალსაზრისით. 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკს ჰყავს დაახლოებით 47,000 მცირე და საშუალო ბიზნეს-კლიენტი, აქვს 98,000 მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტის ანგარიში და 2,644 სესხი მცირე და საშუალო ბიზნეს-კლიენტებისათვის.

ჯგუფის მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურების საქმიანობა მძლავრადაა წარმოდგენილი სხვადასხვა დარგში, მათ შორის მომსახურების, უძრავი ქონების, მშენებლობის, სასურსათო და სამომხმარებლო პროდუქტებისა და საავტომობილო ვაჭრობის დარგებში.

მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტის კლიენტებს ჯგუფი, ასევე, სთავაზობს უამრავ სხვა პროდუქტსა და მომსახურებას, მათ შორის:

  • უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციებს
  • ელექტრონულ გადარიცხვებს
  • ბიზნეს ბარათებს
  • სახელფასო მომსახურებებს
  • ვაჭრობის დაფინანსებას
  • ფულადი საშუალებების ინკასოს
  • ფულის გადარიცხვებს
  • პირდაპირ დებეტს

მიკრო საფინანსო საბანკო მომსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მაისში ბანკი კონსტანტას შეძენის შემდეგ, თიბისიმ შეაღწია მაღალი სპრედებისა და რენტაბელობის პოტენციალის მქონე ამ სექტორშიც.

თიბისის ხელშეწყობით ბანკი კონსტანტას 56 ფილიალის ქსელმა ქვეყნის ფარგლებში და კლიენტთა სტაბილურად მზარდმა ბაზამ დაახლოებით 162,000 ანგარიშით, მისი სესხის პორტფოლიოს 38% ზრდა განაპირობა 2013 წელს.

კონსტანტას ფილიალები გაფანტულია საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში, რომლებშიც სხვა ბანკები ფართოდ არ არის წარმოდგენილი. თიბისის მიკრო-საფინანსო სეგმენტი ამჟამად შეადგენს სასესხო პორტფელის 7%-ს და ანაბრების (კლიენტთა ანგარიშების) 0,2%-ს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ მიკრო-საფინანსო ბაზარს მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი გააჩნია და, შესაბამისად, მიკრო-დაფინანსება, თავის დროზე, ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად იქცევა.

2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლიენტთა დაახლოებით 162,000 ანგარიშით და მიკრო-საფინანსო კლიენტებისათვის გაცემული 70,000 სესხით, მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ კონსტანტა არის საქართველოში მეოთხე უმსხვილესი მიკრო-საფინანსო ბანკი, 10,1% საბაზრო წილით მიკრო-საფინანსო სესხების სეგმენტში, ჯგუფის შიდა მონაცემების თანახმად.[5]

ბანკი კონსტანტა კომერციულ საქმიანობას საკუთარი სახელით განაგრძობს, თუმცა, ჯგუფი გეგმავს, 2013 წლიდან, განახორციელოს ბანკი კონსტანტას პროდუქტებისა და მომსახურებების ინტეგრირება საკუთართან და, ასევე, საქმიანობებს შორის პოტენციური დანაზოგებისა და სხვა ერთობლივი ძალისხმევის შედეგების შეფასებას.

მიკრო-საფინანსო კლიენტებს ჯგუფი, ასევე, სთავაზობს რიგ სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებს, მათ შორის:

  • მცირე სესხებს
  • ბიზნეს სესხებს
  • სოფლის მეურნეობის სესხებს
  • სეზონურ სესხებს
  • უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციებს
  • ფულის გადარიცხვებს
  • პირდაპირ დებეტს
  • ფულადი საშუალებების ადგილზე მიტანის მომსახურებებს

შვილობილი კომპანიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხ. „ბიზნეს სეგმენტები“ – „მიკრო საფინანსო საბანკო მომსახურება“.

თიბისი ბანკმა დააფუძნა სს თიბისი ლიზინგი, რომლის ოფისი ბულაჩაურის ქუჩაზეა თბილისშია განთავსებული, 2004 წლის იანვარში, 0,5 მლნ ლარის ოდენობის ჯამური აქტივებით. თიბისი ლიზინგის სააქციო კაპიტალის 89,5%-ს ამჟამად ფლობს ბანკი, ხოლო დანარჩენს – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). თიბისი ლიზინგის მეშვეობით, ჯგუფი კლიენტებს ლიზინგის სხვადასხვა სახეობებს სთავაზობს:

  • ფინანსური ლიზინგი: თიბისი ლიზინგი იძენს კლიენტისთვის სასურველ აქტივს, როგორიცაა მანქანა-დანადგარები, ტექნიკა თუ აპარატურა, ყიდულობს და აქირავებს მას მომხმარებელზე წინასწარგანსაზღვრული ვადით. იჯარის სრულად გადახდის შემდეგ, მოცემული აქტივის მესაკუთრე მომხმარებელი ხდება. ფინანსური ლიზინგის ვადა, ჩვეულებრივ, 12-დან 60 თვემდეა.
  • უკულიზინგი: თიბისი ლიზინგი იძენს მითითებულ აქტივს თავად მომხმარებელისგან და შემდეგ ამ აქტივს ამავე მომხმარებელზე აქირავებს. კლიენტი განაგრძობს აქტივით სარგებლობას და იჯარის სრულად გადახდის შემდეგ მოცემული აქტივი კვლავ მისი საკუთრება ხდება. უკულიზინგის ვადა, ჩვეულებრივ, 12-დან 60 თვემდეა და ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია უკვე ფლობს სასურველ დანადგარს/ტექნიკას, მაგრამ მასში ინვეტირებული თანხების გამოთავისუფლება სურს.
  • საოპერაციო ლიზინგი: გულისხმობს მანქანა-დანადგარების, ტექნიკის თუ სხვა ძირითადი საშუალებების დაფინანსებას ფინანსური ლიზინგის მსგავსი პირობებით, თუმცა სალიზინგო ვადის ამოწურვის შემდეგ კლიენტს ეძლევა საშუალება აირჩიოს რამდენიმე ალტერნატივიდან ერთი: 1) გაახანგრძლივოს ლიზინგის ვადა, 2) გამოისყიდოს აქტივი და დაასრულოს კონტრაქტი ან 3) გაცვალოს არსებული აქტივი განახლებულზე და განაგრძოს გადახდა. მსგავსი მომსახურებით სარგებლობა მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც მხოლოდ მცირე ხნით ესაჭიროება ესა თუ ის ტექნიკა (მაგალითად, ტექნიკა მოკლევადიანი სამშენებლო კონტრაქტებისთვის) ან სურთ მუდმივად განაახლონ თავიანთი აქტივი (მაგალითად, მსუბუქი ავტომობილი).

„თიბისი ლიზინგი“ ემსახურება ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც შესაფერისი ისტორია, ფინანსური მდგომარეობა და სამომავლო გათვლები აქვს. „თიბისი ლიზინგის“ პორტფელი დივერსიფიცირებულია და ფარავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა, მომსახურება და სხვა.

2014 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, თიბისი ლიზინგი მართავს 450-მდე იურიდიული პირისგან შემდგარ 58 მილიონი ლარის ოდენობის პორტფელს და ამგვარად, ფლობს სალიზინგო ბაზრის 67%-ს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ქ-ნი ნანა მიქაშავიძე.

კომპანიის საკრედიტო პოლიტიკით შეზღუდულია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ხორციელდება კანონის დარღვევით ან/და შეიცავს ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ასევე, ისეთი კომპანიების დაფინანსება, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკებით, ეკოლოგიური გარემოს გაუარესების გამომწვევი პროდუქციით ვაჭრობასთან ან წარმოებასთან; ასევე, პროსტიტუციასთან, ფინანსურ სპეკულაციებთან ან აზარტულ სათამაშო ბიზნესთან.

გარემოსთვის ზიანის მომტანი პროექტების ფინანსირება თიბისი ლიზინგისთვის ასევე შეზღუდულია მისი კრედიტორების მიერ, მათთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე.

თიბისი ლიზინგი დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე კომპანიების დაფინანსებას, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. დასაქმებულთა (მათ შორის, დასაქმებული ქალების) რაოდენობის ზრდა, ადგილობრივ ბაზარზე (მათ შორის, მცირე მეწარმეებისგან) ნედლეულის შეძენა, პროდუქციის ექსპორტზე გატანის გეგმები - ის უპირატესი მაჩვენებლებია, რომელსაც „თიბისი ლიზინგი“ პროექტის განხილვისას ყურადღებას აქცევს.[6]

კავკასიის რეგიონში თიბისი ბანკის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, თიბისი ბანკმა 2007 წლის ბოლოს შეიძინა თიბისი კრედიტის სააქციო კაპიტალის 75,0%. კომპანია მანამდე ცნობილი იყო SOA Kredit სახელმწოდებით, როგორც არა-საბანკო საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობდა მიკრო და მცირე და საშუალო ბიზნესის საფინანსო მომსახურეობების ბაზარზე აზერბაიჯანში.

თიბისი კრედიტს დიდი გამოცდილება გააჩნია მიკრო და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სფეროში, ასევე, სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებში. იგი აზერბაიჯანში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთ უმთავრეს კრედიტორად იქცა, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 41,4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის პორტფელით. 2013 წელს, მიკრო და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებამ თიბისი კრედიტის სესხის პორტფელის 48,8% შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო და იპოთეკურმა სესხებმა შესაბამისად 34,9% და 16,3%.[7]

თიბისი ინვესტი, დაარსდა რა 2011 წელს, სს თიბისი ბანკის სრულ მფლობელობაში არსებულ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. იგი საქმიანობას ისრაელის ბაზარზე აწარმოებს და ასრულებს შუამავლის როლს ისრაელის კლიენტებსა და თიბისი ბანკს შორის. თიბისი ბანკის მიზანს წარმოადგენს გაზარდოს არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტები. დაარსებიდან დღემდე უკვე გაიხსნა თითქმის 563 კლიენტის ანგარიში.[8]

თიბისი ბანკი ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოში, საკუთარი 59 და შვილობილი ბანკი კონსტანტას 56 ფილიალით.

თიბისი ბანკის ფილიალები სრულ შესაბამისობაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასა და თანამედროვე სტანდატებთან. ფილიალების უმრავლესობას 24-საათიანი ზონები აქვს, სადაც კლიენტებს ტრანზაქციების განხორციელება 24/7 რეჟიმში შეუძლიათ გადახდის ტერმინალების, ბანკომატების და სპეციალიზებული კომპიუტერების მეშვეობით, რომლებიც ინტერნეტ-ბანკში წვდომას უზრუნველყოფენ.

ბანკმა 2007 წელს რებრენდინგისა და ფილიალების რედიზაინის უაღრესად წარმატებული კამპანია წამოიწყო, რომლის დროსაც ყველა ფილიალის დიზაინი შეიცვალა. თიბისი ბანკმა ამ პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მიმართა მსოფლიოში წამყვან მარკეტინგულ კომპანიას BBDO-ს და საკონსულტაციო ფირმას SENTEO-ს. ამ ახალი ინიციატივის შედეგად, თიბისი ბანკმა, ქართულ ბაზარზე პირველად, ფილიალების დიზაინის ერთიანი პოლიტიკა დანერგა. ბანკის მიდგომა კომპანიის ბრენდის იმიჯის მკაცრი კონტროლის მიმართ უნიკალურია, რაც კარგად არის ასახული მის თითოეულ ფილიალზე.[9]

თიბისი ბანკის მთელ ქსელს ერთნაირი იერი და სახე, დიზაინი და მომსახურება აქვს. თითოეულ ფილიალს მინის ფართე შესასვლელი და კარგად დაგეგმილი განლაგება აქვს, რაც დადებით გარემოს ქმნის და სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურეობებთან გაზრდილ წვდომას უზრუნველყოფს. ფილიალები აღჭურვილია ფულის გადარიცხვისა და ტრანზაქციების ზონებით, დისტანციური და ინტერნეტ-ბანკინგის აპარატურით, გაყიდვების ზონებით – როგორიცაა სწრაფი გაყიდვების, ნელი/კომფორტული გაყიდვების და სტატუს-ბანკის ოთახებით კერძო ბანკინგისა და მნიშვნელოვანი კლიენტებისთვის.

ფილიალების დიზაინის კამპანიამ დიდი წვლილი შეიტანა ბანკის განვითარებაში, რაც ამ პროექტის წარმატებას ადასტურებს. სესხები და ანაბრები მკვეთრად გაიზარდა პროექტის გაშვების შემდეგ. 2007 წელს, კლიენტთა დეპოზიტები 41,2%-ით გაიზარდა 552 მილიონი ლარიდან 780 მილიონამდე, ხოლო წმინდა სესხები – 91,9%-ით, 590 მილიონი ლარიდან 1,128 მილიონამდე.

კორპორატიული მართვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის კორპორატიული მართვის ორგანოებია აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო. თითოეული ორგანოს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობები სრულდება საქართველოს კანონმდებლობისა და ბანკის წესდების შესაბამისად. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (თითოეული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის აქციონერი ასახელებს თავის კანდიდატს), რომელიც შემდეგ აკონტროლებს და ნიშნავს დირექტორთა საბჭოს – ყოველდღიურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოს - წევრებს.

სამეთვალყურეო საბჭო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

სახელი, გვარი თანამდებობა დანიშვნის წელი
დავით ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 1998
ერიკ ჯეი რაჯენდრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (IFC-ის მიერ ნომინირებული) 2010
ირინა შმიდტი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (DEG-ის მიერ ნომინირებული) 2012
ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (დამოუკიდებელი წევრი) 2013
ნიკოლას ჰააგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (დამოუკიდებელი წევრი) 2013
ემილი გრუტი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (FMO-ს მიერ ნომინირებული) 2009

თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები:

სახელი, გვარი თანამდებობა დანიშვნის წელი
ვახტანგ ბუცხრიკიძე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი აღმასრულებელი დირექტორი 1995
პაატა ღაძაძე აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე 1996
გიორგი შაგიძე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მთავარი ფინანსური დირექტორი 2010
ვანო ბალიაშვილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ოპერაციების დირექტორი 2002
არჩილ მამათელაშვილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რისკების მართვის დირექტორი 2013
მარიამ მეღვინეთუხუცესი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კორპორატიული საბანკო მომსახურეობება 2009
ნინო მასურაშვილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, საცალო და მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობება 2006

აქციონერთა სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის აქციონერთა რიგებში არიან ცნობილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

ორი დამფუძნებელი აქციონერი 26,7%
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 19,8%
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) 19,8%
გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია (DEG) 11,3%
JP Morgan 5,0%
Ashmore 4,2%
ჰოლანდიის განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) 5,3%
მენეჯმენტი და სხვები 8,0%

სოციალური პასუხისმგებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსების დღიდან თიბისი ბანკმა მიზნად დაისახა საკუთარი წვლილის შეტანა ხალხის საყოველთაო კეთილდღეობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი ბანკი არის მრავალი კულტურული და სოციალური პროექტის ინიციატორი და დამფინანსებელი.

ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ფარგლებში, თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებული იქნა თიბისი ფონდი [10], რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში 2008 წელს მომხდარი რუსეთ საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას. ბანკმა თიბისი ფონდი დააფუძნა 5 მლნ ლარით და, მალევე, დამატებით კიდევ 3 მლნ ლარი მოიზიდა მისი პროგრამებისთვის. ამჟამად, თიბისი ფონდი ყველაზე ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტია, რომელიც ქართული კერძო სექტორის მიერაა განხორციელებული. მისი ძირითადი მიზანია ლტოლვილი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება და შესაძლებლობების შექმნა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა თაობებისთვის.[11]

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ბანკის მიზნებს შორისაა საქართველოს ისტორიის, ეროვნული ფასეულობების დაცვა, ხელოვნებასა და კულტურაში მოღვაწეთათვის შესაძლებლობების შექმნა და ნათელი მომავლის უზრუნველყოფის ხელშეწყობა ქართველი ლტოლვილებისთვის. ბანკი მიზნად ისახავს ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებას სარგებელს მოუტანს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში.

2011 წლის განმავლობაში, თიბისი ბანკმა სულ 1,0 მლნ ლარი დახარჯა შემდეგ პროექტებზე:

  • ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების აღდგენა;
  • საქართველის მაღალმთიან რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • ლტოლვილების მხარდაჭერა (თიბისი ფონდი).

თიბისი ბანკი, 2003 წლიდან, არის ყოველწლიური ლიტერატურული კონსურსის – საბას - თანა-დამფუძნებელი, რომლის მიზანია საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრის დაჯილდოება. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ღონისძიებას საქართველოში.

2012 წლის დეკემბერში, ბანკი მისი 20 წლის იუბილეს იზეიმა.[12] ამ ზეიმისათვის თიბისი ბანკმა წამოიწყო ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტის 20/12 განხორციელება. ეს არის საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე ინოვაციური, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ინტერნეტ-ტელევიზია იქნა გაშვებული. პროექტის მიზანია ხელოვნების განვითარება ქვეყანაში, ახალგაზრდა მხატვრებისათვის დახმარების გაწევა საკუთარი თავის გამოხატვაში მათი ვიდეობისა და სტატიების გამოქვეყნების მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთარ შემოქმედებით ნამუშევრებს ეხება. გარდა ამისა, 20/12 პროექტი შესაძლებლობას უქმნის ახალგაზრდა პროდიუსერებს საკუთარი სცენარების დაწერასა და გამოჩენილ ქართველ პროდიუსერებთან ერთად კინოფილმების გადაღებაში, საიტის TBC ARTAREA მხარდაჭერით.[13]

მარკეტინგული კამპანიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის მრავალფეროვანი პროდუქტების პოზიციონირებას უზრუნველყოფს ბანკის მარკეტინგული ჯგუფი. ბანკის მარკეტინგული და საკომუნიკაციო შესაძლებლობები განაპირობებს საუკეთესო შედეგების მიღწევას სწრაფი ტემპით განვითარებად, ჰიპერ-კონკურენტულ ბაზრებზე. 2011 წლის პირველ კვარტალში თიბისი ბანკმა წამოიწყო ანაბრების ინოვაციური კამპანია, რომელმაც ხალხის უდიდესი დაინტერესება გაოიწვია. შედეგად, თიბისი ბანკის მეანაბრეთა რიცხვი 30%-ით, ხოლო ანაბრების ოდენობა 26 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. იდეა ასეთი იყო: მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ 10,000 აშშ დოლარის მოძებნაში, რომელიც დედაქალაქის – თბილისის რომელიღაც წერტილში იყო დამალული. მონაწილე, რომელიც პირველი გაშიფრავდა ქალაქში მიმოფანტულ მინიშნებებს და მოძებნიდა დამალულ ფულს, მოიგებდა პრიზს.

ამ კამპანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე საუკეთესო ინტეგრირებული სარეკლამო კამპანიისთვის. კამპანია, ასევე, წარდგენილი იქნა კანის ლომების ფესტივალზე და ძალიან დადებითი გამოხმაურება მიიღო.[14]

ანაბრების კამპანიის მეორე ნაწილი წამოწყებული იქნა 2012 წლის თებერვალში და გაგრძელდება წლის ბოლომდე. ამ კამპანიის ფარგლებში, ყოველი ადამიანი, რომელიც 500 ლარზე მეტ საანაბრე ანგარიშს გახსნის, მიიღებს დამატებით 1%-ს, ხოლო ის, ვინც გაიმარჯვებს სპეციალურ კონკურსში, დამატებით +1%-ს მიიღებს.

წამყვანი პერსონალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც 1992 წელს ბანკი დააფუძნა ბიზნეს პარტნიორთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. მამუკა ხაზარაძე, ასევე, IDS Borjomi Georgia, Borjomi Beverages Co. N.V. დამფუძნებელია, რომლის პრეზიდენტის პოზიცია 2004 წლამდე ეკავა. 1999 – 2002 წლებში იგი საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე იყო. 2004 წელს მამუკა ხაზარაძემ საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია დააფუძნა და დღემდე მისი პრეზიდენტია.

ბადრი ჯაფარიძე, ბანკის ერთ-ერთი თანა-დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა. ბატონმა ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა 1982 წელს (სადაც ლექტორად მუშაობდა 1985 – 1995 წლებში) და აღმასრულებელი კურსი გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში. 1992 წელს, ბადრი ჯაფარიძე თიბისი-ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო 1993 წელს – თიბისის ვიცე-პრეზიდენტად. 1995 წელს ბატონი ჯაფარიძე არჩეული იქნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში და 1996 წლიდან მისი ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2004 წლიდან, იგი, ასევე, არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, 2006 წელს, არჩეულ იქნა ეგ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოში.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის წინაშე უშუალოდ ანგარიშვალდებულია ვახტანგ ბუცხრიკიძე, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბანკში მუშაობა 1993 წელს დაიწყო საკრედიტო განყოფილების უფროს მენეჯერად, ხოლო 1994 წელს არჩეული იქნა გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1995 წელს გენერალურ დირექტორად. 1998 წლიდან იგი ბანკის რიგ კომიტეტებს ხელმძღვანელობდა. ვახტანგ ბუცხრიკიძე, ასევე, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯილდო ჯილდოს კატეგორია
2013
Global Finance
Global Finance
EMEA Finance Europe Banking Awards
Best Foreign Exchange Provider in Georgia 2013
Best Bank in Georgia 2013
Best Bank in Georgia 2012
2012
Global Finance [15]
Global Finance[16]
Global Finance

EMEA Finance
Euromoney[17]
Best Bank 2012
Best Consumer Internet Bank in Georgia 2012
Best Integrated Consumer Bank Site in Central and Eastern Europe 2012
Best Bank in Georgia 2011
Best Bank in Georgia 2012
2011
Euromoney
The Banker
Deutsche Bank
Deutsche Bank
Best Bank in Georgia 2011
Bank of the Year 2011
2011 EUR STP Excellence Award
2011 USD STP Excellence Award
2010
The Banker
Deutsche Bank
Certificate for Quality
Commerzbank
Bank of the Year 2010
2010 USD STP Excellence Award
ISO 9001:2000
Trade Finance Award
2009
Deutsche Bank
EBRD
2009 USD STP Excellence Award
Most Active Issuing Bank in Georgia
2008
Deutsche Bank 2008 USD STP Excellence Award
2007
Global Finance
Deutsche Bank
B.I.D Awards
Best Bank 2007
2007 USD STP Excellence Award
International Gold Star for Quality Awards
2006
Global Finance
Deutsche Bank
Citi Group
Best Bank 2006
2006 USD STP Excellence Award
Quality Recognition
2005
The Banker
Global Finance
Bank of the Year 2005
Best Bank 2005
2004
The Banker Bank of the Year 2004
2003
The Banker Bank of the Year 2003
2002
The Banker Bank of the Year 2002
2001
IQNet
Certified Management System
  1. Q4 2013 and FY 2013 Investor Presentation
  2. 2.0 2.1 TBC Bank — Quarterly Presentations
  3. თიბისი ბანკი
  4. TBC Bank says last year’s figures unprecedented high. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 2012-10-09.
  5. ბანკი კონსტანტა
  6. თიბისი ლიზინგი
  7. თიბისი კრედიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19. ციტირების თარიღი: 2012-10-09.
  8. თიბისი ინვესტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2012-10-09.
  9. TBC Bank on SENTEO
  10. თიბისი ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-12.
  11. TBC Investor Relations
  12. თიბისი ბანკის 20 წლის იუბილე[მკვდარი ბმული]
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-22. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
  14. გამარჯვებული სარეკლამო ვიდეო
  15. Global Finance Award goes to TBC Bank[მკვდარი ბმული]
  16. მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლურ ევროპაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-10-12.
  17. TBC Bank Wins Best Bank in Georgia Award 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 2012-10-09.