გაძევება
გაძევება — სისხლისსმართლებრივი სასჯელის სახე, რომელიც გულისხმობს დამნაშავის განდევნას სახელმწიფოს ტერიტორიიდან.
ძველ საბერძნეთში გაძევებას მკვლელების დასასჯელად იყენებდნენ, თუმცა ხშირად მიმართავდნენ, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმასაც. ძველ რომში გაძევება (exsilium) წარმოიშვა, როგორც სასიკვდილო განაჩენის გვერდის ავლის გზა. განაჩენის გამოცხადებამდე რომის მოქალაქეს შეეძლო მისი თავიდან აცილება ნებაყოფილობითი გადასახლების, თვითდაკისრებული გაძევების გზით. მოგვიანებით შემოიღეს გაძევების სხვადასხვა ხარისხი: დროებითი ან მუდმივი, მოქალაქეობის შენარჩუნებით ან ჩამორთმევით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე. რომაულ სამართალში გაძევება, ჩვეულებრივ, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებს შეეხებოდა, სხვებს კი ძირითადად იძულებითი შრომით სჯიდნენ.
გაძევება სასჯელის ხშირი ფორმა იყო მომდევნო საუკუნეებშიც. იძულებითი გადასახლების ადგილებად ხშირად იყენებდნენ მეტროპოლიის შორეულ რეგიონებს ან კოლონიებს (მაგ., დიდი ბრიტანეთის კოლონიები ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, საფრანგეთის გვიანა, ციმბირი რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში).
ფეოდალურ საქართველოში გაძევებით უპირატესად სჯიდნენ მკვლელებს ან გამოუსწორებელ პოლიტიკურ დამნაშავეებს. პოლიტიკური მიზეზების გამო დაკისრებულ ამ სასჯელს ბერძნული სახელი „ექსორიაც“ (Εξορία) ეწოდებოდა. ასეთ სასჯელს ჩვეულებრივ ადებდნენ „მინდობით გამოყვანილ”, ანუ მშვიდობიანი მოლაპარაკებით დამორჩილებულ შეთქმულებს, „ვისაც განდგომაში მცირედი მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, აგრეთვე განდგომისა და ღალატის მეორეგზისი განზრახვისა და დაპირებისათვის” (ივ. ჯავახიშვილი). გაძევებულს „ექსორიაქმნილიც” ეწოდებოდა. მაგალითად, თამარ მეფემ ხუთი ძმა კახაბერისძენი, რომლებმაც ანტონ ჭყონდიდელის ორი ძმა მოკლეს, ჯერ ციხეში დაამწყვდევინა, ხოლო შემდეგ „მაკედონიასა საბერძნეთისასა“ გააძევა. დავით VI ნარინმა მოღალატე ფეოდალის „ორნი შვილნი... მისცნა ექსორიობად, კონსტანტინეპოლისს წარგზავნნა“. ჩვეულებითი სამართლის თანახმად, მძიმე დანაშაულის ჩამდენთა მიმართ იყენებდნენ თემის ფარგლებიდან გაძევებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).
- ნადარეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
- ფუტკარაძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაძევება — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)