თავკავთის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავკავთის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის სამხრეთით 7-8 კილომეტრში, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე. თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთ ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კედელში ააშენეს წმინდა გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან — კავთურის ხეობიდან. მდინარე კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი, ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.

ციხე-გალავანი (70 X 25 მ) განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება, მას თითქმის მთელი კონცხი უჭირავს, მიჰყვება კლდის რელიეფს და უსწორმასწორო ფორმისაა, წაგრძელებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ნაგებია სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვიშაქვით, რაც ციკლოპური წყობის შთაბეჭდილებას ტოვებს. წყობაში ზოგან ჩართულია ნატეხი ქვიშაქვის ქვა და აგური.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესიის სამშენებლო ბაქანი შექმნილია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით რელიეფის შესაბამისად ამოშენებული მაღალი საყრდენი კედლებით, რომლებიც მომრგვალებული კონტრფორსებითაა გამაგრებული. ეკლესია სამხრეთიდან შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რომელშიც კვადრატული გეგმის კარიბჭე იყო ჩართული. ეკლესია მოგვიანებით (XIV–XV სს.) შეუკეთებიათ და ძლიერ შეცვლილი აქვს სახე: დადაბლებულია შიდა სივრცე, აგურის წყობითაა განახლებული კედლების უმეტესი ნაწილი, კამარა, საბჯენი თაღები და კონქი.

თავკავთის კომპლექსს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხევლის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი. მოხატულობა მიეკუთვნება XIV–XV საუკუნეებს. აფსიდის შუა წელზე გაირჩევა მთელი ტანით გამოსახული წმინდანთა სილუეტები. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ეკლესიის მამები. საკურთხევლის სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით წმინდანთა ორ-ორი ფიგურაა შემონახული; ცენტრისკენ სამი მეოთხედით შებრუნებულ წმინდანებს ხელში გაშლილი გრაგნილები უჭირავთ. ამავე რიგის სამხრეთ ნაწილში, ნიშის თავზე ანგელოზის წელზედა გამოსახულებაა, სარკმლის წირთხლებზე — მთავარანგელოზთა ორ-ორი ფიგურა, სარკმლის ქვემოთ — ხატი მანდილისაი. ამ კომპოზიციაში მაცხოვრის შარავანდს შემოვლებული აქვს ორრიგად განლაგებული ყავისფერი წერტილები. ყველა გამოსახულებას თან ახლავს ასომთავრული წარწერა. მოხატულობა დასრულებულია ჭადრაკისებრი ორნამენტული ზოლით. კოლორიტში ჭარბობს ოქროსფერი ოქრა, მუქი მოწითალო-ყავიდფერი, თეთრი, წითელი ფერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]