დიდი ტბების ქვაბული
დიდი ტბების ქვაბული (მონღ. Их нууруудын хотгор; რუს. Котловина Больших Озёр) — ფართო ტექტონიკური დადაბლება მონღოლეთსა და რუსეთში. განლაგებულია მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, ხოლო ჩრდილოეთი კიდე რუსეთის ტუვის ტერიტორიაზეა. ვრცელდება მონღოლეთის ალთაის, ხანგაისა და ტანუ-ოლის ქედებს შორის. ფართობი 100 ათ. კმ²-ზე მეტი. რელიეფში ჭარბობს დამრეცად დახრილი ღორღნარი და თიხოვანი ვაკეები, წვრილგორაკების მონკვეთების, იზოლირებული გრანიტული მოწმეებისა და მასივების მონაცვლეობით. სიმაღლე 750-800 მ-იდან 1500-2000 მ-მდე.
დიდი ტბების ქვაბულში განლაგებულია მრავალრიცხოვანი ტბები, რომელთაგან უდიდესია უბსუ-ნური, ხირგის-ნური, ხოიდ-დალაი-ნური და ხარა-ნური. აგებულია უმეტესწილად ალუვიური, ტბიური და ეოლური დანალექებით. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. ჰაერის ტემპერატურა ირყევა –50°C-იდან 35°C-მდე. ნალექების რაოდენობა 100-150 მმ, მთებში და ჩრდილოეთით წელიწადში 350 მმ ნალექი მოდის. ძირითადი მდინარეებია კობდო, ზაბხანი და ტესიინ-გოლი. დიდი ფართობი უკავია მლაშობებს, ქვიშის მასივებს, მშრალ კალაპოტებს. ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებულია ბარხანულ-სერებიანი ქვიშები, რომლებიც წარმოქმნილია მდინარეთა ალუვიურ-დელტური ნატანის ეოლური გადამუშავების შედეგად.
ცენტრალურ რაიონში გვხვდება ნახევარბუჩქნარი მლაშობურა უდაბნოები, რომლებიც პერიფერიებზე იცვლება გაუდაბნოებული სტეპებითა და ნახევარუდაბნოებით (ვაციწვერა, ასფურცელა, ავშანი და სხვა). მდინარეთა ხეობების გასწვრივ ადგილ-ადგილ არყისა და ვერხვის კორომებია, ტბების სანაპიროებზე — ლერწმის რაყები. განვითარებულია მეცხოველეობა და ოაზისური მიწათმოქმედება. ქვაბულზე გადის დასავლეთ და შუა ციმბირის წყლის ფრინველთა მიგრაციის ცენტრალური აზიის გზა. აგრეთვე ქვაბულის ტერიტორიაზე გვხვდება რამდენიმე გლობალურად იშვიათი სახეობა, მათ შორის ირბისი და ალთაის მთის ცხვარი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი ტბების ქვაბული — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)