ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა
„ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა“ | |
---|---|
ოფიციალური პოსტერი | |
რეჟისორი | ზაკ სნაიდერი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | კრის ტერიო |
ეფუძნება | DC Comics-ის პერსონაჟები |
ისტორია |
|
როლებში | |
კომპოზიტორი | ტომ ჰოლკენბორგი (Junkie XL) |
ოპერატორი | ფაბიან ვაგნერი |
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | HBO Max |
გამოსვლის თარიღი | 18 მარტი, 2021 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 242 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 70 მილიონი აშშ დოლარი |
„ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა“ (ინგლ. Zack Snyder's Justice League[1],[1] ასევე Snyder Cut) ― 2021 წლის სუპერგმირული ფილმი, 2017 წლის ამერიკული ფილმის, „სამართლიანობის ლიგის“ რეჟისორული ვერსია. იგი ეფუძნება DC Comics-ის იმავე სახელწოდების სუპერგმირების გუნდს და წარმოადგენს ზემოხსენებული ფილმის იმ ვერსიას, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდა რეჟისორ ზაკ სნაიდერს, ვიდრე პროექტს დატოვებდა. თეატრალური ვერსიის მსგავსად, „ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა“ შეეხება სუპერგმირების გუნდს, რომელშიც შედის ბეტმენი (ბენ აფლეკი), სუპერმენი (ჰენრი კევილი), ქალი-საოცრება (გალ გადოტი), საიბორგი (რეი ფიშერი), აკვამენი (ჯეისონ მომოა) და ფლეში (ეზრა მილერი) და მათ მცდელობას, გადაარჩინონ მსოფლიო კატასტროფული საფრთხისგან, რომელიც მას დარქსაიდის (რეი პორტერი), სტეპენვულფის (კიარან ჰინდსი) და მათი პარადემონების არმიისგან ემუქრება.
„სამართლიანობის ლიგა“, Warner Bros.-მა 2017 წელს გამოუშვა. მისი წარმოება რთული პროცესი იყო. სცენარმა არაერთი ცვლილება განიცადა 2016-2017 წლებში. 2017 წლის მაისში, პოსტ-პროდუქციის დროს სნაიდერმა პროექტი დატოვა, რისი მიზეზიც მისი ქალიშვილის გარდაცვალება იყო. ფილმის დასამთავრებლად ჯოს უიდონი დაიქირავეს, თუმცა იგი ფილმის კრედიტებში რეჟისორად მოხსენიებული არაა. უიდონმა რამდენიმე ახალი სცენა გადაიღო და განახორციელა სხვა ცვლილებებიც. ფილმის ტონი უფრო ნათელი გახდა, მასში შევიდა მეტი იუმორი, ხოლო ხანგრძლივობა, მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნით, მკვეთრად შემცირდა. ფილმის თეატრალურმა ვერსიამ კრიტიკოსთა არასახარბიელო გამოხმაურება გამოიწვია და ფინანსური კრახი აღმოჩნდა, რის შედეგადაც Warner Bros.-მა შეცვალა DC-ს გაფართოებული სამყაროს მიმართულება და ინდივიდუალური ფილმების წარმოებაზე ორიენტირდა.
ფილმის რთული საწარმოო პროცესის და სნაიდერის წამოსვლამდე მისი მდგომარეობის შესახებ დეტალების გავრცელებასთან ერთად ბევრმა ფანმა გამოთქვა ინტერესი სნაიდერის ხედვასთან უფრო შესაბამისი ვერსიის ნახვაზე. ფანებთან ერთად ფილმის მსახიობებმაც წამოიწყეს პეტიციები ამ ვერსიის გამოშვების მოთხოვნით, რომელსაც Snyder Cut („სნაიდერის ვერსია“) შეარქვეს. ამ დროისათვის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა მოთხოვნის განხორციელება ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნიეს. მიუხედავად ამისა, 2020 წლის თებერვალში Warner Bros.-მა გადაწყვეტილება შეცვალა, ხოლო მაისში სნაიდერმა გამოაცხადა, რომ ფილმის თავდაპირველი ვერსია გამოვიდოდა სტრიმინგ პლატფორმაზე HBO Max, სახელწოდებით „ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა“ (Zack Snyder's Justice League). დამატებითი ვიზუალური ეფექტები, საუნდტრეკი და მონტაჟი $70 მილიონი დაჯდა, 2020 წლის ოქტომბერში კი ახალი სცენებიც გადაიღეს. თავდაპირველი გეგმით, ნამუშევარი სატელევიზიო მინისერიალის, ხოლო შემდეგ, სრულმეტრაჟიანი, ოთხსაათიანი ფილმის სახით უნდა გამოსულიყო, თუმცა, მინისერიალის გეგმაზე 2021 წლის იანვარში კომპანიამ უარი თქვა. ფილმი სნაიდერის ქალიშვილის, ოტემის ხსოვნას ეძღვნება.
„ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა“ HBO Max-ის სტრიმინგ პლატფორმაზე 2021 წლის 18 მარტს გამოვიდა. კრიტიკოსების უმეტესობამ იგი 2017 წლის ვერსიასთან შედარებით წინსვლად მიიჩნია. ქება დაიმსახურა სნაიდერის რეჟისურამ და პერსონაჟებმა, თუმცა, ხანგრძლივობა კრიტიკის საგანი გახდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილმი HBO Max-ზე
- „ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა DC Universe Infinite-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Kit, Borys. (October 21, 2020) Jared Leto to Play Joker in Zack Snyder's 'Justice League' (Exclusive). ციტირების თარიღი: October 21, 2020
|