თეატრი აპოლო
თეატრი აპოლო (ინგლ. Apollo Theater) ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სამუსიკო დარბაზია აშშ-ში, ყველაზე განთქმული კლუბი, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად აფრიკელ-ამერიკელ შემსრულებლებთან ასოცირდება. შეტანილია ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრში. აქ ტარდებოდა საქვეყნოდ ცნობილი სატელევიზიო შოუ-ვარიეტე "Showtime at the Apollo", კონკურსი ახალი ტალანტებისთვის. თეატრი მდებარეობს 125-ე ქუჩის 253W-ში, მანჰეტენზე, კერძოდ ჰარლემში, აშშ-ის ერთ-ერთ ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვან შავკანიანთა უბანში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწესებულება XIX საუკუნის შუა წლებში გახსნა სამოქალაქო ომის ყოფილმა გენერალმა ედვარდ ფერერომ, როგორც საბანკეტო დარბაზი. 1872 წელს არენდის ყავლის გასვლის შემდეგ, შენობა თეატრად გადაკეთდა, რომელიც მომდევნო საუკუნის დასაწყისშივე დაიხურა.
მიუხედავად ამისა, სახელი "Apollo Theater" დარჩა. 1913 ან 1914 წელს ახალი შენობა, არქიტექტორი ჯორჯ კაისტერის პროექტით,[1] გაიხსნა თეატრის ამჟამინდელ ადგილას, როგორც "Hurtig and Seamon's New (Burlesque) Theater" (ჰარტიგ და სიმონის ახალი (ბურლესკის) თეატრი). მას ბურლესკის გამოჩენილი პროდიუსერები ჯულზ ჰარტიგი და ჰარი სიმონი უძღვებოდნენ. თეატრს 30-წლიანი იჯარა ჰქონდა და 1928 წლამდე იმოქმედა, რის შემდეგაც ის ბილ მინსკის ხელთ გადავიდა.[1] ჰარი სალივენისა და ჰარი რასკინის სიმღერა "I May Be Wrong (But I Think You're Wonderful)" (ინგლ. "შეიძლება ვცდები (მაგრამ მგონი შესანიშნავი ხარ)"), დაწერილი 1929 წელს, ახალი თეატრის ჰიმნი გახდა.
კომპანიის "Motion Picture Theater Owners of America" მფლობელმა სიდნი კოენმა აპოლო 1932 წელს შეისყიდა, მინსკის გარდაცვალების შემდეგ.[1] შემდეგ ტრანსფერზე წყაროები არაერთმნიშვნელოვანია. აპოლოს თეატრის ფონდის ცნობით კოენმა იგი 1934 წელს ფრენკ შიფმანსა და ლეო ბრეხერს მიჰყიდა, რომლებმაც თეატრს სახელი "125 Street Apollo"-თი შეუცვალეს და 1934 წლის 26 იანვარს გახსნეს.[2][1] New York Age-ში გამოქვეყნებულ სარეკლამო სტატიაში მას "ჰარლემის ყველაზე დახვეწილ თეატრს" უწოდებენ.
ეს პერიოდი დაემთხვა ჰარლემის რენესანსის დასაწყისს, რაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის სამხრეთ შტატებიდან შავკანიანთა დიდმა მიგრაციამ განაპირობა. შიფმანმა და ბრეხერმა სეზონი გახსნეს "ფერადი რევიუთი" სახელწოდებით "Jazz a la Carte", რალფ კუპერის, ბენი კარტერისა და მისი ორკესტრის და "16 Gorgeous Hot Steppers"-ის მონაწილეობით.[1] მთელი შემოსავალი "ჰარლემის ბავშვთა სუფთა ჰაერის ფონდს" გადაეცა. შიფმანის დაინტერესება შავკანიანთა ტალანტის გამოჩენაში განპირობებული იყო არა მხოლოდ უბნის გაშავკანიანებით, არამედ იმიტომაც, რომ შავკანიანი შემსრულებლების დაქირავება გაცილებით იაფი იყო, რაც შიფმანს ხარისხიანი შოუს ნაკლები დანახარჯებით წარმოდგენის საშუალებას აძლევდა. მრავალი წლის განმავლობაში აპოლო ერთადერთი თეატრი იყო ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც შავკანიანი ტალანტის დაქირავება შეიძლებოდა.[3]
17 წლის ელა ფიცჯერალდის სასიმღერო დებიუტი ამ თეატრში შედგა 1934 წლის 321 ნოემბერს. ფიცჯერალდს საშუალება მიეცა "მოყვარულთა ღამეების" ერთ-ერთ ადრეულ პროგრამაში გამოსულიყო. თავდაპირველად სცენაზე ცეკვას აპირებდა, თუმცა ადგილობრივი მოცეკვავე დუეტი "ედვარდზის დების" შესრულებამ ნაცვლად სიმღერა გადააწყვეტინა, კონი ბოსუელის სტილში. მან ჰოგი კარმაიკლის "Judy" და "The Object of My Affection" შეასრულა (ბოსუელის დების ჩაწერილი სიმღერა) და პირველი პრემია მიიღო, რაც იმჟამად $25-ს შეადგენდა.[4]
აპოლოს გავლენამ და პოპულარობამ მკვეთრად იმატა მეორე მსოფლიო ომისწინა წლებში. 1934 წელს თეატრმა შემოიღო მოყვარულთა ღამეების წარმოდგენები, რომლებსაც რალფ კუპერი უძღვებოდა. ადგილი, "სადაც ვარსკვლავები იბადებიან და ლეგენდები იქმნება", აპოლო განთქმული გახდა ისეთ შემსრულებელთა კარიერების წამოწყებით, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, ბილი ჰოლიდეი, ჯეიმზ ბრაუნი, დაიანა როსი და სუპრიმზი, გლედის ნაიტი და პიპსი, ჯექსონ 5, პეტი ლაბელი, მარვინ გეი, ლუთერ ვანდროსი, სტივი უონდერი, არეტა ფრანკლინი, ბენ კინგი, მერაია კერი, ისლი ბრაზერსი, ლორინ ჰილი და სარა ვოენი. აპოლოში ასევე გამოდიოდნენ ძველი დროის ვოდევილების ფავორიტები: ტიმ მური, სტეპინ ფეტჩიტი, დიუი "პიგმიტ" მარქემი, კლინტონ "დასტი" ფლეტჩერი, ჯონ "სპაიდერ ბრიუს" მეისონი, და ჯონი ლი; ასევე ახალგაზრდა კომედიანტები, მათ შორის გოდფრი კემბრიჯი.
საინტერესო ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომამადე აპოლოს ერთი კურიოზული ჩვეულება იყო ე.წ. "ეგზეკუციონერი", მამაკაცი ცოცხით, რომელიც შემსრულებლებს სცენიდან გვიდა, თუ ხმამაღალი უკმაყოფილო მაყურებლები მათ სცენიდან გაგდებას მოითხოვდნენ.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეატრის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2005-02-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 თეატრი აპოლოს ფონდის პრეს-რელიზი: "აპოლოს 75 წლისთავი: მიღწევები თეატრი აპოლოს ისტორიაში", 27 იანვარი, 2009
- ↑ იხილეთ ფოტოკოლაჟი, მეხუთე ფოტო ზემოდან -> TakeGreatPictures.com: "თეატრი აპოლოს ისტორიული ფოტოები" დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ფოქსი, ტედ (1983). Showtime at the Apollo, მე-2 გამოც., New York, N.Y.: Holt, Rinehart and Winston, გვ. 60, 61. ISBN 0-03-060534-2-0 Invalid ISBN.
- ↑ ჯიმ მორე (1996-06-15). „'სიმღერის პირველი ლედი' მშვიდად გარდაიცვალა, საკუთარი ოჯახის გარემოცვაში“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-29. ციტირების თარიღი: 2007-01-30.
- ↑ ჰოლოუეი, ლინეტ (1992-08-07). „Show Time for Sad Time at Apollo“. ნიუ-იორკ ტაიმზი.