დავით ართმელაძე
დავით ართმელაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1865 |
დაბადების ადგილი | ქვიანი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1938[1] |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები |
პირველი მსოფლიო ომი რუსეთ-საქართველოს ომი |
ჯილდოები |
დავით ადამის ძე ართმელაძე (დ. 1 თებერვალი, 1865, ქვიანი, ოზურგეთის მაზრა — 1938) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, ოთხი ორდენის კავალერი და საბრძოლო დიდების ხმლის მფლობელი. რევოლუციის შემდეგ მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წელს, სოფელ ქვიანში, გურული აზნაურის, ადამ ართმელაძის ოჯახში. ჰყავა ძმა — ტიტე ართმელაძე, შემდგომში პოლკოვნიკი და პუბლიცისტი. დავით ართმელაძემ დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სკოლაში. ართმელაძემ სამხედრო სამსახური დაიწყო 1885 წლის 7 ნოემბერს. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით), რის შემდეგაც გაიგზავნა ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში. 1888 წლის 1 სექტემბერს მიიღო პოდპორუჩიკის წოდება,[2] ხოლო 1892 წლის 1 სექტემბერს გახდა პორუჩიკი; 1900 წლის 6 მაისი — შტაბის კაპიტანი; 1901 წლის 6 მაისი — კაპიტანი; 1908 წელს მან იქორწინა სოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც 1909 წელს ეყოლა ქალიშვილი ნინა, ხოლო 1911 წელს — ვაჟი ილია (შემდგომში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი სსრკ მინისტრთა საბჭოში).
პირველი მსოფლიო ომის წინ პოდპოლკოვნიკია. ომის დროს გადაყვანილ იქნა 23-ე თურქესტანის ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. 1915 წლის 19 ივლისს ართმელაძეს მიენიჭა პოლკოვნიკობა.[3] 1917 წლის იანვარში დაინიშნა მე-16 თურქესტანის პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1917 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.[4]
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის აქტიურად ჩაება ქართული არმიის ფორმირებაში.[5] 1918 წლიდან ქართულ არმიაშია. 1920-1921 წლებში სარდლობდა პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილი მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლთა შენაერთებს.[6] 1921 წლის მარტში ართმელაძე 1500 კაციანი მოხალისეთა ჯგუფით შეუერთდა გენერალ მაზნიშვილს და განდევნა თურქები ბათუმიდან.[5] გენერალი მაზნიაშვილი წერს, „მოველაპარაკე გენერლებს წულუკიძესა და ართმელაძეს და ციხის რაიონი გავყავი ორ მებრძოლ უბნად. ნაწილი ქალაქისა, ბარცხანა და კახაბერის ფორტები დავუქვემდებარე გენერალ წულუკიძეს, ხოლო ქალაქის მეორე ნაწილი, სტეფანოვკა და ანარიის ფორტები გენერალ ართმელაძეს“. როგორც თავად მაზნიაშვილი წერდა, ამ ბრძოლაში დაიღუპა მხოლოდ და მხოლოდ 84 ქართველი.[5]
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ართმელაძე და სხვა ქართველი გენერლები მონაწილეობდნენ საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში. ის ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.[5] დაკრძალულია სოფელ ქვიანის ეკლესიის სასაფლაოზე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1906 — წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი
- 1909 — წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი
- 1914 — წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
- 1916 — საბრძოლო დიდების ხმლის
- 1917 — წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 48-49, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით ართმელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ართმელაძე — პროექტი „რუსული არმია დიდ ომში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დავით ართმელაძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.
- ↑ Николай II. (1915). Пехотных полков // Из капитанов в подполковники // Июня 11 дня 1915 года, приказ.
- ↑ Николай II. (1916). Стрелковых полков // Из подполковников в полковники // Мая 31 дня 1916 года, приказ.
- ↑ დავით ადამოვიჩ ართმელიძე. პროექტი „რუსული არმია დიდ ომში“. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 დავით ართმელაძე — დავიწყებული გმირი. Gurianews (28 მარტი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-19. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.
- ↑ დიდი ქართველები - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, გვ. 17. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას ორდენის კავალრები
- დაბადებული 1 თებერვალი
- დაბადებული 1865
- გარდაცვლილი 1938
- ქართველი გენერლები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალრები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები