შინაარსზე გადასვლა

გარეული იხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარეული იხვი

დედალი (მარცხნივ) და მამალი (მარჯვნივ)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
გვარი:  იხვი
სახეობა:  გარეული იხვი
ლათინური სახელი
Anas platyrhynchos (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22680186
გავრცელება

გარეული იხვი[1][2] (ლათ. Anas platyrhynchos) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. შინაური იხვის წინაპარი.

მისი სხეულის სიგრძეა 50–56 სმ, მასა — 1–1,5 კგ. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი; დედალი ფერად მოყავისფროა, შეჯვარების სეზონზე მამალს მწვანე თავი, თეთრი საყელო, მურა-რუხი ზურგი, შავი კუდის ზედა ნაწილი, შოკოლადისებრ-ყავისფერი მკერდი და მორუხო მუცელი აქვს; ფთებს გასდევს კაშკაშა ფერის (თეთრი, შავი და ლურჯი) ზოლები. მამალს კუდზე საჭის აპრეხილი ბუმბული აქვს. თითებს შორის აპკი აქვს გადაკრული, რაც ცურვაში ეხმარება. მამლის ნისკარტი ყვითელია.

ფართოდ გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში (სამხრეთით — მექსიკამდე, ხოლო აღმოსავლეთით — გრენლანდიამდე); ინტროდუცირებულია აფრიკაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში. საქართველოში მობუდარი იხვია,[1] ბინადრობს მცირე რაოდენობით, ზამთრობისას ბევრია.[3] ძირითადად ბინადრობს ტყისა და ტყესტეპის ზონაში, წყალსატევებთან (მტკნარშიც და მარილიანშიც) ახლოს;[4][5] გვხვდება ქალაქის პარკებისა და წყალსატევების მიდამოებშიც.

გამრავლებას 2 წლის ასაკიდან იწყებს. დედალი დებს 7–16 ცალ თეთრ, მომწვანო-ჩალისფერი ელფერის მქონე კვერცხს. ინკუბაცია 28 დღე-ღამე გრძელდება. დედალთა რიცხვის შემცირების შემთხვევაში, მამრები სხვა სახეობის იხვებს ეჯვარებიან. ცოცხლობენ 7–10 წელი.

იკვებება მცენარეებით, უხერხემლოებით; დასახლებულ ადგილებში — ადამიანის მიერ მიცემული საკვებითაც, განსაკუთრებით პურით. საკვებს მოიპოვებს წყალშიც და ხმელეთზეც. წყალში საკვების ძიებისას შეუძლია ჩაყვინთვა, რა დროსაც მთელი ტანით ამოყირავდებიან ხოლმე.

ნადირობის ობიექტია, იყენებენ მის ხორცს.[6] საქართველოს კანონმდებლობით, მასზე ნადირობა 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, დღიური ლიმიტი — 5 ცალი; ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე ყველგან, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, დღიური ლიმიტი — 6 ცალი.[7]

  • ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 17, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.
  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., მებუკე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 289.
  2. mallard — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 559–560.
  4. Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири. — Екатеринбург: Издательство Уральского университета, 2001. — С. 62—63. — 608 с. — ISBN 5-7525-0825-8. (რუსული)
  5. Scott D. A., Rose P. M. Atlas of Anatidae populations in Africa and Western Eurasia. — Wetlands International, 1996. — P. 131—134. — 336 p. — ISBN 1-900442-09-4. (ინგლისური)
  6. ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 27, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.
  7. ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით.