დეპო
დეპო (ფრანგ. depot, სიტყვასიტყვით — საწყობი, საცავი) — საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი შედგენილობის (ვაგონები, ლოკომოტივები, რკინიგზისა და მეტროპოლიტენის მოტორვაგონიანი სექციები, ტრამვაები და სხვა) ექსპლუატაციასა და რემონტს. მოძრავი შედგენილობის ტიპის მიხედვით დეპო შეიძლება იყოს სპეციალიზებული (ლოკომოტივების, ვაგონებისა და სხვა) და შერეული (ელმავლების, თბომავლების, მოტორვაგონიანი მატარებლების და სხვა). დეპოს ტერიტორიაზე განლაგებულია ტექნოლოგიის, ენერგეტიკის მოწყობილობებით და ამწესატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვილი საწარმოო შენობები, საწყობები, ლიანდაგები და დამხმარე მოწყობილობები.
- ლოკომოტივის დეპო არის ძირითადი და საბრუნი. ძირითადი დეპო ემსახურება სალოკომოტივო პარკს, რომელსაც გეგმის შესაბამისად აკონტროლებს, აგრეთვე არემონტებს მოძრავ შედგენილობას. საბრუნი დეპოს დანიშნულებაა ლოკომოტივების გამოწყობა (ეკიპირება), მათი დათვალიერება და უწესრიგების აცილება.
- მეტროპოლიტენის დეპოში არის ლიანდაგები მოძრავი შედგენილობის თავშესაფრად და ყველა სახის რემონტის ჩასატარებლად (ძირითადი დეპო), დასათვალიერებლად და სხვა ოპერაციების ჩასატარებლად (საბრუნი დეპო). მეტროპოლიტენის ყოველ ხაზს საკუთარი დეპო აქვს. ტრამვაისა და ტროლეიბუსების დეპოებს აგრეთვე აქვთ დიდი სადგომი პარკები, სადაც ტრამვაის ვაგონებსა და ტროლეიბუსებს არემონტებენ. დეპოებს აშენებენ ტიპობრივი პროექტებით.
საქართველოში რკინიგზის მომსახურებისათვის საჭირო პირველი ნაგებობები გაჩნდა XIX საუკუნის II ნახევარში. პირველი საორთქლმავლო დეპო დაარსდა ფოთი–თბილისის სარკინიგზო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით სამტრედიაში 1872 წელს. შემდგომში საორთქლმავლო დეპოები აშენდა თბილისში, ხაშურში, შორაპანსა და ბათუმში. საქართველოში (და ყოფილ სსრ კავშირში) პირველი საელმავლო დეპო აიგო ხაშურში 1932 წელს, რაც უკავშირდებოდა ხაშური–ზესტაფონის უბანზე მაგისტრალური ელექტროფიცირებული ხაზის გახსნას. მოგვიანებით სალოკომოტივო დეპოები გაიხსნა სხვა ქალაქებშიც.
2010 წლის მდგომარეობით საქართველოს რკინიგზას ემსახურებოდა 8 სალოკომოტივო დეპო (თბილისის, თბილის-მახარისხებლის, ქუთაისის, სამტრედიის, ბათუმის, სოხუმის [ოფიციალურად შეჩერებულია მუშაობა აფხაზეთის კონფლიქტის გამო], ხაშურისა და გურჯაანის) და სხვადასხვა ტიპის ვაგონების შეკეთებაზე სპეციალიზებული 4 სავაგონო დეპო (ბათუმის [1886], ხაშურის [1934], სამტრედიის [1934] და თბილისის [1964]). 1904 წელს თბილისში გაიხსნა ტრამვაის, ხოლო 1937 წელს — ტროლეიბუსების დეპოები. 2006 წლის ბოლოს თბილისში არსებული ტრამვაისა და ტროლეიბუსების დეპოები ქალაქის მერიის დადგენილებით დაიხურა. ასევე გაუქმდა საქართველოს სხვა ქალაქებში (გორში, რუსთავში, ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, საჩხერეში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და სხვ.) არსებული ტროლეიბუსების დეპები. თბილისის მეტროპოლიტენს აქვს ორი დეპო: „ნაძალადევი“ (1965) და „გლდანი“ (1985). პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე — ახმეტელი-ვარკეთილის ხაზს. პირველი სახანძრო დეპო დაარსდა თბილისში 1825 წელს. 2010 წელს საქართველოში მუშაობდა 104 სახანძრო დეპო, მათგან 18 — თბილისში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 473.
- სანიკიძე ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.